თავში

რა ელის ინვესტიციებს ენერგეტიკის სექტორში

რა ელის ინვესტიციებს ენერგეტიკის სექტორში
რა ელის ინვესტიციებს ენერგეტიკის სექტორში

ნამახვანი ჰესის გარშემო შექმნილი სიტუაცია საქართველოს საინვესტიციო ბაზარზე დიდ პრობლემას შექმნის. როგორც ენერგეტიკოსი გია არაბიძე report.ge-თან განმარტავს, განსაკუთრებით ენერგეტიკის სფერო დაზარალდება, სადაც კაპიტალს არც ერთი სერიოზული ინვესტორი არ დააბანდებს, რაც შემდეგში უკვე დომინოს პრინციპით სხვა დარგებზეც ნეგატიურად იმოქმედებს.

,,ნამახვანი ჰესის მშენებლობა თუ გაჩერდება, ბუნებრივია, ჩვენ საკმაოდ გაგვიჭირდება ინვესტიციების მოზიდვა, სერიოზულ ჩიხში შევალთ. ჩვენთან შემოდის ძირითადად თურქული და კორეული ინვესტიციები, ენერგეტიკული პროექტების დაფინანსებაზე დიდი პრობლემა გველის. არ ვიცი, რა გვეშველება, ბევრს ვაფუჭებთ, ამას შეიძლება სხვა ინვესტიციებიც მიყვეს დომინოს პრინციპით, როდესაც მსოფლიო გაიგებს, რომ არ გვაქვს ენერგეტიკული სიმძლავრეები, დეფიციტში ვართ და პროექტებს ვაჩერებთ, არავის მოუნდება კაპიტალის დაბანდება. ისედაც არასაიმედო მომწოდებლების ხელში ვართ, აზერბაიჯანს თუ არ ჩავთვლით. სავსებით სწორია, რაც თურქეთის ელჩმა განაცხადა. ინდური ინვესტიციაზე ადრე უარი ვთქვით ,,ხუდონჰესის" შეჩერებით და დღესაც სასამართლო პროცესებია. არც თურქი ინვესტორი წავა ისე, რომ არ გვიჩივლოს არბიტრაჟში. ვინც ამას დაინახავს, ყველა მოერიდება ინვესტირებას საქართველოში, ცუდი გზავნილია მსოფლიოსთვის საქართველოს მხრიდან'", - აცხადებს გია არაბიძე. 

ინვესტიციებში მოსალოდნელ პრობლემაზე საუბრობს ეკონომისტი სოსო სიმონიშვილიც, რომლის აზრითაც, ნამახვანი ჰესის შეჩერება სერიოზულად შეგვიქმნის პრობლემას არა მარტო ენერგეტიკულ სექტორში, სხვა დარგებშიც.

,,საქართველოში ისედაც არასტაბილური მდგომარეობაა და მრავალწლიან ინვესტირებას არავინ განახორციელებს, პოტენციურ ინვესტორებსაც ვკარგავთ. ინვესტიციებთან დაკავშირებით ჩემი პოზიცია ცნობილია, უცხოური ინვესტიციების მხრივ ოპტიმიზმით არც ადრე გამოვირჩეოდი, ამიტომ ვთვლი, რომ  აქცენტი შიდა ინვესტიციებზე უნდა გადავიტანოთ. ამაზე მეტად მომგებიანი ქვეყნისთვის არაფერია. ქვეყანას სჭირდება ქმედითი ნაბიჯები, რომ პასუხგაუცემელი კითხვები აღარ დარჩეს უსაფრთხოების, ინსტიტუციების საიმედოობის, მართლმსაჯულების, პოლიტიკური და მმართველობითი ეფექტიანობის მიმართულებით", - ამბობს სოსო სიმონიშვილი report.ge-თან. 

ცნობისთვის, "ნამახვანჰესის" გარშემო განვითარებულ მოვლენებს თურქეთის ელჩი საქართველოში ფატმა ჯერენ იაზგანი ეხმაურება. დიპლომატი პროცესის გამჭვირვალეობის მომხრეა. მისი თქმით, ნამახვანჰესის გარშემო განვითარებული მოვლენებმა გააჩინა კითხვები თურქ ინვესტორნებში, თუ რამდენად ღირს საქართველოში ინვესტირება.

,,მე დღესაც ვხედავ ფეისბუქში ახალ გვერდებს, რომლებიც გიჟურ იდეებს, სპეკულაციებს ავრცელებენ. სწორედ ამიტომ მინდა გითხრათ, რომ არავინ აპირებს მოიპაროს რიონის წყალი თურქეთისთვის, ეს საქართველოს ბუნებრივი სიმდიდრეა და საქართველოს ეკუთვნის. თურქული კომპანიები ინვესტიციებს დებენ ბალკანეთის, ცენტრალური აზიის ქვეყნებში და ისინი შეინარჩუნებენ კიდეც ინტერესს," - აცხადებს თურქი დიპლომატი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system