თავში

რა ელის მსოფლიო ეკონომიკას

რა ელის მსოფლიო ეკონომიკას
რა ელის მსოფლიო ეკონომიკას

კორონავირუსის პანდემია მსოფლიოსთვის უპრეცენდენტო გამოწვევაა. ამ დროს თითოეული ქვეყნის ხელისუფლების ამოცანა, ერთი მხრივ, დაავადების გავრცელების შეფერხება და ინფიცირებულებზე ზრუნვა, ხოლო, მეორე მხრივ, გონივრული შეზღუდვებითა და ეკონომიკის სტიმულირებით კრიზისის მაქსიმალური შერბილება და ზრდის სწრაფი აღდგენაა. 

ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ) მონეტარული პოლიტიკის ანგარიშშია განმარტებული.

დოკუმენტში ვრცელი თავი აქვს დათმობილი მსოფლიო ეკონომიკის მიმოხილვას, რომლის დეტალურ ანალიზს, ცალკეული ქვეყნების ეკონომიკების მიმოხილვას, გაეცანით report.ge-ზე.

სებ-ი განმარტავს, რომ პანდემიის საწყის ეტაპზე საზღვრების ჩაკეტვამ საერთაშორისო ტურიზმი პრაქტიკულად შეაჩერა. გადაადგილების მაქსიმალურმა შეზღუდვამ საწვავის მოხმარება მინიმუმამდე დაიყვანა, რის გამოც მსოფლიოში ნავთობპროდუქტების საცავები მაქსიმალურად აივსო, ხოლო ნავთობის ფასები გარკვეული პერიოდით უარყოფითი გახდა. აქედან გამომდინარე, ტურიზმზე დამოკიდებული და ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნები პანდემიამ უფრო მეტად დააზარალა. 

მთავრობებმა შეიმუშავეს ანტიკრიზისული ფისკალური ღონისძიებების პაკეტი, რომლებშიც კერძო სექტორის ზარალის შემცირება, სამუშაო ადგილების შენარჩუნება, სოციალური დახმარების გაფართოება, საკრედიტო გარანტიებისა და ეკონომიკის სხვა ხელისშემწყობ ნაბიჯები გაიწერა. 

ცენტრალურმა ბანკებმა, სადაც ამის შესაძლებლობა იყო, თანდათან შეამცირეს პოლიტიკის განაკვეთები შესუსტებული მოთხოვნის სტიმულირებისთვის. 

ეროვნული ბანკის განმარტებით, ამ ღონისძიებებმა შეამცირა გაკოტრებათა რიცხვი და შეაფერხა უმუშევრობის ზრდის პროცესი, თუმცა, კრიზისის გაგრძელების შემთხვევაში, მსოფლიოში მრავალი მილიონი დასაქმებული სამუშაო ადგილის დაკარგვის საფრთხის ქვეშ კვლავ იქნება. 

მთლიანობაში, განვითარებულმა ქვეყნებმა შეძლეს საჭიროების მიხედვით მიმართვა უფრო დიდი თანხების და ლიკვიდობის უფრო მაღალ დონეზე უზრუნველყოფა, ვიდრე ვალით დამძიმებულმა განვითარებადმა ქვეყნებმა, რომელთაც სესხებისა და სხვა ვალდებულებების მობილიზება შედარებით ძვირი უჯდებათ. 

ეროვნული ბანკის შეფასებით, საერთაშორისო სავალუტო ფონდმა სწრაფად გაზარდა დაფინანსება წევრი ქვეყნებისთვის და მსოფლიო ბანკთან ერთად კრედიტორებს მოუწოდა დაბალშემოსავლიანი ქვეყნებისთვის ვალდებულებების მომსახურება გადაევადებინათ და მათთვის მაქსიმალურად ანგარიში გაეწიათ. 

სებ-ი განმარტავს, რომ პანდემია მსოფლიოს მასშტაბით სოციალურ-ეკონომიკურ პრობლემებს კიდევ უფრო ამძაფრებს. პანდემიის პირობებში იზრდება სიღარიბე და უთანასწორობა. მიმდინარე წელს დამატებით დაახლოებით 90 მილიონი ადამიანი უკიდურეს გაჭირვებულთა, ანუ, დღეში 1.9 აშშ დოლარზე ნაკლები შემოსავლის მქონეთა, რიცხვს დაემატება.

"მსოფლიოში იზრდება სახელმწიფოთა ვალი, რომლის გასტუმრებაც ქვეყნებს დაგეგმილზე უარესი ეკონომიკური და, აქედან გამომდინარე, გაუარესებული საგადასახადო შემოსავლების პირობებში მოუწევთ. შესაბამისად, ხშირ შემთხვევებში რთულდება ქვეყნების დაკრედიტება ისე, რომ მათი ვალი მდგრად დონეზე შენარჩუნდეს და მომავალში მათ შეძლონ გაზრდილი ვალის მომსახურება. ასეთ ვითარებაში კიდევ უფრო მნიშვნელოვანია რესურსების მიმართვა დამატებული ღირებულების შემქმნელი გრძელვადიანი წყაროების გაჩენისკენ, პროდუქტიულობის ამაღლებისკენ და მათი დახმარებისკენ, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება," - ვკითხულობთ სებ-ის მონეტარული პოლიტიკის ანგარიშში.

აქვე აღნიშნულია, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის ოქტომბრის პროგნოზით, 2020 წელს მსოფლიო ეკონომიკა 4.4%-ით შემცირებდა. ეს ივნისის მონაცემზე (-5.2%) უკეთესია. პროგნოზის გაუმჯობესების მიზეზი ჩაკეტვების (lockdown) შემდეგ, ძირითადად, განვითარებულ ქვეყნებში და ჩინეთში მეორე და მესამე კვარტალში მოსალოდნელზე უკეთესი ეკონომიკური მონაცემებია.

სავალუტო ფონდის საბაზისო სცენარის მიხედვით, სოციალური დისტანცირება 2021 წელსაც გაგრძელდება, თუმცა, ვაქცინის გავრცელებასთან და მკურნალობის გაუმჯობესებასთან ერთად, შეზღუდვები თანდათან მოიხსნება, ხოლო 2022 წლის ბოლოსთვის კოვიდ-19-ის გავრცელება მსოფლიოში მინიმუმამდე დავა. ამავე პროგნოზით 2021 წელს მსოფლიო ეკონომიკა 5.2%-ით (ივნისის მონაცემით 5.4%) გაიზრდება, რითაც ის 2019 წლის დონეს 0.6%-ით გადააჭარბებს. 

2021 წლის შემდგომ წლებში საშუალოვადიან პერიოდში ზრდა 3.5%-მდე შენელდება. პროგნოზების ცვლილების მიზეზი, ერთი მხრივ, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, 2020 წელს პროგნოზირებული ეკონომიკური ვარდნების შემცირება ჩაკეტვების (lockdown) შემდეგ მოსალოდნელზე უკეთეს ეკონომიკურ შედეგებს უკავშირდება და, მეორე მხრივ, 2021 წლის შედარებით დაბალი ზრდა პანდემიის უფრო დიდი ხნით გაგრძელების მოლოდინსა და საბაზო ეფექტს ასახავს.

ევროზონის ქვეყნებში 2020 წელს ეკონომიკის კლება მსოფლიო საშუალო მაჩვენებლზე მეტი იქნება და 8.3%-ს შეადგენს, რაც ივნისის პროგნოზთან (-10.2%) შედარებით გაუმჯობესებულია. აქედან, უფრო დიდი ვარდნა სამხრეთ ევროპის ქვეყნებზე მოდის, რომლებიც უფრო მეტად არიან დამოკიდებული ტურიზმზე. 

2021 წელს, მოსალოდნელი აღდგენის ფონზე, ევროზონის ეკონომიკა 5.2%-ით გაიზრდება, მაშინ, როდესაც წინა პროგნოზი 6.0%-იან ზრდას გულისხმობდა. ევროპის განვითარებად ქვეყნებში 2020 წელს მშპ-ის 4.6%-იანი ვარდნაა მოსალოდნელი, ხოლო 2021 წელს 3.9%-იანი ზრდა. 

ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების მშპ 2020 წელს 4.1%-ით შემცირდება, ხოლო 2021 წელს 3.0%-ით გაიზრდება. ივნისის პროგნოზით, ეს რიცხვები განვითარებადი ევროპისთვის, შესაბამისად, 5.8%-იან ვარდნას და 4.2%-იან ზრდას, ხოლო ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიისთვის 4.5%-იან კლებას და 3.5%-იან ზრდას უტოლდებოდა. 

"აღნიშნული პროგნოზი მნიშვნელოვან რისკებს შეიცავს. ბევრი რამ იქნება დამოკიდებული იმაზე, თუ რამდენად სწრაფად მოხდება პანდემიის მოთოკვა. ერთი მხრივ, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინებზე მუშაობა დაჩქარებული ტემპებით მიმდინარეობს და ზოგიერთი უკვე ტესტირების ბოლო სტადიაზეა; გაუმჯობესებულია მკურნალობა და ქვეყნებს შორის თანამშრომლობა სამედიცინო საკითხებში. მეორე მხრივ, ვაქცინის გამოშვების დაყოვნებამ, ვირუსის აფეთქების ახალმა ტალღებმა შესაძლებელია ახალი შეზღუდვები და ჩაკეტვები გამოიწვიოს, რაც მდგომარეობას კიდევ უფრო დაამძიმებს," - განმარტავს საქართველოს ეროვნული ბანკი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system