თავში

რა განაპირობებს ბანკების მოგებას ეპიდემიურ პერიოდში

რა განაპირობებს ბანკების მოგებას ეპიდემიურ პერიოდში
რა განაპირობებს ბანკების მოგებას ეპიდემიურ პერიოდში

ეპიდემიური მდგომარეობა და კრიზისი ბანკების საქმიანობაზე ნეგატიურად აისახება და მათი შემოსავლები მცირდება, თუმცა მოგების შენარჩუნებას მაინც ახერხებენ. ამის ძირითად ფაქტორად ექსპერტები სავალუტო კონვერტაციებიდან მიღებულ შემოსავლებს მიიჩნევენ. თუმცა ასევე ადასტურებენ, რომ ეპიდემიური მდგომარეობის გამო საბანკო სექტორი რეალურად რთულ სიტუაციაშია, რადგან გადახდისუნარიანობა მკვეთრად არის გაუარესებული როგორც რიგითი მოქალაქეების, ასევე ბიზნესის მხრიდან.

,,რეალურად კომერციული ბანკები ეპიდემიის გამოც რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ, რადგან კრედიტების რაოდენობა შეზღუდეს. დღევანდელ ვითარებაში გადახდისუნარიონობა გაუარესებულია და ამის გავლენით სარისკო სესხების ოდენობა ბანკებს გაეზარდათ. ასეთ დროს სექტორი ყოველთვის ცდილობს დააზღვიოს გაცემული სესხები, ძირითადად, ამ სესხებიდან მიღებულ პროცენტები, რაც მათი ძირითადი შემოსავალია. გარდა ამისა, ლარის კურსი როდესაც უფასურდება, კონვერტაციებით მიღებული შემოსავლების მოცულობა იზრდება. ეს ისე არ უნდა გავიგოთ, რომ რეალურად გაზრდილია ბანკების მოგების მოცულობა, რადგან მსყიდვითუნარიანობა შემცირებულია და არ შეიძლება ასეთ სიტუაციაში ბანკები მომგებიანოაბს ინარჩუნებდნენ, ყველაფერი შეფარდებითია. წესით, როცა სესხები გაიცემა, კომერციული ბანკები ანგარიშობენ კურსის მიხედვით ანუ ანგარიშსწორება მიბმულია კურსზე, იმის მიუხედავად, რა ვალუტაში გაიცემა სესხი. სწორედ ამით ხელმძღვანელობენ ბანკები პროცენტების განსაზღვრისას. ამიტომ თებრევლის მოგებაც და წლიურიც, ძირითადად, სავალუტო კონვერტაციებიდან მიღებული შემოსავლებით არის განპირობებული", - განმარტავს მიხეილ თოქმაზიშვილი report.ge-თან.

ანალოგიური მოსაზრებისაა ფინანსური ბაზრის მკვლევარი, ვახტანგ ხომიზურაშვილი. მისი თქმით, მოგების მიუხედავად, პრობლემა დიდია, რასაც გარკვეულწილად შველის ფინანსური ორგანზიაციების მხრიდან ეპიდემიის გამო გაცემული სესხები, აგრეთვე ეროვნული ბანკის პოლიტიკაც - მიეხმაროს ლიკვიდობაში კომერციულ ბანკებს.

,,ბანკები საკმაოდ ფრთხილ პოლიტიკას მისდევენ, ცდილობენ, სტაბილურობა შეინარჩუნონ, თუმცა მდგომარეობა რეალურად მძიმეა. ვაკვირდებით, თუ რისგან შედგება საბანკო სექტორის ჯამური მოგება და ირკვევა, რომ ვალუტით ვაჭრობით მიღებული შემოსავალი ერთ-ერთი ყველაზე მაღალია. ძირითად მოგებას შეადგენს სხვადასხვა ოპერაციები, რომელთა შორის ყველაზე მაღალპროცენტული ვალუტის ყიდვა-გაყიდვიდან მიღებული შემოსავალია და საერთო მოგების დაახლოებით თითქმის მეოთხედს შეადგენს. ბანკები სავალუტო ბირჟაზე გარიგებებით სპეკულირებენ და  საკმაოდ დიდ მოგებას კრიზისულ პერიოდშიც კი იტოვებენ", - აღნიშნა report.ge-თან ხომიზურაშვილმა. 

ცნობისთვის, სებ-ის მონაცემებით, 2021 წლის თებერვალში კომერციული ბანკები 132,115 მლნ ლარის წმინდა მოგებაზე გავიდნენ, რაც 18,747 მლნ ლარით მეტია წინა თვესთან და 32,085 მლნ ლარით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით

2021 წლის თებერვალში ბანკებმა 424,936 მლნ ლარის შემოსავალი მიიღეს, ხარჯებმა კი 281,156 მლნ ლარი შეადგინა.

2020 წლის თებერვალში კომერციული ბანკების წმინდა მოგება იყო 100,030 მლნ ლარი, მიმდინარე წლის იანვარში კი 113,368 მლნ ლარი. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system