თავში

რა გაზრდის უკრაინა-საქართველოს საბორნე მარშრუტზე ტვირთბრუნვას

რა გაზრდის უკრაინა-საქართველოს საბორნე მარშრუტზე ტვირთბრუნვას
რა გაზრდის უკრაინა-საქართველოს საბორნე მარშრუტზე ტვირთბრუნვას

რუსეთ - უკრაინის დაპირისპირების შედეგად, რუსეთის გვერდის ავლით, საქართველოზე გამავალი სატრანსპორტო დერეფნით უკრაინიდან ცენტრალური აზიის ქვეყნებში ექსპორტს, ასევე უკუმიმართულებით იმპორტს, მნიშვნელოვანი პერსპექტივები გაუჩნდა. 

ამის შესახებ საქართველოს სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრში აცხადებენ. ცენტრის პრეზიდენტი პაატა ცაგარეიშვილი გვიხსნის, რომ უკრაინიდან ტვირთის ცენტრალურ აზიაში გადასატანად, პირველ რიგში, განიხილება შავ ზღვაზე საბორნე გემების გამოყენებით საქართველოს ნავსადგურებების და რკინიგზის ინფრასტრუქტურის გამტარუნარიანობის მაღალი დატვირთვით გამოყენება.

"სურათის სრულად წარმოსადგენად უნდა აღინიშნოს, რომ სადღეისოდ ბალტიის ზღვის აუზის არეალში ფუნქციონირებს საავტომობილო, სარკინიგზო და საკრუიზო ბორნების 54 რეგულარული მარშრუტი. შედარებისთვის, შავი ზღვის აუზის ქვეყნებში ასეთი რეგულარული მარშრუტების რაოდენობა მხოლოდ 11- ია. ბალტიისა და შავი ზღვის აუზის რეგიონის ქვეყნების ეკონომიკური პოტენციალის მნიშვნელოვანი დისბალანსისმიუხედავად, შავი ზღვის აუზის ქვეყნები საბორნე გადაზიდვების შესაძლებლობებს დაბალი დატვირთვით იყენებენ; მაგალითისთვის, უკრაინის საბორნე კომპლექსის ჩერნომორსკის ტვირთების გატარების შესაძლებლობა (საიდანც ხორციელდება საქართველოს ნავსადგურებისკენ გადაზიდვები) წელიწადში 4.5 მლნ ტონას შეადგენს, მისი გამტარუნარიანობა კი მხოლოდ 20% -ით არის ათვისებული," - გვეუბნება ცაგარეიშვილი.

სატრანსპორტო და ლოგისტიკურ საკითხებზე მომუშავე პლატფორმის "ჰაბ ჯორჯიას" ექსპერტი პაატა ცაგარეიშვილი ამის რამდენიმე მიზეზს ასახელებს: შავი ზღვის ქვეყნებში და, პირველ რიგში, საქართველოს ნავსადგურებში, საბორნე გემების დამუშავების დრო ხანგრძლივია, ამასთანავე მაღალია ტარიფები; შედარებისათვის, საქართველოს ნავსადგურებში ბორნის დამუშავებას 15 საათი ესაჭიროება, როცა ანალოგიური პროცედურის ჩატარებას ბალტიის ზღვაზე 5 საათი სჭირდება. საბორნე გემის ბუნკირებისას (საწვავის შევსება) მოცდენის საშუალო ხანგრძლივობა შავ ზღვაზე წელიწადში საშუალოდ 9 -10 დღე - ღამეა, რაც, მარტივი განმარტებით, 10 დაკარგული რეისის ტოლფასია, ბალტიის ზღვაზე კი ეს პარამეტრი პრაქტიკულად ნულია.

"საბორნე გადაზიდვების ეფექტიანობას განსაზღვრავს ნავსადგურის მოსაკრებლის ჯამური ოდენობა, რომელიც შავი ზღვის აუზის ქვეყნებში 5- ჯერ აღემატება ბალტიის ნავსადგურის ანალოგიურ ტარიფებს. აქ გამოსაყოფია, შავ ზღვაზე საქართველოს ნავსადგურებში მომსახურების ყველაზე მაღალი ტარიფები. შავი ზღვის აუზში მაღალი სანავსადგურე მოსაკრებლები აისახებავაგონების და ავტომობილების ბორნით გადაზიდვების გაზრდილ ღირებულებაზე. უკრაინიდან საქართველოს ნავსადგურებში ვაგონის ღირებულება (უკან ცარიელის დაბრუნებით) 3 450 აშშ დოლარს შეადგენს, ავტომობილითკი 1 600 აშშ დოლარს," - გვიხსნის ექსპერტი ცაგარეიშვილი.

ის ბალტიის ზღვის აუზის ნავსადგურებში 5-ჯერ დაბალი საბორნე ტარიფების მიზეზსაც განმარტავს. მისი თქმით, ბალტიის ზღვის ნავსადგურებში მოქმედებს ტარიფების ფასდაკლების პროგრესული სისტემა, რომელიც დამოკიდებულია საბორნე გემის ნავსადგურში გემთშემოსვლების რაოდენობაზე და მოზიდული ტვირთები მოცულობაზე.

მისივე განმარტებით, სანავსადგურე ტარიფების ანალოგიური მოდელის დანერგვა, უკრაინა - საქართველოს საბორნე მარშრუტზე, ხელს შეუწყობს საქართველოზე გამავალი დერეფანში დამატებითი ტვირთების მოზიდვას.



ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system