თავში

რა იძლევა ოპტიმიზმის საფუძველს ეკონომიკაში

რა იძლევა ოპტიმიზმის საფუძველს ეკონომიკაში
რა იძლევა ოპტიმიზმის საფუძველს ეკონომიკაში

საქართველოს ეკონომიკაში მიმდიანრე ნეგატიური ტრენდის მიუხედავად, ტებერვლაში ვარდნის ტემპი, იანვართან შედარებით, შემცირდა. სტატისტიკოსი სოსო არჩვაძე ეკონომიკის მიმართ ზომიერ ოპტიმიზმს ინარჩუნებს და საუბრობს იმ ფაქტორებზე, რამაც, მისი თქმით, ეკონომიკური ვარდნის ტემპი შეამცირა.

,,საქართველოს ეკონომიკა, დიდი ხანია, მინუისებშია. თუმცა, ვხედავთ იმასაც, რომ იანვართან შედარებით, თებერვალში მდგომარეობის ნელ-ნელა გამოსწორებაა. 11%-იანი ვარდნა იყო და ახლა მხოლოდ 5,1%-იან ვარდნას აქვს ადგილი. გარდა ამისა, იანვარში ახლადრეგისტრირებული საწარმოების ვარდნა 23,3% იყო და თებერვალში 12,4%-იანი ზრდა დაფიქსირდა. გარდა ამისა, იანვარში თუ რეგისტრირებული იყო საწარმოების აბსოლუტური რაოდენობა - 2435, ახლა 4463-ია ანუ  57,4%-ით გაიზარდა. ხოლო დღგ-ს გადამხდელ საწარმოთა ბრუნვის მოცულობა გაიზარდა  17,6%-ით, რაც მნიშვნელოვანი ცვლილებაა. 1 მილიარდით მეტი ბრუნვა გვქონდა თებერვალში, მით უმეტეს, იმის გათვალისწინებით, რომ კალენდარული დღეების რაოდენობა, იანვართან შედარებით, 3-ით არის ნაკლები, აქ პროგრესი ცალსახაა. მთავარია, რომ პანდემიამ ხელი არ შეგვიშალოს", - ამბობს არჩვაძე report.ge-თან და დასძენს, რომ მესამე ტალღას თავს თუ ავარიდებთ, მარტში გვექნება უფრო პოზიტიური მაჩვენებელი, რადგან ეკონომიკა მეტწილად გაიხსნა და მობილურობა გაიზარდა.

მართალია, ეკონომიკა ისევ მინუსებშია, თუმცა, როგორც სტატისტიკოსი აცხადებს, მარტში ვარდნის მასშტაბი შეიძლება მნიშვნელოვნად შემცირდეს.

განსხვავებული მოსაზრებისაა ეკონომისტი ზვიად ხორგუაშვილი, რომლის თქმითაც, ეკონომიკაში ზრდის რესურსი ჯერჯერობით არ არის და არც მოლოდინია დადებითი, რაც დიდწილად ეკონომიკის ჩაკეტვას უკავშირდება.

,,შეზღუდვებმა მძიმე შედეგი გამოიწვიეს. პირველი კვარტალი ეკონომიკაში ფაქტობრივად ჩავარდნილია. ვფიქრობ, რომ კიდევ გაიზრდება უმუშევრობა და მოიმატებს ინფლაციის მაჩვენებელი. სამწუხაროდ, ლარის კურსი დღეს ოპტიმიზმის საფუძველს არ გვაძლევს, ბევრად მეტ პრობლემას ველი, ვიდრე ეს ზედაპირზე ჩანს. ვერავინ იტყვის, რამდენით შეიძლება შემცირდეს ეკონომიკა, მაგრამ წლის ბოლოს, დანამდვილებით შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ 5%-იანი ზრდა ვერ მიიღწევა, უბრალოდ, რესურსი არ გვეყოფა. მით უმეტეს, ძალაშია ,,კომენდანტის საათი", საუბარია, მოსალოდნელ შეზღუდვებზე, რაც მრავალმხრივ გამოიწვევს პრობლემას. დიდი კრიზისია და  ამ დროს არ იდგმევა ნაბიჯები, რომელიც ეკონომიკას დაასტიმულირებს“, - აცხადებს ზვიად ხორგუაშვილი report.ge-თან.

საქსტატის წინასწარი შეფასებით, 2021 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) კლებამ 5.1 პროცენტი შეადგინა, ხოლო იანვარი-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი -8.3 პროცენტია.

2021 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით კლება შეინიშნებოდა შემდეგ საქმიანობებში: მშენებლობა, განთავსების საშუალებით უზრუნველყოფა, ხელოვნება, გართობა და დასვენება, ტრანსპორტი და დასაწყობება, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები და დამამუშავებელი მრეწველობა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system