თავში

რა იცვლება აზარტული თამაშების შესახებ კანონში

რა იცვლება აზარტული თამაშების შესახებ კანონში
რა იცვლება აზარტული თამაშების შესახებ კანონში

ფინანსთა სამინისტრომ "ლატარიის, აზარტული და მომგებიანი თამაშობების შესახებ" კანონში შესატანი ცვლილებები მოამზადა, რომელსაც პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს. კანონპროექტი ცვლილებებს ბევრი მიმართულებით ითვალისწინებს, მათ შორის ჩნდება მომგებიანი თამაშების მიმწოდებლის ცნება, იზრდება სანებართვო მოსაკრებელი და წესდება ჯარიმა (მილიარდიანი ბრუნვის ბიზნესისთვის 2000 ლარის ოდენობით?!) სანებართვო პირობების დარღვევისთვის. 

თუმცა, სპეციალისტები ამბობენ, რომ კანონპროექტში არ არის გათვალისწინებული ის ძირითადი მოთხოვნები, რომლებმაც ქვეყანაში თამაშდამოკიდებულება და მისგან გამოწვეული პრობლემები უნდა შეამციროს. 

"ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის" ანალიტიკოსი გიორგი კაპანაძე ამბობს, რომ პანდემიისას კაზინოების გაჩერების მიუხედავად, ონლაინთამაშები ჩვეულ რეჟიმში მუშაობდნენ და მათთან შემსვლელთა რაოდენობა კარანტინის დროს გაიზარდა კიდეც. კაპანაძე გვიხსნის, რომ სტატისტიკის ამსახველი მონაცემები არ არსებობს, რადგან აზარტული ონლაინთამაშების კომპანიებს არა აქვთ მოთამაშეთა აღრიცხვის ვალდებულება.

კაპანაძე ამბობს, რომ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა თუ ევროკავშირმა საქართველოს არაერთხელ გააფრთხილა, რომ ეს ბიზნესი სახელმწიფოს კონტროლს მიღმაა დარჩენილი და აქ ფულის გათეთრების ყველაზე მაღალი რისკია. კაპანაძის შეფასებით, ბიზნესი, რომელსაც დღეს საქართველოში ყველაზე მაღალი ბრუნვა აქვს, ფაქტობრივად, ნებაზეა მიშვებული.

"კანონპროექ­ტი, რომელიც ახლა პარლამენტში განიხილება, არ პასუხობს არც ერთ მოთხოვნას, მათ შორის ჩვენს მოთხოვნებსაც მოთამაშეთა რეესტრის, ასაკობრივი ცენზისა და მოქალაქეთა სოციალური დაცვის შესახებ. უსუსურია ხელისუფლების არგუმენტი, თითქოს მკაცრი რეგულირების შემთხვევაში სათამაშო ბიზნესი იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს, ხოლო ბიუჯეტს შემოსავალი მოაკლდება. არადა, ამის რისკი და მაგალითი დღესაც ბევრი გვაქვს. ძალიან ბევრი მოქალაქე, რომლებიც დღეს კაზინოში თუ ონლაინსივრცეში ბოლო თეთრებს აგებენ, სწორედ იატაკქვეშეთში ან ვალზე თამაშობს, ან როგორც ამბობენ, "ხელზე გამაზვა" ხდება. ეს რისკი კი არ არის, როგორც ხელისუფლების წევრებს სურთ წარმოაჩინონ, არამედ უკვე არსებული პრობლემაა. ეს ბიზნესი აღარიბებს მოსახლეობას, სახელმწიფოსაც და მძიმე სოციალურ ფონს ქმნის. ამიტომ მათი საქმიანობა უნდა შეიზღუდოს, რათა მოსახლეობამ ამოისუნთქოს. ამ კომპანიებს მილიარდობით ბრუნვა აქვთ, სახელმწიფო კი მიზერული თანხებით ბეგრავს. არადა, სწორედ ბრუნვის მიხედვით უნდა დაიბეგროს. 14-მილიარდიანი ბრუნვიდან გამომდინარე, სახელმწიფოს შეუძლია იმგვარი რეგულაციები მიიღოს, რომ უფრო მეტი მოიგოს თავად და მოსახლეობაც ნაკლებად დაზარალდეს," - ამბობს ანალიტიკოსი და დასძენს, რომ ყოველწლიურად ათეულობით მილიარდი აკლდება მოსახლეობის ჯიბეს, საქართველოს ეკონომიკას და სათამაშო ბიზნესის გავლით ხშირ შემთხვევაში ოფშორულ ანგარიშებზე კონკრეტული კომპანიების სასარგებლოდ ირიცხება. ხელისუფლების უმოქმედობა ხელს უწყობს სოციალური ფონის დამძიმებას, ხალხის გაღარიბებას, უიმედობის, ნიჰილიზმის დანერგვას და ქვეყანას უკეთესი მომავლის პერსპექტივის გარეშე ტოვებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system