თავში

რა კეთდება პროფესიული სწავლების მიმართულებით საქართველოში

რა კეთდება პროფესიული სწავლების მიმართულებით საქართველოში
რა კეთდება პროფესიული სწავლების მიმართულებით საქართველოში

შრომის ბაზარზე დასაქმების დამაბრკოლებელ მთავარ მიზეზად კვალიფიკაციის პრობლემა სახელდება. სწორედ ამ პრობლემის მოგვარებას ისახავს მიზნად პროფესიული განათლების მართვის ახალი ინსტიტუციური მოწყობის მოდელის დამუშავება, როემლიც განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ 2020 წელს დაიწყო. როგორც უწყებიდან report.ge-ს აცნობეს, წინა წლებში, გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით, პროფესიული განათლების ინსტიტუციური მოწყობის შესახებ ჩატარებული ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის საფუძველზე, სამინისტრომ საანგარიშო პერიოდში, გააგრძელა ახალ მოდელზე მუშაობა, რაც მოიცავდა შესაბამისი ფინანსური გავლენის, ახალი მიდგომის ეფექტიანობისა და რისკების შეფასებას. 

ამ დროისთვის საქართველოში 18 ავტორიზებული სახელმწიფო საზოგადოებრივი/პროფესიული კოლეჯი, სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული 7 კოლეჯი და ავტორიზებული კერძო პროფესიული საზოგადოებრივი კოლეჯის რაოდენობა 41-ს შეადგენს. 

როგორც სამინისტროში განმარტავენ, ამჟამინდელი მოწყობა სისტემის ცენტრალიზებულ მართვას გულისხმობს, რომელიც ძირითადად სახელმწიფო სტრუქტურის კომპეტენციას მიეკუთვნება. ვინაიდან რეფორმის სტრატეგიულ ამოცანას წარმოადგენს, საჯარო-კერძო პარტნიორობის გზით, კერძო სექტორის მონაწილეობის სტიმულირება, როგორც პოლიტიკის შემუშავების, ასევე მისი განხორციელებისა და შეფასების ეტაპებზე, მართვის ახალი მოდელის კონცეფცია, სწორედ აღნიშნულ პრინციპზე იქნა ორიენტირებული. 

,,კვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ პროფესიულ განათლებასთან დაკავშირებული რიგი საკითხები ხშირად სცილდება სახელმწიფო უწყებისა და ქვეუწყების კომპეტენციის საზღვრებს და მოითხოვს ათეულობით სექტორის შესახებ ტექნიკურ ცოდნას. შესაბამისად, სამთავრობო უწყებას უწევს გამოსავლის ძიება, ხშირად აწყდება ინტერესისა და მოტივაციის ნაკლებობას ცალკეული დარგობრივი ორგანიზაციებიდან; ასევე ეს მოცემულობა აფერხებს უწყების ძირითადი და პირდაპირი ამოცანების შესრულების ტემპს და პირდაპირ უკავშირდება მართვის არაეფექტურობას. გამოვლენილი გამოწვევების საპასუხოდ, ასევე მონაწილე მხარეების რეკომენდაციებისა და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკაზე დაყრდნობით, ჩამოყალიბდა ახალი მოდელი, რომელიც გულისხმობს კერძო და საჯარო სექტორების მიერ, ახალი ინსტიტუციის დაფუძნებას. ახალი კონცეფციის თანახმად, მთავარი პრინციპი, რომელიც პროფესიული განათლების მართვისა და განვითარების პროცესს წარმართავს, არის თანამონაწილეობა - ქვეყნის ადამიანური კაპიტალის განვითარების აქსელერაცია საჯარო და კერძო სექტორების ერთობლივი ძალისხმევითა და პასუხიმგებლობების გაზიარების გზით 2019-2020 წლებში ჩატარებული სამუშაოების შედეგად განისაზღვრა ორგანიზაციის სტრუქტურა, მართვის პრინციპები და ის ფუნქციები, რომელთა შესრულებაც მიზანშეწონილია გადაეცეს ახალ უწყებას, კერძოდ: პროფესიის სტანდარტების შემუშავების პროცესის მხარდაჭერა და კოორდინაცია, სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების ხელშეწყობა, მეწარმეობის სწავლების ხარისხის გაუმჯობესება და შეფასების ინსტრუმენტების შექმნა, პროფესიული განათლების პროვაიდერების ინსტიტუციური განვითარების გაძლიერება, საერთაშორისო პარტნიორობის სტიმულირება, კარიერის დაგეგმვის სერვისების გაუმჯობესება, მომზადებისა და გადამზადების პროგრამების კოორდინაცია, მონიტორინგი და შეფასება და სხვა", -  აცხადებენ report.ge-თან განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში.

უწყების ცნობით, 2020 წელს, ასევე ჩატარდა მოდელის ფინანსური ანალიზი და განისაზღვრა სავარაუდო ბიუჯეტი. ახალი მოდელი ასევე წარედგინა საერთაშორისო პარტნიორებს, ექსპერტებს, ასევე საგანმანათლებლო დაწესებულებებს. მიღწეული შეთანხმების მიხედვით, 2021 წელს საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, ერთობლივად დააფუძნებენ „უნარების სააგენტოს“. 

გარდა ამისა, როგორც სამინისტროს ვებ-გვერდზეა აღნიშნული, 2019 წელს დაიწყო კერძო სექტორის ინიციატივის განხორციელება, რომელიც გულისხმობს პროფესიული განათლების მიმართულებით კერძო კომპანიების მონაწილეობის სისტემატიზაციას და გააქტიურებას. განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, საქართველოს ფერმერთა ასოციაციის და გაეროს განვითარების პროგრამის ერთობლივი მხარდაჭერით, 2020 წელს გაგრძელდა სოფლის მეურნეობის დარგში „დარგობრივი უნარების ორგანიზაციის (SSO) - აგრო დუო“ განვითარება. მისი ამოცანაა პროფესიული კვალიფიკაციების განვითარება, პოპულარიზაცია, ხარისხის გაუმჯობესება, სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების დანერგვა, საგანმანათლებლო სერვისების განვითარება სოფლის მეურნეობის დარგში. 

აღნიშნული გამოცდილება გაიზიარა და მსგავსი ორგანიზაციის ჩამოყალიბების ინიციატივაზე უკვე მუშაობს საქართველოს ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაცია. 

შესაბამისად, როგორც სამინისტროს წარმომადგენლები აღნიშნავენ, მოსალოდნელია რომ მართვის ახალი მოდელის პირობებში სწორედ „სექტორული უნარების ორგანიზაციების“ რესურსების გამოყენებით შეძლებს სააგენტო, დარგობრივი ექსპერტიზის მიღებას. მსგავსი მოდელი გვხვდება შვეიცარიისა და გერმანიის პროფესიული განათლების სისტემებში და წარმოადგენს წარმატებულ პრაქტიკას.

რაც შეეხება პროპფესიული კოლეჯების სტუდენტების რაოდენობას, 2020 წლის მონაცემით, 9 214 შეადგინა, 2019 წელს ეს მაჩვენებელი 11 880 იყო, ყველაზე მეტი სტუდენტი  პროფესიულ სასწავლებლებში 2013 წელს სწავლობდა. მათი საერთო რაოდენობა დაახლოებით 21 000-ს შეადგენდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system