თავში

რა მოთხოვნა აქვს ბიზნესს მთავრობასთან

რა მოთხოვნა აქვს ბიზნესს მთავრობასთან
რა მოთხოვნა აქვს ბიზნესს მთავრობასთან

ბიზნესი მთავრობასთან კომუნიკაციის დეფიციტს უჩივის. ამასთან საუბრობს იმ საჭიროებებზე, რაც კრიზისულ სიტუაციაში ბიზნესის მხარდაჭერის მიზნით უნდა გადაიდგას. მთავარი, როგორც მწარმოებელთა ფედერაციის ხელმძღვანელი ლევან სილაგავა report.ge-თან აღნიშნავს, ,,კომენტანდის საათის" მოხსნა, მინიმუმ, შემსუბუქება, ეკონომიკის მეტი გახსნილობა და მთავრობასთან კოორდინირებული მუშაობაა, რა მხრივაც ბიზნესს კითხვები აქვს.

,,მოთხოვნას სრულად, თუ რა სურს მთავრობისგან ბიზნესს, სრულად ხვალ გავაჟღერებთ. მანამდე შემიძლია გითხრათ, რომ  გვინდა კომუნიკაციის მეტი შესაძლებლობა, რათა პრობლემას ერთობლივად მივხედოთ, ბიზნესის აქტიური ჩართულობით. პანდემიის მესამე ტალღის საშიშროებაა, ფაქტობრივად დაწყებულია ეს პროცესი, შესაბამისად, გასაგებია, რომ ეს არის კრიზისი, რომელიც მედიცინასთან ერთად, ეხება ეკონომიკას, ამიტომ ბალანსი უნდა მოიძებნოს თვითონ პანდემიის მართვასა და ბიზნესის მართვას შორის. ეს ხელს შეგვიწყობს, რომ ჩიხური სიტუაციიდან ნაკლები დანაკარგით გამოვიდეთ.ბევრი დარგია, რომელიც სერიოზულ დანაკარგს განიცდის. საკმაოდ უარყოფით ბალანსში ვართ. აქედან გამომდინარე, გვინდა აქტიურად ვითანამშრომოთ მთავრობასთან და პრობლემის მოგვარების გზა ერთად მოვნახოთ, თუ რა ნაბიჯები როგორი თანმიმდევრობით უნდა გადაიდგას", - ამბობს სილაგავა.

დისტრიბუტორთა ასოციაციის ხელმძღვანელის, ივა ჭყონიას ინფორმაციით, ეპიდემიის გამო ყველაზე მეტად ჰორეკა სექტორი დაზარალდა. ამიტომ ბიზნეს სექტორი დარგს სოლიდარობას უცხადებს და მოითხოვს იმ შეზღუდვების მოხსნას, რაც კონკრეტულად სასტუმრო და სარესტორნო ბიზნესის საქმიანობის შეზღუდვებს უკავშირდება.

,,საქართველოში სერიოზული პრობლემაა ლოქდაუნთან დაკავშირებით. 3 თვე ტრანსპორტი საერთოდ არ მოძრაობდა. განსაკუთრებით მცირე და საშუალო ბზინესს, როგორიცაა ჰორეკა სექტორი - სასტუმროები, რესტორნები, კაფეები და სხვა, ძალიან მძიმე ვითარება აქვთ. შესაბამისად, ლოკდაუნზე საუბარი თუ იქნება, ყველა ვარიანტში ჩვენთან ერთად უნდა იყოს გავლილი, რა შედეგი შეიძლება მოიტანოს და როგორ ვიმოქმედოთ, რათა კიდევ უფრო მძიმე ვითარებაში არ ჩავარდეს ბიზნესი. თავისთავად საუბარი არის ,,კომენდანტის საათის" გადაწევაზე, იდეალურ შემთხვევაში უნდა გაუქმდეს. თუმცა ეს თუ ვერ მოხერხდება, მინიმუმ, აღნიშნული შეზღუდვის ხანგძლივობა შესამცირებელია. პრობლემაა ისიც, რომ შაბათ-კვირას რესტორნებს მიეცეს ნორმალურ მუშაობის საშუალება. როდესაც ეკონომიკის მინისტრი გამოდის და ამბობს, რომ ტურისტები გამოჩნდნენ, ცხადია, ეს კარგია, მაგრამ თუ ეს ადამიანები დაინახავენ, რომ შაბათ-კვირას რესტორანში სადილის საშუალება არ ექნებათ, საქართველოში დასვენების სურვილიც გაქრება.  ამბობენ , რომ წერტილოვანი შეზღუდვაა და მერე ეს პროცესი თვეობით გრძელდება. ყველაზე მეტ პრობლემას  გაურკვევლობა ქმნის", - აცხადებს ივა ჭყონია report.ge-თან.

შეგახსენებთ, რომ 5-მდე ბიზნეს ასოციაცია პრემიერთან შეხვედრის მოთხოვნით  ხვალ პრესკონფერენციას გამართავს. ასოციაციები პრემიერს და მთავრობას ქვეყნის კრიზისიდან გამოსვლის რეკომენდაციებს წარუდგენენ და რთული ეკონომიკური მდგომარეობიდან გამოსვლის გზებს შესთავაზებენ. ეკონომიკის სხვადასხვა დარგთან თანამშრომლობის ინიციატივით თავად პრემიერი გამოვიდა და ბიზნესი მის ინიციატივას ამ პრესკონფერენციით ეხმიანება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system