თავში

რა პერსპექტივა აქვს ქართული ენერგოსექტორის ჩართვას ევროპულ ქსელში

რა პერსპექტივა აქვს ქართული ენერგოსექტორის ჩართვას ევროპულ ქსელში
რა პერსპექტივა აქვს ქართული ენერგოსექტორის ჩართვას ევროპულ ქსელში

შავი ზღვის ფსკერზე მაღალი ძაბვის ხაზის გაყვანას ენერგეტიკოსი გია არაბიძე მომავლის პროექტად აფასებს. report.ge-თან იგი საუბრობს იმ პოტენციურ სარგებელზე, რაც შეიძლება ამ პროექტისგან საქართველომ მიიღოს. გარდა იმისა, რომ ენერგეტიკული სექტორის განვითარებას უწყობს ხელს, როგორც არაბიძე ამბობს, ამით უფრო თამამად გახდება შესაძლებელი განახლებადი ელექტროენერგიის ექსპლუატაციაში შეყვანა. 

,,რეალურად ეს პროექტი ჯერ ვერ დაიწყება, მაგრამ თეორიულად მისაღებია. ვთვლი, რომ ძალიან კარგი იქნება ჩვენი ქვეყნისთვის, ვიდრე, დავუშვათ, ევროპისთვის, ვინაიდან ჩვენ არ გვაქვს დიდი რაოდენობის ელექტრული ენერგია. საქართველო თუ ჩაერთობა ევროპულ ქსელში, ჩვენ აბსოლუტურად გამოვთავისუფლდებით იმ პრობლემებისგან, რაც დღესდღეობით დარგში არსებობს. მუდმივად ვსაუბრობთ, რომ ჩვენი ბაზარი ძალიან ვიწრო არეალს მოიცავს, ხოლო ეს ხაზი დაემატება და აშენდება, მაშინ ჩვენ თამამად შევიყვანთ განახლებადი ელექტროენერგიის წყაროებს ექსპლუატაციაში. ცხადია, ამ მხრივ ბევრი პრობლემაა, რადგან მათი გამომუშავება ამინდზეა დამოკიდებული. რა რაოდენობის განახლებადი ელექტროენერგიის წყაროებსაც შევიყვანთ ექსპლუატაციაში, იმ მოცულობითი სიმძლავრის დენი უნდა გქონდეს პარალელურად. ეს შეიძლება იყოს წყალსაცავიანი ჰესები, ამიტომ ვამბობთ, რომ ჰესების მშენებლობის გარეშე გაგვიჭირდება მზისა და ქარის ელექტროენერგიების შეყვანა ექსპლუატაციაში. ამდენად, ევროპასთან ამ მიმართულებით თანამშრომლობა (შავი ზღვის ფსკერზე მაღალი ძაბვის ხაზის გაყვანა) ჩვენი ენერგოსისტემის სტაბილურ განვითარებას ნიშნავს. სერიოზულ სარგებელს მოიტანს ჩვენი სისტემის უსაფრთხოებისა და მდგრადობისთვის. როგორც აღვნიშნე, უფრო ინტენსიურად და თამამად შევიყვანთ მზისა და ქარის სადგურებს ექსპლუატაციაში, როცა დღესდღეობით ეს მაჩვენებელი 150-200 მგ/ვტ-ზე მეტი არ არის. სექტორი მეტს ვერც აიტანს, რადგან სარეზერვო სისტემა არ მოგვეპოვება. შესაძლოა, ტარიფის შემცირების შეასძლობლობაც გაჩნდეს და დაიწყოს საუბარი ამ კაბელით აზერბაიჯანული და რუსული ელექტროენერგიის გატარებაზეც", - აცხადებს გია არაბიძე report.ge-თან. 

ცნობისთვის, შავი ზღვის ფსკერზე მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზის გაყვანა, რომელიც საქართველოსა და ევროკავშირის ენერგეტიკულ სისტემას ერთმანეთთან დააკავშირებს - ეს იყო ერთ-ერთი პროექტი, რომელიც სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად ბრიუსელში, ასოცირების საბჭოს სხდომის ფარგლებში ევროპელ კოლეგებთან განიხილეს. პროექტის შესახებ ინფორმაცია მედიის წარმომადგენლებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მიაწოდა.

ნათია თურნავას განცხადებით, პროექტი, რომლის განხორციელების იდეაც ორი-სამი წლის წინ გაჩნდა, ისტორიული მნიშვნელობისაა.

„მსოფლიო ბანკმა დაადასტურა მზადყოფნა, დააფინანსოს პროექტის სრული ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლა და ამის შესახებ უკვე მოვახსენეთ ჩვენს მეგობრებს და კოლეგებს. ჩვენთვის ასევე მნიშვნელოვანია, რომ ამ ისტორიულ პროექტში მონაწილეობა მიიღონ დასავლურმა კომპანიებმა, ამიტომ ევროკავშირის შესაბამისმა სტრუქტურებმაც მოუწოდეს მათ, მონაწილეობა მიიღონ როგორც შესწავლის დაფინანსებაში, ასევე შემდგომში ინვესტორებისა და კონტრაქტორების მოძიებაში,“ - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system