თავში

რა პრობლემას ქმნის მცირემიწიანობა სოფლის მეურნეობაში

რა პრობლემას ქმნის მცირემიწიანობა სოფლის მეურნეობაში
რა პრობლემას ქმნის მცირემიწიანობა სოფლის მეურნეობაში

პოლიტიკისა და მენეჯმენტის საერთაშორისო განვითარების საკონსულტაციო კომპანიის, PMCG-ის, კვლევაში ნათქვამია, რომ საქართველოს სოფლის მეურნეობის დაბალი მწარმოებლურობის ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზია მიწების ფრაგმენტაცია. როგორც კვლევები აჩვენებს, ფერმის ზომა დადებით კავშირშია შემოსავლებთან და პროდუქტიულობასთან. შესაბამისად, პროდუქტიულობის ამაღლება ძნელად წარმოსადგენია საქართველოში მიწების არსებული განაწილების პირობებში.

„კერძოდ, 2014 წლის აღწერის მიხედვით (საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური, სასოფლოსამეურნეო აღწერა 2014), სახნავი მიწების მფლობელი ოჯახური მეურნეობების 87% ფლობს 1 ჰექტარზე ნაკლებ მიწას, ხოლო 50 ჰექტარზე მეტს ფლობს მეურნეობების მხოლოდ 0,1%. ასევე, საშუალოდ ერთი მეურნეობა (ოჯახური მეურნეობა ან სასოფლო სამეურნეო საწარმო) ფლობს 1,37 ჰექტარ სასოფლო სამეურნეო მიწას, საიდანაც 0,71 ჰექტარი მოდის სახნავ-სათეს, ხოლო 0,4 ჰექტარი მრავალწლოვან ნარგავებზე. აღნიშნული სტატისტიკა ცალსახად მიუთითებს მიწის ფრაგმენტაციის მაღალ ხარისხზე“,-აღნიშნულია დოკუმენტში.

ფრაგმენტაციასთან ერთად, PMSG საქართველოში პრობლემურ საკითხად სვამს სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ სასოფლო სამეურნეო მიწის განკარგვას და კერძო პირების მიერ მიწის რეგისტრაციის საკითხსაც. ორგანიზაციის ცნობით, სოფლის მეურნეობისათვის ფუნდამენტურ რესურსთან დაკავშირებით ფერხდება საბაზრო მექანიზმების მუშაობა, რაც იწვევს აღნიშნული რესურსის არაეფექტიან განკარგვას.

„შეიძლება ითქვას, რომ სექტორში ძირითად პრობლემად რჩება ინვესტიციების განხორციელება და მექანიზაციის გაზრდა, თითქმის ყველა კულტურის დაბალი პროდუქტიულობა, მიწების ფრაგმენტაციის საკითხი და მიწის რეგისტრაციასა და განკარგვასთან დაკავშირებული პრობლემები. ასევე, უმეტეს შემთხვევაში არ არსებობს მოსახლეობაში დამოკიდებულება სოფლის მეურნეობისადმი, როგორც ბიზნეს საქმიანობა. შედეგად, ძირითადი ფუნქცია რასაც აღნიშნული სექტორი დღეს-დღეობით ასრულებს არის ე.წ. საარსებო ეკონომიკის (Subsistence economy) ფუნქცია, რაც მნიშვნელოვნად განსხვავდება სექტორის მიმართ არსებული მოლოდინებისგან. შესაბამისად, ამ პირობებში რთულია მასშტაბის ეკონომიის მიღწევა და ეფექტიანობის/პროდუქტიულობის ამაღლება, რაც აუცილებელია ბაზარზე კონკურენტუნარიანი პროდუქციის შეთავაზებისთვის“,-აღნიშულია კვლევაში.

როგორც PMCG-ის კვლევაში ვკითხულობთ, "კულტურების მიხედვით პროდუქტიულობა საქართველოში საგრძნობლად ჩამორჩება არათუ მოწინავე ქვეყნების, არამედ მსოფლიოს საშუალო პროდუქტიულობასაც. აქვე განმარტებულია, რომ საქართველოში პროდუქტიულობა მეზობელ ქვეყნებთან შედარებითაც (სომხეთი, აზერბაიჯანი, თურქეთი) საკმაოდ დაბალია, რაც პრობლემებს შორის თითქმის გამორიცხავს გეოგრაფიულ ფაქტორებს (ცუდი კლიმატური პირობები, სტიქია და ა.შ.). შესაბამისად, ფაქტია, რომ სიტუაციის გაუმჯობესებისათვის ქვეყანას აქვს დიდი პოტენციალი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system