თავში

რა პრობლემას შეუქმნის ბიზნესს ვაქცინაციის დაგვიანება

რა პრობლემას შეუქმნის ბიზნესს ვაქცინაციის დაგვიანება
რა პრობლემას შეუქმნის ბიზნესს ვაქცინაციის დაგვიანება

ბიზნესმენების განცხადებით, დაგვიანებული ვაქცინაციის გამო შეიძლება საქართველო ისევ ლოკდაუნს დაუბრუნდეს. იმ ფონზე, როცა მთელი მსოფლიო ვაქცინაციის პროცესშია ჩართული და ფაქტობრივად, კორონავირუსის დამარცხების ეტაპზეა, ბიზნესში შიშობენ, რომ  ამ პროცესს ფეხს ვერ აუწყობს საქართველო, რომელსაც ეპიდემიასთან ბრძოლაში დიდი ჩამორჩენა აქვს. ,,ალბატროსის" დამფუძნებელმა დავით ბეგიაშვილმა report-ge-თან განაცხადა, რომ არსებობს საფრთხე, ეპიდემიის მასშტაბი გაიზარდოს და რეგულაციების მოხსნის ნაცვლად, შეზღუდვების საჭიროება დადგეს.

,,საქართველო მცირე ეკონომიკის მქონე ქვეყანაა და ვაქცინაციის დაგვიანება საკმაოდ დიდ პრობლემას გამოიწვევს. სერიოზული საფრთხის წინაშე ვართ იმის გამო, რომ ვაქცინაციის საკითხი სახელმწიფომ ვერ მოაგვარა. გარდა იმისა, რომ ვაქცინის არქონას ადამიანების სიცოცხლე ეწირება, პანიკური სიტუაციაა, ნეგატიური მოლოდინები, რაც ეკონომიკურ მდგომარეობაზეც  აისახება. სახელმწიფო ამ პრობლემას თუ ვერ აგვარებს, საქმეში უნდა ჩაერთონ კომერციული სტრუქტურებიც და დართონ ნება, შემოიტანონ ვაქცინა. რაც ხდება, არაპროფესიონალიზმის ბრალია. საბოლოო ჯამში, ზარალდება მთელი ეკონომიკა და ბიზნესი. საფრთხე მრავალმხრივია, რისკის ქვეშაა ეროვნული ვალუტაც, რომელიც უკვე გაუფასურების გზას დაადგა და აქედან გამოსავალი მხოლოდ დროული ვაქცინაციაა“, - ამბობს დავით ბეგიაშვილი.

ტურიზმი , საავიაციო ბიზნესი, ავტოიმპორტი და სამშენებლო სექტორი მცირე ჩამონათვალია ეკონომიკურ დარგებიდან, სადაც პრობლემაა იმის გამო, რომ ვაქცინის შემოტანა დაგვიანდა. ასე ფიქრობს ანალიტიკოსი ზურაბ კუკულაძე, რომელმაც report-ge-თან აღნიშნა, რომ არ არის გამორიცხული, ეპიდსიტუაცია დამძიმდეს.

,,რეგულაციები თითქმის მოიხსნა და ამ დროს ვაქცინა არ გვაქვს. ეს კი ეკონომიკის უკლებლივ ყველა დარგზე ცუდად იმოქმედებს, ვერც ტურისტებს შემოვიყვანთ, რადგან პანდემიის შიშით საქართველოში დასვენებას ბევრი მოერიდება. ვირუსს ადამიანები ყოველდღე  ეწირებიან, სასწორზე მათი სიცოცხლეა და მტავრობა ამ დროს ადეკვატურ ნაბიჯებს ვერ დგამს. რიგითი ფერმერებიდან მსხვილი ბიზნესის ჩათვლით, ყველა ზარალდება იმის გამო, რომ ვერ შემოდის ვაქცინა“, - ამბობს კუკულაძე. 

ცნობილია, რომ საქართველოში მოქმედი 8 ბიზნეს ასოციაცია ერთობლივ განცხადებას ავრცელებს.ბიზნესი მთავრობისგან ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისის მოგვარებას, კორონავირუსის ვაქცინის დროულად შემოტანას და ბიზნესთან კომუნიკაციით ეკონომიკის ეტაპობრივი აღდგენის სტრატეგიის შემუშავებას ითხოვს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system