თავში

რა რისკია საგარეო ვალთან დაკავშირებით

რა რისკია საგარეო ვალთან დაკავშირებით
რა რისკია საგარეო ვალთან დაკავშირებით

საგარეო ვალის მოცულობა საგანგაშოდ იზრდება. მთავარი რისკი, რაც შეიძლება ამის გამო დროთა განმავლობაში გაჩნდეს, საქართველოსთვის სუვერენული დეფოლტის გამოცხადებაა, რაზეც report.ge-თან ფინანსისტი ლია ელიავა საუბრობს. მისი თქმით, არის საფრთხე, რომ ქვეყანას ამ ვალის მომსახურება, არამწარმოებლური ეკონომიკის პირობებში, გაუჭირდეს. ელიავას თქმით, სავალუტო ფონდის დახმარებით საქართველომ ამ რისკის აცილება ერთხელ უკვე შეძლო და იმედია, რომ საერთაშორისო ფინანსური ორგანიზაციის მხარდაჭერით მომავალშიც შეძლებს ამ გამოწვევასთან გამკლავებას.

,,ჩვენისთანა ღარიბი ქვეყნისთვის საგარეო ვალი რეალურად დიდი დაბრკოლებაა, რადგან ამ ვალის მომსახურებაა პრობლემა. თუმცა, არიან ქვეყნები, მათ შორის განვითარებულები, რომელთა სახელმწიფო ვალი მშპ-ზე მაღალია. მაგალითად, იაპონიაში საგარეო ვალი, ქვეყნის მშპ-თან შედარებით, 200%-ის ფარგლებშია, აშშ-ს შემთხვევაში ეს მაჩვენებელი 100%-ს აჭარბებს.  თვითონ ვალის მოცულობას არ აქვს  არსებითი მნიშვნელობა, გააჩნია ვალს რაში ვიღებთ და როგორ ვხარჯავთ. როცა იგი არამწარმოებლურია და ფული იფლანგება, ბუნებრივია, რაიმე დოვლათის შექმნას არ ემსახურება. ჩვენ ასეთი სიტუაცია გვახსოვს 2003 წელს, როცა საქართველოს მთავრობა და ბიუჯეტი ვერ ემსახურებოდა საგარეო ვალდებულებებს და გლობალური ფინანსური ორგანიზაციები მზად იყვნენ სუვერენული დეფოლტის გამოცხადებისთვის. მაშინ საერთაშორისო სავალუტო ფონდი დაგვეხმარა. მისი ჩარევის გარეშე ჩვენ დღესაც ამ პოზიციაზე ვიქნებოდით, რაც ნიშნავს, რომ ფულს არავინ გვასესხებდა. შესაძლებელია, მთავრობას ახლაც სავალუტო ფონდის იმედადაა, რომ ხელს შეუწყობს ამ ვალის დაფარვას მისი რესტუქტურიზაციის ან ჩამოწერის გზით. ყოველ შემთხვევაში, საქართველოს დამოუკიდებლად ამ ვალის გასტუმრება ნამდვილად გაუჭირდება", - აცხადებს ლია ელიავა.

მისი შეფასებით, დიდი საგარეო ვალი უარყოფითად აისახება ქვეყნის იმიჯზეც და ამცირებს საინვესტიციო მიმზიდველობას.

,,საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციები ყოველთვის ეჭვით უყურებენ მთავრობას, რომელიც ძალიან დიდ ვალს იღებს და არ შეუძლია მისი მომსახურება. საქართველოს შესაძლებლობები მათ ჩვენზე უკეთ იციან. შესაბამისად, სახელმწიფოს მიმართ ნდობაც ნაკლებია და ინვესტიციური შესაძლებლობებიც მინიმალურია", - დასძენს report.ge-თან ლია ელიავა. 

საქართველოს მთავრობის ვალი 2020 წლის 31 ოქტომბრის მდგომარეობით, 27 704 100 000 ლარს შეადგენს, - გარდა ეროვნული ბანკის მიერ აღებული ვალდებულებებისა - 27 688.3 მლნ ლარი და საბიუჯეტო ორგანიზაციების სესხის სახით არსებულ ნაშთს -15.8 მლნ ლარი. ამის შესახებ აღნიშნულია 2021 წლის ბიუჯეტის პროექტის თანდართულ მასალებში. 

ამავე დოკუმენტის მიხედვით, 2021 წელს სახელმწიფო 5,3 მილიარდი ლარის ოდენობის ვალს აიღებს. ვალდებულებების ზრდაში ასევე ასახულია 1,6 მილიარდი ლარი, 2021 წელს გადასაფარი ევრობონდებისათვის ახლი ევრობონდების გამოშვება. ამასთან აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო ვალების დაფარვისთვის 2021 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებულია 2,8 მილიარდი ლარი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system