თავში

რა შემთხვევაში აღწევს ტყვია რძის პროდუქტებში

რა შემთხვევაში აღწევს ტყვია რძის პროდუქტებში
რა შემთხვევაში აღწევს ტყვია რძის პროდუქტებში

სპეციალისტები რძესა და რძის ნაწარმში ტყვიის გავრცელების გზად საძოვრებს და გამონაბოლქვის მაღალ კონცენტრაციას მიიჩნევენ. როგორც report-ge-ს ,,მომავლის ფერმერის" თავმჯდომარის რუსუდან გიგაშვილმა განუცხადა, გარემო დაბინძურებულია, ამიტომ შესაძლოა, პირუტყვის ორგანიზმში მძიმე მეტალის შემცველი ნივთიერება მოხვდეს. 

,,რძის პროდუქტებში ტყვიის გავრცელების რისკი სათავეს საძოვრებიდან იღებს. ნიადაგის დაბინძურების გამო დიდია საფრთხე, რომ რძეში ტყვიის მაღალი შემცველობა ფიქსირდებოდეს. საყურადღებო ფაქტია, რომ ზესტაფონში წარმოებულ რძის პროდუქტებში კვლევამ ტყვიის ყველაზე მაღალი კონცენტრაცია აჩვენა. ცხადია, ეს იმიტომ, რომ ზესტაფონში ფეროშენადნობი ქარხანაა და ნიადაგი შესაძლოა უფრო მეტად იყოს დაბინძურებული, ვიდრე სხვა რეგიონში. შესაბამისად, პირუტყვი ტყვიას უშუალოდ იქ მოძოვილი ბალახიდან შეიწოვს. ქალაქის პირობებში, პროდუქტებში ტყვიის შემცველობას ხელს უწყობს გამონაბოლქვი. ხშირად გვინახავს, ყოველგვარი წესების დაცვის გარეშე გზის პირას დალაგებული პროდუქცია, მანქანების გამონაბოლქვი კი აღნიშნულ ტერიტორიაზე განთავსებულ ნაწარმში ხვდება. შემდგომ ის იყიდება და ადამიანი იღებს. გარემო დაბინძურებულია, ამიტომ შესაძლოა, პირუტყვის ორგანიზმში სწორედ ის მავნე ნივთიერება მოხვდეს რაც მძიმე მეტალს შეიცავს“, - განაცხადა გიგაშვილმა.

მისი თქმით, ე.წ. ქარხნულ ყველში შესაძლოა გარკვეული სახის რისკები იყოს, რადგან შეიძლება არ ვიცოდეთ პირუტყვმა რა სახის საკვები მიიღო. იგივე შეიძლება ითქვას იმპორტირებული რძის ფხვნილიდან დამზადებულ პროდუქტზეც, რომელიც დახლებზე დიდი რაოდენობით იყიდება და საქართველოს მოსახლეობა აქტიურად მოიხმარს.

შეგახსენებთ, რომ რძის ტექნიკური რეგლამენტი ძალაში 2015 წლის აგვისტოდან შევიდა, რომელიც ადგენს მოთხოვნებს რძის, რძის ნაწარმის და რძის შემცველი პროდუქტის მიმართ და აწესრიგებს ბიზნესოპერატორის მიერ რძის, რძის ნაწარმის და რძის შემცველი პროდუქტის წარმოებისა და ბაზარზე განთავსების პირობებს.

სხვა პირობებთან ერთად რეგლამენტში დეტალურად არის გაწერილი მოთხოვნები რეგულირების ობიექტების მიმართ. ამასთან, დადგენილია გარკვეული მოთხოვნები, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს რძის, რძის ნაწარმის და რძის შემცველი პროდუქტის შემადგენლობა, წარმოებისათვის ნებადართული ნედლეული და დაშვებული ინგრედიენტები.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system