თავში

რა შემთხვევაში გამწვავდება ეკონომიკური კრიზისი საქართველოში

რა შემთხვევაში გამწვავდება ეკონომიკური კრიზისი საქართველოში
რა შემთხვევაში გამწვავდება ეკონომიკური კრიზისი საქართველოში

ეფექტური ვაქცინის შექმნის დაგვიანება ქვეყნებს შორის მიმოსვლის შეზღუდვას გაახანგრძლივებს და გლობალურად ტურიზმი უფრო მეტად დაზარალდება. ტურიზმზე მაღალი დამოკიდებულების გათვალისწინებით, საქართველოში ეკონომიკური კრიზისი გამწვავდება.

ასეთი დაშვებაა გაკეთებული საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ) მონეტარული პოლიტიკის ანგარიშში.

სებ-ის ალტერნატიული სცენარი პანდემიისგან გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის უფრო მწვავე და ხანგრძლივ შემთხვევას განიხილავს. ამის მიზეზი შესაძლოა ეფექტური ვაქცინის შექმნის დაგვიანება და/ან ვირუსის შიშის გამო საერთაშორისო მოგზაურებისგან თავშეკავებულობა გახდეს. 

ეროვნული ბანკი ითვალისწინებს იმასაც, რომ ვაქცინაცია მსოფლიო პანდემიას მყისიერად ვერ შეაჩერებს, რადგან ვაქცინის მსოფლიო მასშტაბით გავრცელებას გარკვეული დრო დასჭირდება. 

სებ-ის პანდემიური მდგომარეობის ეკონომიკაზე გავლენის ანალიზის მიხედვით, ადამიანების მობილობას და ეკონომიკურ აქტივობას არამარტო საყოველთაო კარანტინი, არამედ ვირუსის შიშიც ანელებს. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებზე დაკვირვებით ინფიცირების შემთხვევების მატებასთან ერთად ადამიანთა მობილობა მცირდება. აქედან გამომდინარე, ბუნდოვანია, საზღვრების გახსნის შემთხვევაში, თუ როგორი იქნება საერთაშორისო მოგზაურების განწყობები და რა ტემპით მოხდება ტურიზმის აღდგენა. 

სებ-ი ასევე ითვალისწინებს რეგიონში გეოპოლიტიკური დაძაბულობასაც. 

"იმ შემთხვევაში თუ დაძაბულობა კვლავ გამწვავდება, ეს მთლიანად რეგიონის რისკიანობას გაზრდის. ამ რისკების რეალიზება რეცესიას უფრო მეტად გააღრმავებს. ალტერნატიული სცენარის მიხედვით 2020 წლისათვის ეკონომიკური ვარდნა -5.5%-ს უტოლდება. ხოლო მომდევნო წელს ეკონომიკური გაჯანსაღება, შემცირებული წმინდა ექსპორტის გავლენით, ბევრად ნელი ტემპით განვითარდება. 2021 წელს რეალური მშპ-ს ზრდა 1.0% ფარგლებში იქნება. ეკონომიკის ამ სცენარით განვითარების შემთხვევაში, ინფლაცია გაიზრდება. ერთი მხრივ, საგარეო შოკის გაღრმავება მთლიან მოთხოვნას უფრო მეტად ასუსტებს და ფასებს შემცირებისკენ უბიძგებს. თუმცა, ამავდროულად, საგარეო შოკის გამწვავება მიმდინარე ანგარიშის ბალანსს აუარესებს. ეს უკანასკნელი კი რეგიონში, გეოპოლიტიკურ დაძაბულობასთან ერთად, ქვეყნის ვალუტისა და სუვერენული რისკის პრემიებს ზრდის. შედეგად, მწარმოებლებს უცხოური ვალუტით აღებული ვალის ტვირთი ეზრდებათ. დოლარიზაციის გამო შუალედური ხარჯების ზრდა, იმპორტირებული ინფლაციის მატებასთან ერთად, მოთხოვნის დისინფლაციურ ეფექტს გადაწონის და, საბოლოო ჯამში, ინფლაცია უფრო მაღალი იქნება. ალტერნატიული სცენარის მიხედვით, 2020-2021 წლებში ინფლაცია საბაზო სცენართან შედარებით საშუალოდ 2.0 პპ-ით აიწევს. ამის საპასუხოდ, ინფლაციის მის მიზნობრივ მაჩვენებელთან დასაახლოვებლად, მონეტარული პოლიტიკა გამკაცრდება. საქართველოს ეროვნული ბანკი, მოკლევადიან პერიოდში, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს გაზრდის. ინფლაციის განეიტრალების შემდგომ კი, მონეტარული პოლიტიკა საშუალოვადიან პერიოდში კვლავ შერბილდება და, დროებით, ნეიტრალურ განაკვეთს ჩამოცდება კიდეც," - ასეთია ეროვნული ბანკის მზაობა და მისი ალტერნატიული სცენარი იმ შემთხვევისთვის, თუ საქართველოს ეკონომიკაში კრიზისი გამწვავდებს.

სებ-ის ალტერნატიული სცენარის მიხედვით, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის ტრაექტორია, 2020-2021 წლებში საბაზო სცენართან შედარებით, საშუალოდ 2.5 პპ-ით მაღლა აიწევს. საბოლოოდ, მონეტარული პოლიტიკის შესაბამისი რეაგირების შედეგად, საპროგნოზო ჰორიზონტის მანძილზე ინფლაცია 3%-იან მიზნობრივ მაჩვენებელს დაუბრუნდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system