თავში

რა უნდა გაკეთდეს სათბურის აირების შესამცირებლად

რა უნდა გაკეთდეს სათბურის აირების შესამცირებლად
რა უნდა გაკეთდეს სათბურის აირების შესამცირებლად

ნარჩენების სწორი აღრიცხვიანობა, დასაწყობება, განახლებადი ენერგიის გამოყენება და სხვა, მთავარი ღონისძიებებია, რაც საქართველოს სათბურის აირების შემცირებაში უნდა დაეხმაროს. ამის შესახებ report.ge-თან სოფლის მეურნეობის საერთაშორისო ასოციაციის ხელმძღვანელი, პროფესორი კობა კობალაძე საუბრობს.  როგორც მეცნიერი განმარტავს, მნიშვნელოვანია ცოდნა, რა მიმართულებით შეიძლება გადამუშავდეს ნარჩენები, ხოლო გამოუყენებლობის შემთხვევაში, მისი თავისებურებაც ცალკე შესწავლის საგანი გახდეს.

,,ცირკულარულ ეკონომიკაზე გადასვლის გარეშე შეუძლებელია, ჩვენ შევინარჩუნოთ მომავალი. პირველ რიგში, ეს გულისხმობს სათბურის აირების შემცირებას, რა მიმართულებითაც ბოლო წელბში აქტიური ღონისძიებები დაიგეგმა. პირველ რიგში, ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რა ტიპის ნარჩენი გვაქვს, როგორ დავახარისხოთ, რათა ვისწავლოთ ნარჩენების სწორად მართვა. საერთოდ უნარჩენო წარმოებაზე გადასვლა სერიოზულ ღონისძიებებს მოითხოვს, უდიდეს ფინანსურ რესურსთან ერთად, რის შესაძლებლობაც საქართველოს ჯერჯერობით არ აქვს. თუმცა არსებობს ჩიუნური, ასევე ამერიკული გამოცდილება, რითაც შეგვიძლია ვიხელმძღვანელოთ და დროთა განმავლობაში დავნერგოთ. ნებისმიერი ნედლეული კონკრეტული საქმიანობისთვის გამოსადეგია. განახლებადი ენერგიის გამოყენების, შემცირებული გამონაბოლქვისა და ნარჩენების შემცირების ალტერნატივების ფონზე ცირკულარული ეკონომიკა საშუალებას გვაძლევს, ვიცხოვროთ იმ შესაძლებლობების და რესურსების საზღვრებში, რომელიც დედამიწას გააჩნია", - აცხადებს კობა კობალაძე.

ცირკულარული ეკონომიკის მოდელზე გადასვლის საჭიროებებზე საუბრობს report.ge-თან ,,საქართველოს მწვანეთა მოძრაობის" თანადამფუძნებელი რუსიკო სიმონიძე.

,,საქართველოს მთავრობა მწვანე ეკონომიკას ქვეყნის მომავალი განვითარების ერთ-ერთ პრიორიტეტად მიიჩნევს, რაც არაერთხელ გაცხადდა, მათ შორის, კლიმატის ცვლილების შერბილებისთვის, ეროვნულ დონეზეა განსაზღვრული სათბური აირების შემცირების საკითხი. შედეგი მიიღწევა მხოლოდ სწორი პოლიტიკით - კერძო სექტორთან და  მსოფლიოს სხვა ქვეყნებთან პარტნიორულ თანამშრომლობით, რადგან ჩვენ გვჭირდება გამოცდილება, რითაც ვიხელმძღვანელებთ და რესურსი, როგორც ფულადი, ასევე ადამიანური, რა მხრივაც განვიცდით პრობლემას. ამისთვის არსებობს ევროპული გამოცდილება, იმ ღონისძიებების სახით, რასაც ევროპული ქვეყნები მიმართავენ, მათ შორის, საკანონმდებლო დონეზეც. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია ასევე საქართველოს მოსახლეობის დამოკიდებულება კლიმატის ცვლილების მიმართ, ადამიანების მზაობა, პირადი წვლილი შეიტანონ კლიმატის ცვლილების დაძლევის საქმეში“, - ამბობს რუსიკო სიმონიძე report.ge-თან.

ცნობისთვის, საქართველომ აიღო ახალი საერთაშორისო ვალდებულება კლიმატის ცვლილების დაძლევის მხრივ - 2030 წლისთვის 35%-ით შეამციროს სათბურის აირების გაფრქვევის ჯამური მაჩვენებელი 1990 წელს დაფიქსირებულ მაჩვენებელთან შედარებით. ამის შესახებ report.ge-ს გაეროს განვითარების პროგრამის, UNDP-ის საქართველოს წარმომადგებლობაში განუცხადეს. დოკუმენტი, როგორც „ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილი“ საქართველოს მთავრობამ აპრილში დაამტკიცა, ხოლო მაისის დასაწყისში გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის სამდივნოს წარუდგინა.

შეგახსენებთ, კლიმატის ცვლილების დაძლევა მდგრადი განვითარების ერთ-ერთი მიზანი და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. სწორედ ამიტომ, UNDP-ის სწრაფი განვითარების ლაბორატორიამ კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული საკითხების შესწავლა და გადაწყვეტების ძიება თავისი საქმიანობის ერთ-ერთ წამყვან სფეროდ აირჩია. მათი ინგორმაციით, საქართველო კლიმატის ცვლილების შედეგებს ყოველდღიურად განიცდის და მისი გავლენა ქვეყნის ეკონომიკასა და ადამიანების ცხოვრებაზე შემაშფოთებელია

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system