თავში

რა უშლის ხელს ლარიზაციის პროცესს

რა უშლის ხელს ლარიზაციის პროცესს
რა უშლის ხელს ლარიზაციის პროცესს

ეროვნული ვალუტის მიმართ უნდობლობა, მწირი ეკონომიკა და წარმოების დეფიციტი მთავარი პრობლემებია, რაც ექსპერტების აზრით, დედოლარიზაციის პროცესზე უარყოფითად მოქმედებს. ასეთ შემთხვევაში კი, როგორც საბანკო სფეროს სპეციალისტი ლია ელიავა აცხადებს, ლარიზაციის პროცესში წარმატება ვერ მიიღწევა. 

,,ლარიზაციის პროცესი, თუ ადგილობრივი წარმოების ზრდით არ იქნება გამაგრებული, აბსოლუტურად ფუჭი მცდელობაა. ის ქვეყნები, რომლებმაც თავისი ეკონომიკების დედოლარიზაცია მოახდინეს, თავინთი წარმოება გააძლიერეს, ჩვენთან კი ეკონომიკა იმპორტსა და მომსახურებაზეა ორიენტირებული. შესაბამისად, ლარიზაცია ჯერჯერობით შეუძლებელია. შემცირებული სავალუტო შემოდინებები ააშკარავებს, რომ საქართველოში ლარიზაციის პროცესი პრაქტიკულად ვერ მიდის. ეკონომიკა დღესაც, როგორც ადრე, უცხოურ ვალუტაზეა დამოკიდებული. ამ პროცესს ვერც ის გარემოება უწყობს ხელს, რომ ეროვნული ბანკი ამკაცრებს მონეტარულ პოლიტიკას და ფაქტობრივად ლარის დიდი მასა ამოაქვს ეკონომიკიდან და მოსახლეობის ჯიბიდან, ამით უნებურად ხელს უწყობს ეკონომიკის დამოკიდებულებას უცხოურ ვალუტაზე. ცხადია, ასე ეკონომიკის მართვა არ შეიძლება, არამწყობრი ღონისძიებაა, რომლის ეფექტიანობა ფაქტობრივად ნულის ტოლია", - განმარტავს ელიავა report.ge-თან. 

დედოლარიზაციის ყველაზე დიდ პრობლემად ფინანსისტი გოჩა თუთბერიძე უნდობლობას მიიჩნევს. მისი თქმით,  თუკი ეროვნული ვალუტა მეტ ნდობას მოიპოვებს, სავალუტო რყევები შემცირდება, მაგრამ ამის ნიშნები ჯერჯერობით არ იკვეთება. 

,,ლარს თუ ექნება საკმარისი ნდობა და ადამიანები შენაძენებს, გარიგებებს განახორციელებენ ლარებში, ლარის კურსს დადებითად დაეტყობა, მაგრამ სხვა საკითხია, რამდენად არის ეს მცირე ეკონომიკის პირობებში შესაძლებელი. რამდენი წელია, ლარიზაციის პოლიტიკას ახორციელებს ეროვნული ბანკი, მაგრამ წარმატებას ვერ მიაღწია, ლარიზაცია ვერ ჩამოსცდა 60%-ს როგორც სესხების კუთხით, ასევე დეპოზიტებშიც. სურვილი კარგია, მაგრამ მისი განხორციელება რთულად მეჩვენება. რაც არ უნდა გააკეთოს ეროვნულმა ბანკმა, უკვე ვერ შეძლებს, რომ ადამიანებმა გარიგებები მოახდინონ ლარში, ამას განაპირობებს უნდობლობა. ნდობა მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის მიმართ ნდობაზეც არის დამოკდიებული, რამდენად ვენდობით მთავრობას და გვჯერა, რომ მაკროეკონომიკურ სტაბილურობას მიაღწევს, მაგრამ ამის არავის გვჯერა, ყველაფერი ეს კურსზე და ზოგადად, დედოლარიზაციის პროცესზე ნეგატიურად მოქმედებს", - ამბობს თუთბერიძე report.ge-თან.

ცნობისთვის, ლარიზაცია გაგრძელდება. ამის შესახებ დღეს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის (მპკ-ის) სხდომის შემდეგ განაცხადა. ქვეყნის პირველი ბანკირის განმარტებით, ლარიზაცია ეროვნული ვალუტის კურსის ცვლილებაზე გავლენას არ ახდენს. მისივე თქმით, ლარიზაციის პოლიტიკაზე უარის თქმა შეცდომა იქნება, რადგან ის გრძელვადიანი პროცესია და მისი შედეგი თვალსაჩინო მოგვიანებით გახდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system