თავში

რა ვალდებულება უჩნდება საპატრიარქოს ტყის ფლობის შემთხვევაში

რა ვალდებულება უჩნდება საპატრიარქოს ტყის ფლობის შემთხვევაში
რა ვალდებულება უჩნდება საპატრიარქოს ტყის ფლობის შემთხვევაში

"საპატრიარქოს ტყის ფლობის შემთხვევაში ბევრად მეტი ვალდებულება ექნება ვიდრე უფლება," - ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა პარლამენტში „საქართველოს ტყის კოდექსის“ III მოსმენაზე განაცხადა.

მისი თქმით, კანონპროექტის განხილვის პერიოდში არაერთი მცდარი ინფორმაცია გავრცელდა, რომ მთავრობა მიზანმიმართულად აპირებს არჩევნების წინ საპატრიარქოს გადასცეს ტყეები და საკუთრების უფლება მათზე.

„პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ ამ კანონით საპატრიარქოს, თუკი მიეცემა გარკვეული რაოდენობის ტყეები ეკლესია-მონასტრების მიმდებარედ, რომელთა დიდი ნაწილი, რა თქმა უნდა, ტყის ფონდშია განთავსებული, მას უფრო მეტი ვალდებულება ექნება ამ კოდექსით და ახალი კანონმდებლობით, ვიდრე უფლება. ეს ვალდებულებები მოიცავს მოვლას, აღდგენას, ტყის მდგრად მართვას, სატყეო სპეციალისტების დაქირავებას, ინვენტარიზაციას, მართვის გეგმების შედგენას და მთელ რიგ სხვა ვალდებულებებს, ისეთს, რომლებიც სხვა დანარჩენ ტყით მოსარგებლეებს დაეკისრებათ, რომლებიც ტყის გარკვეულ ტერიტორიებს სხვადასხვა მიზნისათვის მიიღებენ სახელმწიფოსგან“, - განაცხადა ნინო თანდილაშვილმა.

მისი თქმით, ამგვარად სპეკულაციები, თითქოს, ტყის ნაწილი უსასყიდლოდ გადაეცემა საპატრიარქოს, არის მორიგი ტყუილი და შეურაცხყოფა მათი, ვინც ერთობლივად გაწია შრომა ამ კოდექსის საბოლოო კონდიციამდე მიყვანის საქმეში.

„პირიქით, საპატრიარქოს შეეზღუდა ჰექტრულად რაოდენობა ფართობებისა, რაც შეიძლება რომ მან ეკლესია-მონასტრების მიმდებარედ სახელმწიფოსგან მიიღოს და ისარგებლოს ისევ და ისევ იმ მიზნებისთვის, რომ იმ ეკლესი-მონასტრებს, რომლებიც ტყის ფონდში ისტორიულად განთავსებული გახლავს, მოუაროს, უპატრონოს და ჩვენ ეს შევუნახოთ მომავალ თაობებს. ეს არის ასახული კანონში ცალსახად. ამ კანონის მთავარი მიზანი გახლავს ის, რომ ჩვენ უკეთესად მოვუაროთ იმ მნიშვნელოვან რესურს, რაც გვაქვს - 40%-ს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიისა, რომელიც არის უმნიშვნელოვანესი რესურსი ეკოსისტემური თვალსაზრისითაც, და ცხადია, მას თავისი ეკონომიკური ღირებულებაც გააჩნია“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

საბოლოოდ, კომიტეტმა კანონპროექტს მესამე მოსმენით ერთხმად დაუჭირა მხარი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system