თავში

რა ზომებია მისაღები სურსათის დეფიციტის რისკის პრევენციისთვის

რა ზომებია მისაღები სურსათის დეფიციტის რისკის პრევენციისთვის
რა ზომებია მისაღები სურსათის დეფიციტის რისკის პრევენციისთვის

გაერო საკუთარ კვლევებში სურსათის მოსალოდნელ საფრთხეზე ბოლო წლების განმავლობაში მუდმივად საუბრობს. ბოლო დროს ამ პრობლემას განსაკუთრებით გაესვა ხაზი პანდემიისა და მისგან გამოწვეული პრობლემის გამო.  ცხადია, ზომების მიღება მოუწევს მსოფლიოს ყველა ნორმალურ სახელმწიფოს, მათ შორის საქართველოს, სადაც სპეციალისტების განმარტებით, დეფიციტზე მეტად, კვების რეჟიმი და სასურსათო პროდუქტის კალორიულობის მხრივ გველის პრობლემა. ამის შეასხებ report.ge-თან სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ასოციაციის ხელმძღვანელი კობა კობალაძე საუბრობს.

მეცნიერის განმარტებით, საქართველოს აქვს რეალური შესაძლებლობა, რომ გამოკვებოს საკუთარი მოსახლეობა და იმპორტზე მინიმალურად იყოს დამოკიდებული.

,,განსაკუთრებული ყურადღება მიწას და წყალს უნდა მიექცეს. ამისთვის კი, აუცილებელია აგრარული სექტორში ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, რაც მრავალ პრობლემას მოხსნის. პირველ რიგში, უნდა დავიწყოთ მიწების დამცავი სასოფლო-სამეურნეო ტექნოლოგიის და ტექნიკის გამოყენება. დიდი მნიშვნელობა აქვს აგრეთვე მიწების გასარწყავებას, სადაც თვითდინება არ იქნება შესაძლებელი, ჭაბურღილი გაკეთდეს. ამ მიმართულებით ბოლო დროს მთავრობის მხრიდან გარკვეული ქმედითი ნაბიჯები იდგმევა, რაც კარგია, მაგრამ მეტად უნდა გააქტიურდეს მუშაობა, რათა გლობალურ გამოწვევას გავუმკლავდეთ. აუცილებლად უნდა გაკეთდეს აქცენტი ძვირადღირებული პროდუქციის წარმოებაზე. სწორი აგრარული პოლიტიკის პირობებში საქართველოს შეუძლია დაახლოებით 4-5-ჯერ გაზარდოს სამხრეთული კულტურების წარმოება. გარდა ამისა, მეტი ყურადღება მიექცეს წყალსაცავების გაკეთებას, რადგან სურსათის დეფიციტამდე შეიძლება დადგეს წყლის გამოყენების პრობლემა. შეიძლება ითქვას, რომ ფიზიოლოგიურ დონეზე შიმშილობის პრობლემა არ გვემუქრება, თუმცა პრობლემაა კვების რეჟიმი, რადგან ე.წ. ძვირი კალორიები ხალხისთვის მიუწვდომელია. შესაბამისად, რაციონში პური დიდი რაოდენობით გამოიყენება", - განმარტავს კობალაძე.

როგორც კობა კობალაძე აღნიშნავს, მსოფლიო მოსახლეობის რაოდენობა სწრაფად მატულობს. გაეროს მონაცემით, მიმდინარე წელს მსოფლიოში 7,7 მილიარდზე მეტი ადამიანი ცხოვრობს და 25 წელიწადში მათი რაოდენობა 9,7 მლრდ-ს, საუკუნის მიწურულს კი ეს მაჩვენებელი 11 მლრდ-ს მიაღწევს. მოსახლეობას ზრდას თან ხანდაზმულთა და შობადობის რიცხვის შემცირება ახლავს.

გაერო პროგნოზირებს, რომ 2050 წელს მსოფლიო მოსახლეობის 70% -ზე მეტი იმ ქვეყნებში იცხოვრებს, სადაც მოსახლეობის რეპროდუქციისთვის აუცილებელი დონე უფრო დაბალია.

აგრარული სფეროს სპეციალისტი ბადრი რამიშვილი ამბობს, რომ ყველაფერიუ უნდა გაკეთდეს, რათა სტრატეგიული პროდუქტების მარაგის მხრივ ქვეყანაში პრობლემა არ გაჩნდეს.

,,სტრატეგიული პროდუქტების მარაგის მხრივ სტაბილურობა უნდა შევინარჩუნოთ. ამ მიმართულებით ზომებს თუ არ გავაძლიერებთ, საქართველოში შიმშილი გარდაუვალია. ღმერთმა ნუ ქნას, რომ მსოფლიოში ვითარება გართულდეს. ამიტომ სტარტეგიული პროდუქტების წარმოების ზრდაზე უნდა გაკეთდეს აქცენტი და ამავე დროს ამერიკასთან პირდაპირი სტრატეგიული ურთიერთობა უნდა გავაძლიეროთ, რომ ხორბლით მომარაგების პრობლემა არ შეექმნას საქართველოს. რუსეთმა და უკრაინამ ექსპორტი შეზღუდეს, მომავალში უფრო მკაცრ ზომებს მიიღებენ. ეს ბუნებრივიცაა, რადგან რუსეთი ნავთობის წარმოებაში ისეთ კრიზისს განიცდის, რომ დანაკარგის ანაზღაურებას ხორბლით შეეცდება და საგრძნობლად გაძვირდება, ამიტომ დროულად არის პრევენციის ზომები მისაღები", - აცხადებს რამიშვილი report.ge-თან.

შეგახსენებთ, რომ გაერო-მ კაცობრიობისთვის გლობალური სასურსათო კრიზისი იწინასწარმეტყველა. ორგანიზაციამ აღნიშნა, რომ პლანეტა უზარმაზარი სირთულეების წინაშე აღმოჩნდა. პანდემიამ და ბუნებრივმა კატასტროფებმა სოფლის მეურნეობა მნიშვნელოვნად დააზარალა. 

რაც შეეხება პურის მოხმარების დონეს, სპეციალისტების ინფორმაციით, იგი ძირითადი საკვები პროდუქტია, რომელსაც საქართველოს მოსახლეობა ყველაზე მეტი რაოდენობით მოიხმარს. შეიძლება ითქვას, რომ საგანგაშო დონემდეც, რადგან როგორც ექსპერტები განმარტავენ, პურის წილი სასურსათო კალათაში 60%-ს აჭარბებს, როცა ყველა ნორმალურ ქვეყანაში ეს მაჩვენებელი 10-12%-ის ფარგლებშია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system