თავში

რაჭაში გირჩის წლევანდელი მოსავალი 20%-ით შემცირდა

რაჭაში გირჩის წლევანდელი მოსავალი 20%-ით შემცირდა
რაჭაში გირჩის წლევანდელი მოსავალი 20%-ით შემცირდა

რაჭაში გირჩის რთველი დასრულდა. წლევანდელი სეზონი ნაკლებმოსავლიანი იყო. სპეციალისტების ინფორმაციით, წელს დაახლოებით 120 ტონა გირჩის თესლი მიიღეს. სეზონური ცვლილებიდან გამომდინარე, რაოდენობა, წინა წელთან შედარებით, 15-20%-ის ფარგლებში შემცირდა.

რაც შეეხება ფასს, ევროპაში გირჩის თესლი 50-65 ევროს ფარგლებში იყიდება. ამ ძვირფას პროდუქციას სხვადასხვა დანიშნულებით იყენებენ. დანიამ, მაგალითად, ამ თესლით მთელ ევროპაში საახალწლო ნაძვის ხეების ბიზნესი დაიწყო. ჩვენებური სოჭის თესლიდან ხე 7-8 წელიწადში იზრდება. მწიფე გირჩაში დაახლოებით 25 ცალი თესლია. ზოგიერთ ქვეყანაში გირჩის თესლს პარფიუმერიასა და კულინარიაში იყენებენ. თუმცა ძირითადად მაინც  რაჭიდან გირჩი ევროპელების საყვარელი ნაძვის ხეების გასამრავლებლად გააქვთ და ნერგები ევროპაშიც გამოყავთ. 

როგორც დარგის სპეციალისტები აღნიშნავენ, ევროპაში საშობაოდ გაყიდული ნაძვის ხეების 90% საქართველოდან გატანილი სათესლე მასალითაა მოყვანილი. ამ ბიზნესიდან საქართველომ შარშან მხოლოდ 335 000 ლარი მიიღო მაშინ, როცა მარტო შობა-ახალ წელს გაყიდული ხეების საერთო ოდენობა ევროპაში 2.4 მლრდ ევროს აღწევს. ცოცხალი ნაძვების ნახევარზე მეტი სწორედ რაჭული კავკასიური სოჭია. ეს ხეები რაჭაში არ იჭრება, მაგრამ წარმოშობით საქართველოს ამ რეგიონიდან არის.

აქაური სოჭების უნიკალობაზე რაჭველებიც ბევრს ჰყვებიან. გორისუბნელი გივი მდივნიშვილის თქმით, გასული საუკუნის დასაწყისში თლუღის ტყეში ხანძარი გაჩენილა. ტყე თითქმის მთლიანად დამწვარა და ”ამ ადგილის ტოლ-სწორად წამოსული ამონაყარი”, დაახლოებით 50 წლის შემდეგ სოჭის ტყედ ქცეულა.

,,თლუღში ფიჭვისებრთა ოჯახის ქართული წარმომადგენელი – კავკასიური სოჭი ხარობს, რომელიც შეუფასებელია მათთვის, ვისაც საახალწლოდ ”ცოცხალი” ნაძვის ხის მორთვა უყვარს. რაჭაში მოყვანილ კავკასიურ სოჭს განსაკუთრებული, ვერცხლისფერი შეფერილობა და სიმეტრიული, იარუსებიანი ფორმა აქვს. ეს ჯიში ნორდმანის სოჭის სახელითაცაა ცნობილი და ძირითადად, კავკასიაში ხარობს. გირჩის თესლის თითქმის ყველა მწარმოებელიც ამ ადგილებში მუშაობს. ნორდმანის ჯიში, სოჭის სხვა ჯიშებისგან განსხვავებით, უფრო მალე იზრდება – 6-7 წელიწადში მათი საშობაო ნაძვის ხეებად გაყიდვა შეიძლება", - ამბობს მდივნიშვილი. 

სატყეო დეპარტამენტის ყოფილი უფროსის, მეტყევე მერაბ დვალის ინფორმაციით, რაჭაში გირჩის რთველი ამ ეტაპზე დასრულდა და მოსავალი უკვე ესპორტზე გადის.

,,წელს კარგი მოსავალი არ იყო, 4-5 წელიწადში ერთხელ ასე ხდება, სეზონური ცვლილებაა, რაც გირჩს ახასიათებს. დაახლოებით 120 ტონამდეა, კარგი მოსავლიანობის პირობებში მეტიც იკრიფება. შარსანდელთან შედარებით კი კლება, სულ მცირე, 15-20%-ის ფარგლებშია. ეს ბიზნესი საქართველოში საბჭოთა პერიოდში დაიწყო და 90-იანი წლების მდგომარეობით, ქვეყნიდან 20 ტონა გირჩის თესლი გადიოდა ექსპორტზე. აქედან 2 ტონა ბორჯომის გირჩია, დანარჩენი 18 ტონა კი რაჭიდანაა, რომელიც საუკეთესო ჯიშად ითვლება. საქართველოს ნამდვილად აქვს რესურსი თავად მოახდინოს კულტივაცია, მცენარის გაზრდა და შემდეგ ექსპორტზე გატანა. ამისათვის კი სახელმწიფოსთან ერთად კერძო სექტორის ინტერესი და სწორი გათვლაა საჭირო. სწორი და კოორდინირებული მუშაობით შესაძლებელია, რომ არა მხოლოდ ადგილზე მოხდეს ტყის გაშენება, არამედ საექსპორტოდაც გავიტანოთ ქართული ჯიშის ნერგები, რომელიც ასე პოპულარულია მთელ მსოფლიოში", - აცხადებს მეტყევე report.ge-თან საუბრისას.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system