თავში

რადიომაუწყებლებს მილიონ ნახევარი ლარის დავალიანება ჩამოეწერებათ - თურნავა

რადიომაუწყებლებს მილიონ ნახევარი ლარის დავალიანება ჩამოეწერებათ - თურ
რადიომაუწყებლებს მილიონ ნახევარი ლარის დავალიანება ჩამოეწერებათ - თურნავა

რადიომაუწყებლობის კომპანიებს მილიონ ნახევარი ლარის დავალიანება ჩამოეწერებათ, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ მთავრობის დღევანდელი სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, პანდემიის გამო, რადიომაუწყებლებს შემოსავლები შეუწყდათ ან შეუმცირდათ, რის გამოც დაგროვილი დავალიანების ჩამოწერის მოთხოვნით მიმართეს საქართველოს მთავრობას და მარეგულირებელ კომისიას. თურნავას თქმით, მთავრობამ დღეს გაითვალისწინა კომპანიების წინაშე მდგარი პრობლემები.

„გადაწყვეტილება ვიცი, ძალიან გაუხარდებათ სხვადასხვა რადიომაუწყებელ კომპანიას. მოგეხსენებათ, სახელმწიფო საკუთრებაში არსებობს ასეთი კომპანია შპს „საქართველოს ტელე-რადიო ცენტრი“, რომელიც მთელი საქართველოს მასშტაბით ფლობს ანძებს. ანძების მეშვეობით ვაწვდით სიხშირეებს სხვადასხვა რადიომაუწყებელს. ჩვენ რამდენიმე ხნის წინ და ასევე მარეგულირებელ კომისიას მიმართა 24-მა რადიომაუწყებლობის კომპანიამ, რომლებმაც მოითხოვეს ამ „ტელე-რადიო ცენტრის“ მიმართ დაგროვილი დავალიანების პატიება, რაც ახსნილი იყო კორონავირუსის პანდემიის პერიოდით. ჩვენ მიერ, მთავრობის მიერ გაზიარებულ იქნა ეს არგუმენტაცია, რადგან მართლაც, ძირითადი შემოსავალი რადიომაუწყებლების, რადიოკომპანიების არის რეკლამა.

მოგეხსენებათ, რომ 2020 წელს შეფერხებული იყო ეკონომიკური საქმიანობა და რა თქმა უნდა, შემოსავლები ამ წყაროდან მათ შეუწყდათ ან შეუმცირდათ. აქედან გამომდინარე, მთავრობამ გაიზიარა მათი მოთხოვნა და მთლიანობაში, დაახლოებით მილიონ ნახევარი ლარის დავალიანება და ასევე, წლის ბოლომდე მომსახურების საფასურის პატიება ხდება რადიომაუწყებელი კომპანიების მიმართ. გვინდა, მათ ვუსურვოთ წარმატება. რა თქმა უნდა, ამ გადაწყვეტილებამ ხელი შეუწყო და მომავალშიც შევუწყობთ ხელს მათ შეუფერხებელ საქმიანობას, თავისუფალ რადიომაუწყებლობას. გავითვალისწინეთ მათ წინაშე მდგარი პრობლემები და ასეთი ქმედითი ბერკეტი მოვნახეთ და დავამტკიცეთ დღეს“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system