თავში

რამ განაპირობა საარსებო მინიმუმის ზრდა თებერვალში

რამ განაპირობა საარსებო მინიმუმის ზრდა თებერვალში
რამ განაპირობა საარსებო მინიმუმის ზრდა თებერვალში

სპეციალისტები საარსებო მინიმუმის ზრდის მთავარ ფაქტორად სურსათზე ფასებს მიიჩნევენ. თუმცა საუბარია იმაზეც, რომ მცირედით გაზრდილი საარსებო მინიმუმი ვერ ასახავს რეალობას და არსებული სტატისტიკა სამომხმარებლო ფასების შეუსაბამოა. report.ge-თან ეკონომისტი გივი მომცელიძე საუბრობს, რომ სურსათის კომპონენტი, რომელსაც საარსებო მინიმუმის კომპონენტის დაანგარიშებაში 70%-იანი ნიშა უჭირავს, მუდმივად ძვირდება ბოლო პერიოდის განმავლობაში, რაც ოფიციალურ სტატისტიკაზე აისახა. 

,,ბუნებრივია, რომ ფასებთან დაკავშირებული ყოველი ცვლილება საარსებო მინიმუმის მაჩვენებელშიც აისახება, მაგრამ ეს არ არის იმ დონეზე, რომ მასშტაბითაც რეალურად ძვირდება ცხოვრება. საქართველოში ბევრი თვლის, რომ საარსებო მინიმუმის არსებული მაჩვენებელი რეალობის არაადეკვატურია და ამაზე დღეს ფაქტობრივად არავინ დაობს. ძნელად წარმოსადგენია, რომ შრომისუნარიან ადამიანს საკუთარი თავის რჩენა 197,2 ლარზე მეტი არ უჯდება, ეს რეალურად წარმოუდგენელია. ამიტომ მიმაჩნია, რომ სტატისტიკა რეალობას არ შეესაბამება.  გაცილებით მეტი უნდა იყოს საარსებო მინიმუმი დღევანდელ სიტუაციაში, მაგრამ ეკონომიკა ამის საშუალებას არ იძლევა. რეალობის ადეკვატური ღირებულების საარსებო მინიმუმის ცხოვრებაში გასატარებლად საჭიროა სოციალური პროგრამების აქტიური განხორციელება სახელმწიფოებრივ დონეზე, ახალი სამუშაო ადგილების შექმნა, ხელფასების, პენსიების, შემწეობების მომატება, გადასახადებზე შეღავათების დაწესება და სხვა, რაც გაზრდის მოსახლეობის შემოსავლებს და გააუმჯობესებს მათ მყიდველობით უნარს. ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ შემუშავდეს სტრატეგიული გეგმა, მათ შორის, საარსებო მინიმუმთან დაკავშირებით, რადგან არსებული მაჩვენებელი არის უკიდურესი სიღარიბის განმსაზღვრელი, რაც ყოვლად წარმოუდგენელია და ხაზს უსვამს ჩვენი ქვეყნის დუხჭირ მდგომარეობას", - აცხადებს მომცელიძე report.ge-თან.

ეკონომისტის განცხადებით,  საარსებო მინიმუმი მინიმალურ პენსიას თუ გადასცდა, პენსიონერებიც ფაქტობრივად შიმშილის ზღვარზე აღმოჩნდებიან და მათი მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდება.

ცნობისთვის, საქსტატის მიერ დღეს გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, იანვართან შედარებით, თებერვალში საარსებო მინიმუმი გაიზარდა. ახალი კალკულაციის თანახმად, შრომისუნარიანი მამაკაცის ერთი თვის საარსებო მინიმუმი 1.7 ლარით გაიზარდა და ის 197,2 ლარს შეადგენს. წლიურ ჭრილში კი, ეს მაჩვენებელი 1.6 ლარით არის შემცირებული.

თებერვლის მდგომარეობით, "საშუალო მომხმარებლის" საარსებო მინიმუმი 174.7ლარია, რაც წინა თვესთან შედარებით 1.5 ლარით არის გაზრდილი. წლიურ ჭრილში კი, ის 1.4 ლარით არის შემცირებული.

ცნობილია, რომ საქსტატის მიერ დღეს წარმოდგენილ ანგარიშს არ ახლავს ოჯახის სულადობრივი საარსებო მინიმუმი, რომელსაც ორგანიზაცია 2021 წლამდე აქვეყნებდა.



ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system