თავში

რამ შეიძლება შეაფერხოს ქართული ხილის ექსპორტი

რამ შეიძლება შეაფერხოს ქართული ხილის ექსპორტი
რამ შეიძლება შეაფერხოს ქართული ხილის ექსპორტი

უცხოურ ბაზრებზე ადგილობრივი წარმოების ხილზე მოთხოვნამ მკვეთრად მოიმატა. ექსპორტიორების ინფორმაციით, პრიორიტეტი კვლავ ევროპაა, თუმცა ქართული პროდუქტი ყველაზე დიდი რაოდენობით რუსეთში გადის. ექსპორტიორები ამბობენ, რომ მოთხოვნა დიდია, თუმცა მიწოდების მხრივ შეიძლება პრობლემა შეიქმნას. ამის მიზეზი, ქართული ხილის კომპანიის" დამფუძნებლის, ვახტანგ ბეჟიტაშვილის ინფორმაციით, ხილის ხარისხია, რადგან უამინდობამ ატმისა და ვაშლის მოსავლის გარკვეული ნაწილი დააზიანა.

,,წელს ხილი ექსპორტისთვის საკმაოდ საინტერესო სეზონია. მოთხოვნა მნიშვნელოვნად არის გაზრდილი. დიდი მნიშვნელობა აქვს მოსავლის ხარისხსა და რაოდენობასაც, ჯერჯერობით სხვა ვერაფერი დაგვაბრკოლებს. კონკრეტულად ვაშლისა და ატმის ექსპორტზე ვმუშაობთ. ტრადიციული ბაზარი კვლავ რუსეთია, პროდუქტი გაგვაქვს ასევე ყაზახეთსა და უკრაინაში.  პარალელურად ვმუშაობთ ბაზრის დივერსიფიკაციაზე, რომ ევროკავშირის ბაზარზე შევძლოთ გატანა, ამ მხრივ დავიწყეთ პოლონეთით, პირველი პარტია ამ ეტაპზე იგზავნება, ვნახოთ, როგორი მოთხოვნაც იქნება, მიწოდებას შესაბამისად უზრუნველვყოფთ. პოლონეთის ბაზარზე დიდი რაოდენობის ხილი ჯერ არ გაგვაქვს, მაგრამ ეს მიმართულება ჩვენი კომპანიისთვის მნიშვნელოვანია იმით, რომ გაუკვალოს ექსპორტს ახალი გზა. მოთხოვნაა დიდია და ხარისხის გარდა, ვერაფერი შეგვიშლის ხელს, უამინდობამ ატმისა და ვაშლის მოსავალს პრობლემა შექმნა, ამიტომ ვერ უზრუნველვყოფთ მიწოდებას იმ დონეზე, რა მოთხოვნაც აქვთ პარტნიორებს ქართული ხილის მიმართ", - განუცხადა report.ge-ს ვახტანგ ბეჟიტაშვილმა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მონაცემით, აგვისტოს მდგომარეობით, საქართველოდან ექსპორტირებულია 16 273 ტონა ატამი და ვაშლატამა, რაც 6 521 ტონით აღემატება წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს.

ქართული ატმისა და ვაშლატამას ძირითადი საექსპორტო ქვეყნებია რუსეთის ფედერაცია (62% - 10 108 ტონა), სომხეთის რესპუბლიკა (33% - 5 323 ტონა) და აზერბაიჯანის რესპუბლიკა (3% - 543 ტონა). ექსპორტი ასევე ხორციელდება ყაზახეთის, მოლდოვას, სლოვენიის, უკრაინისა და სინგაპურის რესპუბლიკებში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system