თავში

რამდენად დამძიმდა კლინიკების პრობლემა დადგენილება 520-ის გამო

რამდენად დამძიმდა კლინიკების პრობლემა დადგენილება 520-ის გამო
რამდენად დამძიმდა კლინიკების პრობლემა დადგენილება 520-ის გამო

დადგენილება 520-თან დაკავშირებით სამედიცინო სფეროს ექსპერტების შეფასება არაერთგვაროვანია. ნაწილი თვლის, რომ ამან პანდემიის გამო შექმნილი მდგომარეობა მთავრობის მიერ 2 წლის წინ მიღებული გადაწყვეტილებით კიდევ უფრო დამძიმდა. ნაწილი კი დაგვიანებულადაც მიიჩნევს, რადგან ფიქრობს, რომ ჩვეულებრივი სტანდარტია, რის დაკმაყოფილებასაც უნდა ცდილობდეს სამედიცინო დაწესებულება, როდესაც ფულს სახელმწიფო იხდის. ამ პოზიციისაა არასამთავრობო ორგანზიაცია ,,გახსოვდეს ჰიპოკრატეს" წარმომადგენელი, ჯანდაცვის ექსპერტი მარინა ბერაძე.

,,დადგენილება 520-თან დაკავშირებით ისეთი ამბავი ატყდა, გეგონებათ მეორედ მოსვლაა, ამ დროს ჩვეულებრივი სტანდარტიზაციაა. ბიუჯეტი გაძლევს ფულს და რეალურად რამდენია საჭირო, ეს უნდა იკითხოს, ამაში უცნაური არაფერია. ვხედავთ, რომ ყველა უკმაყოფილოა. ამ დროს კლინიკების ნაწილი არნახულ მოგებაზე მუშაობს გაბერილი ხარჯის გამო. მთავარია ბიუჯეტიდან რაც შეიძლება მეტი ფული წავიდეს, რა არგუმენტი აქვთ?! ჯანდაცვის სისტემა სანამ ორიენტირებული იქნება ბიზნესზე და არა პაციენტზე, ყოველთვის ასეთი მძიმე მდგომარეობა გვექნება, რაც საბოლოო ჯამში არავის მოუტანს მოგებას. ამდენად, არ ვიზიარებ პოზიციას, რომ არასწორი გადაწყვეტილებაა. პირიქით, სავსებით სწორი მგონია, როგორც ყველა ნორმალური ქვეყანა იქცევა. სხვანაირად ვერ წარმომიდგენია. სახელმწიფო პროგრამას ახორციელებს, ფულს ხარჯავს და ამ დროს სამედიცინო დაწესებულება აწესებს ფასებს, რაც მხოლოდ მისთვის არის მისაღები, არანორმალური მოვლენაა. ასე ჯანდაცვა ვერ განვითარდება. ვინც ფულს იხდის, იმან უნდა დასახოს თავისი მოცემულობა, ვისაც არ სურს კანონს დაემორჩილოს, მაშინ საკუთარი შესაძლებლობებით გასწიოს ხარჯი. რაც დახარჯეს, ისიც კი ათმაგად ამოიღეს, მთელი სექტორი ლამის ერთი ბიზნესის ხელშია მოქცეული და სანამ ეს სიტუაცია არ მოწესრიგდება, არაფერი გამოვა", - ამბობს report.ge-თან მარინა ბერაძე.

ჯანდაცვის სფეროს ექსპერტი სერგო ჩიხლაძე ამბობს, რომ პანდემიამდე ჯანდაცვაში უამრავი პრობლემა იყო, რომლებიც უფრო და უფრო მეტად მწვავდებოდა, დაწყებული ხარისხით, ანაზღაურებითა და მედიკამენტების ფასით დასრულებული. მისი თქმით, ეს პრობლემები არსად წასულა, პირიქით, პანდმიამ უფრო მეტად გამოკვეთა, უბრალოდ, ჩვენ მეტად გადავერთეთ მხოლოდ კორონავირუსის გარშემო.

,,მიმაჩნია, რომ 520-ე დადგენილება თავიდანვე ყოველგვარ აზრსა და ანალიზს მოკლებული იყო. ყველა ერთხმად ვურჩევდით სამინისტროს, რომ გადადებულიყო და შეცვლილიყო. ყველაზე ცუდ შედეგებს ახლა ვიღებთ და ამით ზარალდებიან ისევ სამედიცინო დაწესებულებები. 2020 წელი თითქმის 300 მლნ ვალით დაასრულა ჯანდაცვის სამინისტრომ კლინიკების მიმართ. 520-ე დადგენილებით ფინანსური პრობლემა კიდევ მეტად ძლიერდება, რადგან კლინიკებს შემსოავლები უმცირდებათ", - აცხადებს ჩიხლაძე.

შემოსავლების კლება კვლევებითაც დასტურდება. ჯანდაცვის ბარომეტრი აჩვენებს, რომ 520-ე დადგენილება საყოველთაო პროგრამის პროვაიდერების შემოსავლებს 5-7%-ით შეამცირებს. ამის შესახებ აღნიშნულია გალტ & თაგარტისა და საერთაშორისო ფონდი კურაციოს მომზადებულ ჯანდაცვის სფეროს ბარომეტრის XIV ტალღის გამოცემაში.

ჯანდაცვის სფეროს მკვლევართა განმარტებით, ყოველწლიურად მზარდმა საბიუჯეტო დანახარჯებმა და დაგროვებულმა დავალიანებამ სახელმწიფოს წინაშე საბიუჯეტო ხარჯვის სტაბილურობის ამოცანა დააყენა, რის გამოც სახელმწიფომ გადაწყვიტა ერთიან სატარიფო სისტემაზე გადასვლა. პირველი ნაბიჯი ხელისუფლებამ 2019 წელს 520-ე დადგენილებით გადადგა.

კვლევის მიხედვით, ჯანდაცვის სექტორში ჭარბი საწარმოო სიმძლავრეებია და არ ხდება მათი ეფექტური გამოყენება; სექტორის მომგებიანობის მაჩვენებლები 2015 წლიდან უარესდება; სახელმწიფო დანახარჯები ჯანდაცვაზე მუდმივად მზარდი და არაკონტროლირებადია, რომლის დაბალანსებასაც სახელმწიფო უნიფიცირებული ტარიფების შემოღებით ცდილობს. ამასთან, მოსალოდნელ რეგულაციებთან და სახელმწიფო პოლიტიკასთან დაკავშირებით გაურკვევლობის მაღალი დონე ხელს უშლის ინვესტიციების მოზიდვას და ართულებს სამედიცინო კომპანიების მიერ გრძელვადიანი საინვესტიციო თუ საოპერაციო სტრატეგიის შემუშავებას.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system