თავში

რამდენად გამართულია ქვეყანაში საქალაქთაშორისო სამგზავრო გადაყვანები

რამდენად გამართულია ქვეყანაში საქალაქთაშორისო სამგზავრო გადაყვანები
რამდენად გამართულია ქვეყანაში საქალაქთაშორისო სამგზავრო გადაყვანები

წლებია საქართველოს ავტოსადგურებზე მძიმე მდგომარეობა არ იცვლება. მოუწესრიგებელია ავტოსადგურების ინფრასტრუქტურა, შეუმოწმებელია სატრანსპორტო საშუალებების უმეტესობა. ასე ფიქრობს სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის პრეზიდენტი, "ჰაბ ჯორჯიას" ექსპერტი, პაატა ცაგარეიშვილი.

ექსპერტი report.ge-სთან ამბობს, რომ რეგიონებში, თბილისთან შედარებით, მდგომარეობა კიდევ უფრო მძიმეა. ექსპერტის მტკიცებით, ავტოსადგურების სავალალო მდგომარეობა საქართველოს იმიჯზე ცუდად მოქმედებს, რამდენადაც ტურისტები ხშირად აწყდებიან პრობლემებს.

ექსპერტი მიიჩნევს, რომ საქალაქთაშორისო გადაყვანების სფეროში რეგულაციების მიღება და ავტოსადგურების ინფასტრუქტურის მოწესრიგება უსწრაფესად უნდა მოხდეს.

"სადღეისოდ საქალაქთაშორისო საავტომობილო გადაყვანების უმთავრესი პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ სახელმწიფო ორგანოებს, კერძო გადამზიდავების საავტომობილო ბაზარზე დაუბრკოლებლი შეღწევის, ოპერირების და რეგულირების კუთხით, არ გააჩნია საკმარისი იურიდიული უფლებამოსილება. შედეგად, საქალაქთაშორისო საავტომობილო ბაზარზე შეღწევის და ოპერირების კუთხით, სექტორი დღესდღეობით მიშვებულია და ნორმატიულ ვაკუუმში მუშაობს, რის საფუძველზეც დაინტერესებული მხარეები (ავტოსადგურები და გადამზიდავები), საავტომობილო ბაზარზე ქმნიან საკუთარ სტრუქტურებს, მათი გავლენიდან გამოდინარე. ამიტომ წინა პლანზე გამოდის - საიმედო, კომფორტული, უსაფრთხო და ხელმისაწვდომი საქალაქთაშორისო სამგზავრო გადაყვანების სერვისების განვითარება, რაც პირველ რიგში დამოკიდებულია ავტოსადგურების ტერმინალების გამართულ მუშაობასთან. ამ თვალსაზრისით აუცილებელია ავტოსადგურების ტერმინალების დაგეგმვის, ადგილმდებარეობის და ოპერირების გაუმჯობესება," - გვიხსნის ექსპერტი და დასძენს, რომ დღეს ავტოსადგურების ტერმინალები უსისტემოდაა განთავსებული, 

"რიგი ავტოსადგურების ტერმინალები შესაფერის ადგილზეა განლაგებული, რიგი არსებული არაფორმალური ტერმინალი კი იყენებს საზოგადოებრივი დანიშნულების საგზაო სივრცეს, რომელიც არ არის სათანადოდ ორგანიზებული, შედეგად წარმოიქმნება საცობები, რაც დამატებით უარყოფითად მოქმედებს გარემოზე. დიდ ქალაქებსა და დაბებში ავტოსადგურების ტერმინალების რაოდენობის შეფასება უნდა განხორციელდეს საქალაქო ტრანსპორტის მოთხოვნების გათვალისწინებით, შეესაბამებოდეს მუნიციპალიტეტის ურბანული განვითარების გეგმებს. ერთ ერთ გადაუჭრელ პრობლემას, ავტოსადგურების ტერმინალებთან, სატრანსპორტო საშუალებების ოპერირებისა და მომსახურების სრულყოფასთან დაკავშირებული რეგულაციების შემუშავება და აღსრულება წარმოადგენს. პრობლემის არსი - ავტოსადგურების ტერმინალის მფლობელების ბაზარზე დიდი გავლენის გამო, ისინი წყვეტენ, ამა თუ იმ ავტობუსის/მიკროავტუბუსის ოპერატორის მიერ, მის ტერმინალზე დაშვების შესაძლებლობას. ტერმინალის მფლობელები აწესებენ ფასებს, რომელიც ავტობუსების ბევრი ოპერატორისთვის მაღალია, რაც მომხმარებლებზეც აისახება. ფაქტიურად, ავტოსადგურების ოპერატორები, ბილეთების გაყიდვის მონოპოლიზირებით, აკონტროლებენ ავტობუსების ოპერატორთა შემოსავალს," - აღწერს ექსპერტი სამგზავრო საავტომობილო გადაზიდვების პრობლემას და მიიჩნევს, რომ აუცილებელია, სახელმწიფოს მხრიდან აღსრულების მექანიზმის დანერგვა. პაატა ცაგარეიშვილის აზრით, სახელმწიფოს მხრიდან ნომინირებულ კომპეტენტურ ორგანოს უნდა მიენიჭოს აღსრულების მნიშვნელოვანი ბერკეტი, შეიმუშაოს ტექნიკური რეგულაცია, რაც გააუმჯობესებს ავტობუსებით მომსახურების ხარისხს. ექსპერტი ამბობს, რომ რეგულაციების დანერგვამ ხელი უნდა შეუწყოს ჯანსაღი კონკურენციის პროცესს და გამოირიცხოს არალეგალური ოპერირება.

"ამ მიმართულებით განსახორციელებელ ძირითად ღონისძიებას, ავტოსადგურების ტერმინალების ოპერატორების მიერ მომხმარებლებისათვის სერვისების სამართლიან და კონკურენტულ ფასებში მიწოდების სამართლებლივი უზრუნველყოფა წარმოადგენს. აქტუალურ პრობლემას წარმოადგენს ავტოსადგურების ტერმინალების ლოკაციებთან, მომსახურების გრაფიკებთან, მგზავრობის ღირებულებასთან და ბილეთებთან დაკავშირებული ინფორმაციის მიწოდების გაუმჯობესება. მომხმარებელებისათვის ინფორმაცია ტარიფების, განრიგების და ბილეთების შეძენის შესახებ, ხშირად არ არის ხელმისაწვდომი ან რთულად მოსაპოვებელია. აუცილებელია დაინერგოს, თანამედროვე ელექტრონული - საკომუნიკაციო მეთოდების გამოყენებით, საქალაქთაშორისო ტრანსპორტის სერვისების შესახებ ინფორმაციის ფართოდ ხელმისაწვდომობა. იგივე მიდგომა უნდა გავრცელდეს ბილეთების გაყიდვებზეც. დღემდე გადაუწყვეტელია ავტობუსების ოპერატორებისთვის ტრენინგებისა და სერტიფიცირების სისტემის დანერგვა," - უხსნის ექსპერტი report.ge-ს და დასძენს, რომ ავტობუსების მძღოლებისთვის აუცილებელია ტრენინგების პროგრამის დანერგვა, რაც გათვლილი იქნება მგზავრთა უსაფრთხო გადაყვანაზე. მისივე აზრით, შესაბამისი მექანიზმის შემუშავება უნდა ითვალისწინებდეს ავტობუსების ოპერატორების სერთიფიცირებას იმასთან მიმართებაში, თუ რამდენად უსაფრთხო და საიმედო გადაყვანის განხორციელებაა მისი სატრანსპორტო საშუალებით შესაძლებელი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system