თავში

რამდენად გამჭვირვალედ და სწორად დაფინანსდა წინასაარჩევნო კამპანია

რამდენად გამჭვირვალედ და სწორად დაფინანსდა წინასაარჩევნო კამპანია
რამდენად გამჭვირვალედ და სწორად დაფინანსდა წინასაარჩევნო კამპანია

საქართველოს პარლამენტის 2020 წლის პარლამენტის არჩევნების კამპანიის დაფინანსების მხრივ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ” შუალედურ ანგარიშში შემდეგი ძირითადი მიგნებები გამოკვეთა:

არჩევნებში მონაწილე 50 საარჩევნო სუბიექტიდან (პარტია და ბლოკი) 29 იყო ისეთი, რომელმაც 2020 წლის 1 იანვრიდან 15 ოქტომბრამდე შემოწირულება მიიღო. ამ სუბიექტების მიერ მოზიდული შემოწირულებების ჯამმა 35 376 394 ლარი შეადგინა, აქედან მმართველ პარტიას „ქართული ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს“ - 17 086 626 ლარი შესწირეს, პარტიას „ლელო საქართველოსათვის“ – 5 075 844 ლარი, ხოლო საარჩევნო ბლოკში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ შემავალმა პარტიებმა ჯამურად 3 735 583 ლარი მოიზიდეს.

საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომს" ცნობით, ყველა საარჩევნო სუბიექტის ჯამური შემოწირულებების 48% მმართველმა პარტიამ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო” მიიღო. თუ წინა საარჩევნო წლების ტენდენციებს შევადარებთ, საპარლამენტო არჩევნების წელს (2016) „ქართული ოცნების” წილი მთლიან შემოწირულებებში 66% იყო, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წელს (2017) კი ეს მაჩვენებელი უკვე 88% გახდა. მმართველი და სხვა პარტიების მიღებულ შემოწირულებებს შორის სხვაობის შემცირება ძირითადად იმან განაპირობა, რომ აქამდე არსებულ ფინანსურად ძლიერი პარტიების ტრადიციულ სიას დაემატა ახალი პარტია „ლელო საქართველოსთვის” და საარჩევნო ბლოკი „გიორგი ვაშაძე - სტრატეგია აღმაშენებელი”.

საარჩევნო ბლოკის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია ძალა ერთობაშია“ მიერ დასახელებული მაჟორიტარობის 25 კანდიდატიდან 15-მა, მათი ოჯახის წევრებისა და ბიზნესპარტნიორების ჩათვლით, 2020 წლის იანვრის შემდეგ, საარჩევნო ბლოკში შემავალ პარტიებს 565,670 ლარი შესწირეს, რაც ამ პერიოდში პარტიის მიერ მთლიანად მიღებული შემოწირულობების 15.1%-ს შეადგენს. ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველოს” ანგარიშშია აღნიშნული.

კვლევის თანახმად, ამ თანხიდან 105,000 ლარი ერთსა და იმავე დღეს, 8 ოქტომბერს, მაჟორიტარობის კანდიდატ მურთაზ ზოდელავას ოთხმა ბიზნესპარტნიორმა -დიმიტრი ძაგნიძემ, გიორგი ჩივიაშვილმა, გიორგი გელხაურმა და ბექა ბასილაიამ შესწირეს.

რაც შეეხება პარტია „საქართველოს პატრიოტთა ალიანსს“, მათ მიერ წარდგენილი მაჟორიტარობის 29 კანდიდატიდან შვიდმა მათგანმა საპარლამენტო არჩევნებამდე, 2 თვის განმავლობაში, პარტიას 421,990 ლარი შესწირა, რაც ამ პერიოდში პარტიის მიერ მთლიანად მიღებული შემოწირულობების 22.6%-ა.

ანგარიშის მიხედვით, ამ თანხიდან 185,000 ლარი ოთხმა კანდიდატმა- იოსებ შატბერაშვილმა, კახაბერ ძაგანიქმ, პაატა ჯიბლაძემ და არჩილ ბენიძემ ერთსა და იმავე დღეს – 10 სექტემბერს შესწირა პარტიას.

აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, საარჩევნო პერიოდში განხორციელებული მედია მონიტორინგის და საარჩევნო სუბიექტების მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის შესწავლის შედეგად, 7 საქმეზე დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება, რომელთაგან სამზე უკვე დაასრულა წარმოება, ორ სამართალდარღვევის ფაქტზე კი შეადგინა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები. ორი საქმის შესწავლა კვლავ გრძელდება, მათ შორისაა შემთხვევა, რომლის შესწავლის მიზეზი გახდა საგამოძიებო ჟურნალისტური პლატფორმის „დოსიე“ ჟურნალისტური გამოძიება, რომელიც ორ ნაწილად 24 და 31 აგვისტოს გამოქვეყნდა და მათში „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ კრემლთან კავშირებსა და ფინანსურ ურთიერთობებზეა მოთხრობილი. აღნიშნულმა საქმემ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი იმას, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურს არ გააჩნია შესაბამისი უფლებამოსილებები და კანონისმიერი ბერკეტები, რითაც შეძლებს მსგავსი შემთხვევების გამოძიებას.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” მოსაზრებით, უნდა შეიქმნას დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სააგენტო. ეს უწყება უნდა აღიჭურვოს საგამოძიებო უფლებამოსილებებით და სხვა საკითხებთან ერთად, პოლიტიკური პარტიების დაფინანსების საკითხებსაც გაუწიოს ზედამხედველობა. პრამდენიმე დეპუტატმა ამ იდეის განსახორციელებლად კანონპროექტი უკვე დაარეგისტრირდა პარლამენტში, თუმცა იგი ჯერჯერობით არ განხილულა”,- ნათქვამია კვლევაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system