თავში

რამდენად სწორია ბალანსი ეკონომიკასა და ჯანდაცვას შორის

რამდენად სწორია ბალანსი ეკონომიკასა და ჯანდაცვას შორის
რამდენად სწორია ბალანსი ეკონომიკასა და ჯანდაცვას შორის

ჯანდაცვის სფეროს ექსპერტი, სერგო ჩიხლაძე ამბობს, რომ დამატებითი შეზღუდვები სოციალური დისტანციის კუთხით ეფექტს აღარ იძლევა. ჩიხლაძე ამას კვლევებზე დაყრდნობით ამტკიცებს. 

მისი თქმით, ჯანდაცვისთვის დამატებითი ღირებულება არა, თუმცა "სახლში დარჩენით", ხალხის გაღარიბება და შიმშილი უკვე რეალურია.

"ჯანდაცვის სისტემის რეალურ მზაობაზე, სისტემის შეფასებაზე და მართვად დატვირთვაზე მსჯელობა კი თითქმის შეუძლებელია თუ არ გვაქვს სარწმუნო მონაცემები და ჩაშლილი სტატისტიკა. მხოლოდ ზედაპირული სტატისტიკა,-ამდენი შემოვიდა, ამდენი გაეწერა, ამდენი გამოჯანმრთელდა, არაფერს გვაძლევს. არ გვაქვს სანდო გამოვლენა გაუმართავი ტესტირების გამო, არ ვიცით საქართველოში საშუალოდ რამდენია პაციენტების კლინიკაში დაყოვნების ხანგრძლივობა, არ ვიცით პაციენტის ხელოვნურ სუნთქვაზე ყოფნის პერიოდი, არ ვიცით რეალურად რამდენი მძიმე პაციენტის გატარება შეუძლია ჯანდაცვის სისტემას, რამდენად მზად ვართ პაციენტების ბინაზე სამკურნალოდ და ა.შ. ამ ყველაფრის დამუშავება არც ისე ძნელია! ხალხის დაპანიკების, დაზაფვრის და პაციენტების დამუნათების ნაცვლად ჯობია კვლევებს და ამ მონაცემების დამუშავებას მიხედოს ზოგიერთმა სპეციალისტმა! შავი ჭირის დროინდელი მიდგომები დღეს აღარ გამოდგება!" - ამბობს სერგო ჩიხლაძე და დასძენს, რომ სიტუაცია ისე უნდა იმართებოდეს, რომ არ ზარალდებოდეს არც ჯანდაცვა და არც ეკონომიკა.

ჩიხლაძის განმარტებით, შეზღუდვები საჭიროა იმისთვის, რომ ჯანდაცვის სისტემა მიმზადებულიყო , რისთვისაც 2-3 თვე სავსებით საკმარისი იყო. ახლა უნდა გვქონდეს მართვადი გავრცელება ვირუსის. ეს ნიშნავს, რომ არ გადაიტვირთება საავადმყოფოები. ამისთვის კი სტატისტიკის წარმოება აუცილებელია.

ჩიხლაძეს არ მოსწონს, რომ არ ჩატარებულა და არაა წარმოდგენილი ეპიდკვლევები, რაც ანალიზის და პროგნოზის შესაზლებლობას უზღუდავს სპეციალისტებს. 

"არც კი ვიცით რეალური გამტარუნარიანობა რამდენია ჩვენი ჯანდაცვის სიტემის. სხვადასხვა ციფრები სახელდება ჯანდაცვის მინისტრის, ეპიდემიოლოგების მხრიდან, თუმცა არც ერთი არაა კვლევებზე დაფუძნებული," - ამბობს ჩიხლაძე და დასძენს, რომ დღემდე, მთავრობას არ გააჩნია მწყობრი და გაწერილი გეგმა, როგორ უნდა გამოვიდეს ქვეყანა ე.წ. lockdown-დან. 

"მიუხედავად მკაცრი შეზღუდვებისა და აკრძალვებისა, არ ჩანს პრობლემების მოგვარების მულტისექტორული მიდგომა. შედეგად გვაქვს გაურკვეველი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა ქვეყანაში, გაუმართავი დიაგნოსტიკა, გაჩერებული ეკონომიკა, გაკოტრებული ბიზნესი, ათიათასობით დაკარგული სამუშაო ადგილი, შიმშილი, მომავლის შიში და დეპრესია," - ამბობს კანდაცვის ექსპერტი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system