თავში

რამდენად სწორია რკინიგზის სამგზავრო გადაყვანების სუბსიდირება

რამდენად სწორია რკინიგზის სამგზავრო გადაყვანების სუბსიდირება
რამდენად სწორია რკინიგზის სამგზავრო გადაყვანების სუბსიდირება

სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის პრეზიდენტი პაატა ცაგარეიშვილი ამბობს, რომ "საქართველოს რკინიგზისთვის“ სამგზავრო გადაყვანები ერთ - ერთი მტკივნეული საკითხია. სატრანსპორტო საკითხებზე მომუშავე პლატფორმის ექსპერტი გვიხსნის, რომ სატვირთო გადაზიდვებიდან ჯვარედინი სუბისდირების  გამოყენება ფინანსურად არამდგრად სარკინიგზო კომპანიას დამატებით ტვირთად აწვება.

"სამართლიანად უნდა აღინიშნოს, რომ რკინიგზის უპირველესი მიზანია, სატვირთო გადაზიდვებიდან მიღებული ფინანსური შემოდინენებები, მიზნობრივად მიმართოს მოძრავი შემადგენლობის, საინფორმაციო სატელეკომუნიკაციო სისტემების და ინფრასტრუქტურის განახლებისთვის; მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს რკინიგზის სამგზავრო გადაყვანებიდან მიღებული შემოსავლები იზრდება, რკინიგზა ახორციელებს წამგებიანი სამგზავრო გადაყვანების სუბსიდირებას (სამგზავრო გადაყვანები ყოველწლიურად 30 - 35 მლნ ლარით წამგებიანია), რაც ზღუდავს რკინიგზის ფინანსურ მდგრადობას და მის განვითარებას," - განმარტავს პაატა ცაგარეიშვილი და დასძენს, რომ საქართველოს რკინიგზა ეფექტიანად ვერ იყენებს არსებული სამგზავრო მატარებლების შემადგენლობებს, რაც პირველ რიგში მისი დაძველებით და ამ სფეროში ინვესტიციების სიმცირითაა განპირობებული, რასაც ემატება საავტომობილო ტრანსპორტთან გაზრდილი კონკურენცია.

ექსპერტი ამბობს, რომ დამატებითი პრობლემა რკინიგზისთვის სამგზავრო მოძრავი შემადგენლობის განახლებაა.

რადგან სამგზავრო გადაყვანები სოციალური საკითხია, report.ge-ი დაინტერესდა, უნდა აიღოს თუ არა სახელმწიფომ სამგზავრო მატარებლების ბიუჯეტიდან სუბსიდირების პასუხისგებლობა, მაგალითად, როგორც ეს ხდება მუნიციპალური ტრანსპორტის (მეტრო, ავტობუსი) განახლებისთვის. 

ჩვენს კითხვაზე პასუხად, ცაგარეიშვილს უკრაინის მაგალითი მოჰყავს. მისი განმარტებით, პირველად დამოუკიდებელი უკრაინის ისტორიაში ინფრასტრუქტურის სამინისტროს თხოვნით, 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში გათვალისწინებულია სამგზავრო ვაგონების განახლებისთვის კონკრეტული თანხები; კერძოდ, 100 სამგზავრო ვაგონის შესაძენად, სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილია 3.28 მილიონი გრივნა.

"ფინანსური თვალსაზრისით, რკინიგზის სამგზავრო გადაყვანების ეფექტიანობა, ერთიან კონსოლიდირებულ შემოსავლებში, სამგზავრო გადაყვანების შემოსავლების პროცენტული წილის ეტაპობრივი ზრდით უნდა შეფასდეს. თუ გავაანლიზებთ საქართველოს რკინიგზის სამგზავრო გადაყვანების შემოსავლების დინამიკას, იგი მზარდი ტენდენციით გამოირჩევა; კერძოდ, 2015 წელს შემოსავალმა 15.5 მლნ ლარი, ხოლო 2019 წელს - 31.1 მლნ ლარი შეადგინა. ეს ფაქტორი ძირითადად შტადლერის მატარებლებლის შემოყვანით და მოგვიანებით ბილეთების ორჯერ გაძვირებითაა განპირობებული. შესაბამისად, გაიზარდა რკინიგზის კონსოლიდირებულ შემოსავლებში, სამგზავრო გადაყვანების პროცენტული წილი. ეს მაჩვენებელი 2015 წელს - 4% -ს, 2019 წელს კი 7%-ს შეადგენდა. ბუნებრივია, ისმის კითხვა, როგორია მეზობელი ქვეყნების რკინიგზებზე, სამგზავრო გადაყვანების შემოსავლების წილი რკინიგზის საერთო კონსოლიდირებულ შემოსავლებში. აღსანიშნავია, რომ ეს მაჩვენებელი მეზობელი ქვეყნების რკინიგზებზე გაცილებით მაღალია; კერძოდ, ბელორუსიის რკინიგზაზე 11% ია, ყაზახეთის რკინიგზაზე - 10% ია, ევროპის რკინიგზებზე კი ეს მარჟა 15 - 20%-ს აღწევს, რაც განსაზღვრავს სამგზავრო გადაყვანების ეფექტიანობას," - განმარტავს ცაგარეიშვილი და დასძენს, რომ საქართველო ვერ იქნება გამონაკლისი და ახლო მომავალში მოუწევს ამ მიმართულებით გადამწყვეტი ნაბიჯების გადადგმა. მით უფრო, რომ ასოცირების ხელშეკრულება ცალსახად მოითხოვს ბაზრის გახსნის აუცილებლობას.

"სახელმწიფო ბიუჯეტიდან ყოველწლიურად სამგზავრო გადაყვანების 50 მლნ ლარით სუბსიდირების შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე, აუცილებელია ,,საქართველოს რკინიგზამ“ სახელმწიფოს წარუდგინოს სამგზავრო გადაყვანების კონსოლიდირებულ შემოსავლებში პროცენტული წილის ეტაპობრივი ზრდის გეგმა, მხოლოდ ამის შემდგომ უნდა იქნეს მიღებული სახელმწიფოს მიერ გადაწყვეტილება, სამგზავრო გადაყვანების სუბსიდირების მიზანშეწონილობის და თანხის მოცულობის თაობაზე," - გვეუბნება ექსპერტი.

მისივე ინფორმაციით, მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, მათ შორის, მეზობელ ქვეყნებში, ფართოდაა აპრობირებული სახელმწიფოს მხრიდან სამგზავრო გადაყვანების სუბსიდირების სხვადასხვა მოდელი:

ა. სამგზავრო გადაყვანების სახელმწიფო ბიუჯეტიდან, სრულად სუბსიდირება;

ბ. სახელმწიფო ბიუჯეტიდან ცალკეული წამგებიანი მიმართულებების სუბსიდირება;

გ. ადგილობრივი მუნიციპალიტეტების ფინანსირება.

იხილეთ, საქართველოს რკინიგზის სამგზავრო გადაყვანების მონაცემები:

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system