თავში

რას გვიჩვენებს და რატომ იზრდება საარსებო მინიმუმი

რას გვიჩვენებს და რატომ იზრდება საარსებო მინიმუმი
რას გვიჩვენებს და რატომ იზრდება საარსებო მინიმუმი

2019 წლის აგვისტოში, წინა თვესთან შედარებით, საარსებო მინიმუმი 2 ლარით გაიზარდა.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, აგვისტოში შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი 189.2 ლარს შეადგენდა, მაშინ როცა ივლისში ეს მაჩვენებელი 187.2 ლარი იყო.

2018 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კი, აგვისტოში შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი 17.8 ლარით არის გაზრდილი. კერძოდ, 2018 წლის აგვისტოში ეს მონაცემი 171.4 ლარს შეადგენდა.

ამ სტატისტიკური მონაცემებით ირკვევა, რომ ივლისთან შედარებით, აგვისტოში 1.7 ლარით გაიზარდა საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი და 167.5 ლარი შეადგინა, 3.4 ლარით გაიზარდა საშუალო ოჯახის საარსებო მინიმუმიც და 317.3 ლარი გახდა. აღსანიშნავია, რომ საშუალო ოჯახის საარსებო მინიმუმი 2018 წლის აგვისტოს მონაცემთან შედარებით, 29.7 ლარით არის გაზრდილი. საარსებო მინიმუმის ზრდა ხშირად ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასთან არის კავშირში, თუმცა ამ შემთხვევაში მატება გამოწვეულია ინფლაციის ზრდით. 

report.ge-სთან საუბრისას, საარსებო მინიმუმის დათვლის ამ მეთოდს, მოძველებულს უწოდებს, ეკონომიკის დოქტორი ირაკლი მაკალათია.

"თანამედროვე ეპოქაში, შეუძლებელია საარსებო მინიმუმი უმეტესად საკვები პროდუქტებისგან შედგებოდეს. საკვები პროდუქტების სიის შევსებაც ხდება მხოლოდ საარსებოდ აუცილებელი პროდუქციის გათვალისწინებით. საინფორმაციო ტექნოლოგიების ეპოქაში, საარსებო მინიმუმის დათვლის მეთოდისას, არ კეთდება აქცენტი ინტერნეტის, მობილური კავშირის, გადაადგილების, სამედიცინო მომსახურების, ჩაცმის და სხვა აუცილებელი ხარჯების მიმართ. სტატისტიკის ეროვნული დეპარტამენტის მიერ გამოყენებული მეთოდი, არ პასუხობს თანამედროვე ადამიანის მოთხოვნებს და შესაბამისად, არასაკმარისია არსებობისათვის," - აღნიშნა ეკონომიკის დოქტორმა

ცნობისთვის, საარსებო მინიმუმი, როგორც ქვეყანაში ადამიანის ცხოვრების დონის მაჩვენებელი, ნაკლებად გამოიყენება ევროკავშირის ქვეყნებში, სტატისტიკის ამ მაჩვენებელს, ძირითადად ითვლის პოსტსაბჭოთა ქვეყნები და ამერიკის შეერთებული შტატები. გასათვალისწინებელია, რომ საქართველოს შესაბამისი კანონმდებლობის მიხედვით, ის ერთგვარი სოციალური ორიენტირია მოქალაქეთა ნაკლებად უზრუნველყოფილი ნაწილის განსაზღვრისა და მიზნობრივი სოციალური პოლიტიკის გატარებისათვის. სწორედ ამ მაჩვენებლის მიხედვით განისაზღვრება ხელფასების, პენსიების, სტიპენდიების, შემწეობებისა და სხვა სოციალური გასაცემლების მინიმალური ოდენობა. საარსებო მინიმუმის დათვლის მეთოდისას, სასურსათო ნაწილი საარსებო მინიმუმის 70%-ს, არასასურსათო კი, მხოლოდ 30%-ს შეადგენს. 

საარსებო მინიმუმის ზრდის მთავარი ფაქტორი, ინფლაციის დონე, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2019 წლის აგვისტოში წინა თვესთან შედარებით  0.8 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონე 4.9 პროცენტია.

ფართო მოხმარების პროდუქტებიდან წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით აგვისტოში ფასები ყველაზე მეტად გაზრდილია :

საქალაქთაშორისო ტელეფონის გადასახდელი - 68.3%-ით;

ნიორი - 54.9%-ით;

ხახვი - 44.3%-ით;

შაქარი - 31.5%-ით;

ბადრიჯანი - 31.1%-ით;

ადგილობრივი წარმოების ფილტრიანი სიგარეტი - 30.3%-ით.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system