თავში

რას წერს "ტელეგრაფი" საქართველოზე

რას წერს "ტელეგრაფი" საქართველოზე

ბრიტანული გამოცემა The Telegraph საქართველოს შესახებ ვრცელ სტატიას აქვეყნებს სათაურით “რატომ უნდა გახდეს მომხიბვლელი “კავკასიური რომი” თქვენი შემდეგი გაჩერება?” გამოცემა მკითხველს რჩევებს აძლევს, თუ სად ისეირნოს, რა ნახოს და გასინჯოს და როგორ დააგროვოს ემოციები და დაუვიწყარი შთაბეჭდილებები საქართველოში, რომელიც, როგორც ავტორი აღნიშნავს, ერთი შეხედვით რომსაც წააგავს.


“თუკი შემოდგომის პერიოდში შვებულების გატარებას საზღვარგარეთ აპირებთ, არჩევანი მხოლოდ ბერლინზე ან ბარსელონაზე არ შეაჩეროთ. მოინახულეთ საქართველოს დედაქალაქი, თბილისი” - წერს გამოცემა და აღნიშნავს, რომ აუცილებლად სანახავ ადგილებს შორის დიდი ხანია საქართველო აღარ ფიგურირებს, რადგან აქ ჩამოფრენა რთული და შემაწუხებელი იყო კიევსა და სტამბოლში გაჩერებების გამო, თუმცა დღეს ეს მდგომარეობა რადიკალურად შეცვლილია.

„კავკასიურ რომში“ მოგზაურობა ქართული ავიაზახებითაც არის შესაძლებელი, მაგალითად პირდაპირ გეითვიკის აეროპორტიდან და ჩასაფრენად მხოლოდ 5 საათი დაგჭირდებათ,- აღნიშნავს ჟურნალისტი და აქვე ქვეყანაში არსებულ სასტუმროებსაც მიმოიხილავს დასარჩენად, რომელთა შორის სტამბა სახელდება.

ჩამონათვალში მოხვდა “რუმსიც”, რომელიც ძველ საგამომცემლო შენობაშია გახსნილი. როგორც ტელეგრაფის ჟურნალისტი ამბობს, რუმსი თბილისში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სასტუმრო იყო სასტუმრო სტამბას გახსნამდე, რომელმაც მომხმარებლებს სრულიად განსხვავებული სტილის ინტერიერი შესთავაზა. ეს რაც შეეხება შედარებით მაღალბიუჯეტურ სასტუმროებს, ხოლო უფრო იაფ სასტუმროებს შორის სახელდება Guest House Lile.

გამოცემა ასევე აღნიშნავს, რომ საქართველო, არის უძველესი ქვეყანა, რომელსაც თავისუფლად შეიძლება ვუწოდოთ “digitally cool”, ან უფრო ცნობილი ტერმინია instagramable - ანუ, ეს არის ადგილი, რომელიც სურათზე ლამაზად გამოჩნდება და პოპულარობას დაიმსახურებს სოციალურ ქსელებში - ასე შეფასდა ტელეგრაფის მიერ ჩვენი ქვეყანა, თავისი საუცხოო მოედნებით, ვიწრო ქუჩებით, გაფორმებული, ფერადი ხის სახლებით, ბოჰემური ბარებითა და ღამის ცხოვრებით, უძველესი ქვის ეკლესიებით, მათ შორის გამოყოფილია სიონის საკათედრო ტაძარი და მეექვსე საუკუნის ანჩისხატის ბაზილიკა.

„საქართველო სასიამოვნოა შოპინგის მოყვარულებისთვისაც, აქ იპოვით ხალიჩების, ძვირფასი ქვებისა და კერამიკის თემატურ მაღაზიებს. თუმცა, ეს ყველაფერი შეუმჩნეველია, ქართლის დედის ძეგლთან შედარებით, რომელიც 1958 წელს აღმართულა ქალაქ თბილისის 1500 წლის იუბილესთან დაკავშირებით. წერს გამოცემა, რომელსაც არც მე-4 საუკუნით დათარიღებული, ნარიყალას ციხე-სიმაგრე და მთაწმინდა გამორჩენია.


რა უნდა ვნახოთ თბილისში?

ამაზეც გაამახვილა ტელეგრაფის ჟურნალისტმა ყურადღება და ის ადგილები წარმოგვიდგინა, რომელიც თბილისში ჩამოსულმა აუცილებლად უნდა ნახოს. ერთ-ერთია მშვიდობის ხიდი, რომელიც ფეხით მოსიარულეებისთვის იტალიელმა არქიტექტორმა მიქელე დე ლუკამ დააპროექტა. ის 2010 წელს გაიხსნა და მტკვრის ერთ სანაპიროს მეორესთან აკავშირებს, ხიდით კი რიყის პარკში მოხვდებით. ტელეგრაფში ნახსენებია რეზო გაბრიაძის საათის კოშკიც, რომელიც თბილისის მარიონეტების თეატრს ამშვენებს. 2010 წელს აშენებული საათის კოშკიდან ყოველ საათში ერთხელ ანგელოზი გამოდის და ამა თუ იმ საათის დადგომას გვამცნობს.

სტატიაში ჟურნალისტი მკითხველებს ურჩევს ასევე გოგირდის აბანოების მონახულებას, რომელთაგან ყველაზე ცნობილი ცისფერი კრამიტით მოპირკეტებული ორბელიანის აბანოებია, ხოლო ფეხით სეირნობისას აუცილებლად უნდა მიადგეთ ასევე აბანოთუბანს. მოკლედ, ტელეგრაფის სტატია, ერთგვარი გზამკვლევია უცხოელი ტურისტებისთვის საქართველოში სამოგზაუროდ.

სად უნდა ვჭამოთ?

ეს კიდევ ერთი მიმართულებაა. სტატიაში ის ადგილებია ნახსენები, სადაც ადგილობრივი კერძების დაგემოვნება შეგვიძლია. კაფე „ლინვილი“, განსხვებული ინტერიერის მქონე კაფეს მენიუ აერთიანებს საინტერესო ქართულ კერძებს: ისეთებს როგორებიცაა უკვე ტურისტებისთვის კარგად ნაცნობი ფხალი, ხინკალი და ლობიო. „ტელეგრაფის“ ჟურნალისტი კაფე ლეილაში ვიზიტსაც გვირჩევს, სადაც ჩურჩხელისა და თათარის დაგემოვნება მოახერხა. მისი თქმით, ალკოჰოლური სასმელებიდან აუცილებლად დასაგემოვნებელია ჭაჭაც. და ბოლოს თბილისის ღამის ცხოვრება. ტელეგრაფის ჟურნალისტი თავის სტატიაში გვიყვება ღამის კლუბებზეც. ისეთებზე როგორებიცაა „მტკვარზე“ და „ბასიანი“. მისი თქმით, ქვეყანაში კლუბებთან დაკავშირებით ყველაზე პოპულარული სლოგანია WE DANCE TOGETHER, WE FIGHT TOGETHER.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system