თავში

რატომ არის აუცილებელი ღვინის მკაცრი კონტროლი

რატომ არის აუცილებელი ღვინის მკაცრი კონტროლი
რატომ არის აუცილებელი ღვინის მკაცრი კონტროლი

სპეციალისტები ფიქრობენ, რომ ექსპორტზე ქართული ღვინის წარმატების მიზნით ხარისხის კონტროლი მაქსიმალურად უნდა გამკაცრდეს. ღვინის ხარისხის ექსპერტი, მეღვინე გიორგი ბარისაშვილი აცხადებს, რომ ამით ხელი შეეწყობას ქვეყნის გარეთ ქართული პროდუქტის იმიჯის სათანადო დაცვას და პოპულარობას. წარმატების გარანტი კი მაღალი ხარისხია, რითაც უცხოურ ბაზრებზე ქართული ღვინო ბოლო წლებში მეტ ყურადღებას იქცევს, რაც ოფიციალურ სტატისტიკაზეც აისახება. 

,,ქართული ღვინის ექსპორტი მატულობს, რაც მნიშვნელოვანია და ტენდენცია როგორმე უნდა შევინარჩუნოთ. თუმცა  ამავე დროს არის რისკი და ცდუნება კომპანიების მხრიდან, რაც კონტროლის გაძლიერებას მოითხოვს, რათა ქართული ღვინის იმიჯი დავიცვათ როგორც ქვეყნის შიგნით, მის ფარგლებს გარეთაც. ექსპორტზე მეტი წარმატება რომ მოვიპოვოთ, ბაზრების დივერსიფიცირების მიმართულებითაც უფრო ქმედითი ნაბიჯები უნდა გადაიდგას. სამწუხაროდ, ფალსიფიკაციის ფაქტები არის, ამიტომ დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ საქართველოდან გასული ყოველი ბოთლი უნდა იყოს გარანტირებულად შემოწმებული. გაცილებით მეტ შედეგს დავდებთ, თუკი კადრების გადამზადებაც მოხდება, ღვინო ქვეყნის ძირითადი საექსპორტო პროდუქტია და მისი ხარისხის შემცირება არ უნდა დავუშვათ ანუ ხარისხი იყოს გარანტირებული", - აცხადებს ბარისაშვილი.

აგროექსპერტი, პროფესორი პაატა აროშიძე აცხადებს, რომ საქართველოში ღვინო უნდა იყოს ერთადერი პროდუქტი, რომლის ხარისხი მკაცრ კონტროლს დაექვემდებარება. 

,,ლიბერალური ბაზრის პირობებში მკაცრი კონტროლი შეიძლება საზიანოც იყოს, თუმცა სავალდებულოა ღვინისთვის, რომლის ხარისხი ქვეყნის პრესტიჟის მთავარ ფაქტორად მიიჩნევა. როგორც ამბობენ, ღვინ ქვეყნის პასპორტია უცხოეთში, ხარისხის კონტროლი ამიტომაც არის ასეთი აუცილებელი. ცხადია,  როდესაც მეწარმე თვითმოხმარების მიზნით აწარმოებს ღვინოს, ის თვითონვე განსაზღვრავს ხარისხს, გემოვნური მახასიათებლიდან და მისი შეხედულებიდან გამომდინარე, მაგრამ საექსპორტო პროდუქტის ხარისხი უნდა იყოს გარანტირებული ", - აცხადებს პაატა აროშიძე.

როგორც ცნობილია, ქართული ღვინის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, რთველი 2021-ის ფარგლებში, ყურძნის ხარისხის კონტროლი გამკაცრდება.

უწყების განმარტებით, ჩასაბარებელი ყურძნის შაქრიანობა, რომელიც შესაბამისი ნორმატიული დოკუმენტაციებითაა დადგენილი, განსაზღვრავს ყურძნის ხარისხს, რაც შემდგომ მის საბაზრო ღირებულებაზეც აისახება. გარდა ამისა, კონტროლი განხორციელდება ადგილწარმოშობის ჯიშების სპეციფიკაციებით განსაზღვრულ მოსავლიანობის ლიმიტზე.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის ოთხი თვის მონაცემებით, საქართველოდან ღვინის ექსპორტი 15%-ით, ხოლო ექსპორტით მიღებული შემოსავალი 7%-ით გაიზარდა. ამის შესახებ report.ge-ს ღვინის ეროვნული სააგენტოდან აცნობეს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system