თავში

რატომ არის წამგებიანი სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების გაყიდვა

რატომ არის წამგებიანი სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების გაყიდვა
რატომ არის წამგებიანი სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების გაყიდვა

ფინანსური ბაზრის მკვლევარი, პროფესორი ვახტანგ ხომიზურაშვილი აცხადებს, რომ სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების გაყიდვა წამგებიანია და დიდ ნეგატიურ როლს ასრულებს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში. მით უმეტეს მაშინ, როცა ეკონომიკაში რეცესიაა და ბიუჯეტის დეფიციტის პრობლემაა. მეცნიერი ცალკე იმაზეც საუბრობს, რომ სახელმწიფო ქაღალდების სავაჭრო სისტემა მძიმე მდგომარეობაშია, ფაქტობრივად არ არსებობს, რაც ქვეყნის ცენტრალური ბანკის მხრიდან არაჯანსაღი დამოკიდებულების მანიშნებელია.

,,მთელ მსოფლიოში სახაზინო ობლიგაციები, ფასიანი ქაღალდების ახალი ემისიები სიმცირეს განიცდიან, რაც გამოწვეულია ეკონომიკაში არსებული პრობლემით, ეპიდემიურ სიტუაციასთანაა პირდაპირკავშირში. ეკონომიკა ცუდ მდგომარეობაშია და თანხის ამოღება დამატებით ცუდ გავლენას მოახდენს ეკონომიკაზე. საქართველოს შემთხვევაში, მნიშვნელოვანია ამ ხარჯვის მიზნობრიობაც. თუმცა ნებისმიერ სიტუაციაში, ამით ადგილი აქვს თანხის ამოღებას ეკონომიკიდან, რაც ნეგატიურ გავლენას იქონიებს ისედაც გაჭირვებულ ეკონომიკაზე", - ამბობს ხომიზურაშვილი report.ge-თან.

საბანკო სფეროს სპეციალისტი გოჩა თუთბერიძე ფიქრობს, რომ ეკონომიკას საკმაოდ კარგ სარგებელს მოუტანს მუნიციპალური ობლიგაციების გამოშვება, რაც რეგიონების განვითარების მიმართულებით გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი ნიქნება.

,,მუნიციპალური ობლიგაციები დიდ მოგებას მოიტანს, ამიტომ მუშაობა უნდა გააქტიურდეს როგორც თბილისის მუნიციპალიტეტის, ასევე რეგიონული თვითმმართველობების დონეზე. ჩვენთან ეს პრაქტიკა საერთოდ არ არის, არადა, მაღალი კომპეტენცია, პროექტების, საინვესტიციო კაპიტალის მოზიდვის პირობებში მუნიციპალურ ობლიგაციებს მაღალი შემოსავლიანობა ექნებოდა. ამ მიმართულებით წარმატებას რომ მივაღწიოთ, რეგულირებიდან ანუ ეროვნული ბანკის ზედამხედველობიდან უნდა გამოვიდეს კაპიტალის ბაზარი და ფასიანი ქაღალდების ზედამხედველობის დამოუკიდებელ კომისიას დაექვემდებაროს. ფასიანი ქაღალდების ბაზარი, ეს არის საკრედიტო და საბანკო ბიზნესის კონკურენტული სფერო. ცხადია, ბანკებს აწყობთ, რომ იგი დაკონსერვებულ მდგომარეობაშია. თვითონ აქვთ ბაზარზე მონოპოლია და ახალი მოთამაშის გამოჩენა არ აწყობთ, მათ კონკურენტებად მოიაზრებენ. სანამ ეს დამოკიდებულებაა, ჩიხიდან ვერ გამოვალთ", -ამბობს თუთბერიძე report.ge-თან.

შეგახსენებთ, რომ 2021 წლის მარტში რეგიონის სუვერენულ ევროობლიგაციებზე შემოსავლიანობა გაიზარდა (ობლიგაციის შემოსავლიანობა და ფასი უკუპროპორციულია), აშშ-ში სახაზინო ობლიგაციებზე მზარდი შემოსავლიანობის პარალელურად. ამის შესახებ აღნიშნულია Galt and Taggart-ის ახალ ანგარიშში.

ცნობისთვის, 2021 წლის 12 აპრილს საქართველოს სუვერენული ევროობლიგაციის ვადა ამოიწურა და მთავრობამ ახალი ევრობონდები გამოუშვა, რითაც 10 წლის წინ გამოშვებული ევროობლიგაციების ძირი თანხა, $500 მილიონი დოლარი, დაფარა. ვალი რეფინანსირდა, ანუ მთავრობა ახალი $500-მილიონიანი ევროობლიგაციები გამოუშვა. 2011 წელს, ანუ, ევრობონდების გამოშვების დროს, $500 მილიონი დოლარის ღირებულება 832 მილიონი ლარს შეადგენდა, ამჟამად კი ის 2-ჯერაა გაზრდილი და $500 მილიონი 1.71 მილიარდი ლარს უტოლდება. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system