თავში

რატომ გამყარდა ლარი - რომან გოცირიძის განმარტება

რატომ გამყარდა ლარი - რომან გოცირიძის განმარტება
რატომ გამყარდა ლარი - რომან გოცირიძის განმარტება

„ლარი მყარდება. უკვე ისმის არასერიოზული ახსნა-განმარტებები: ვაქცინამ გაამყარა, ეკონომიკა გამოცოცხლდა, ორი კინკილა ტურისტი შემოვიდა და ამან იმოქმედა და ასე შემდეგ. სინამდვილეში სხვა რამეშია საქმე“ -ასე ფიქრობს, ნაციონალური მოძრაობის წევრი, რომან გოცირიძე და ეროვნული ვალუტის გამყარების მისეულ მოსაზრებას სოციალურ ქსელში აფიქსირებს. გოცირიძის აზრით, ლარი ბიუჯეტმა, ეროვნულმა ბანკმა და სხვა ფაქტორებმა გაამყარა:

ბიუჯეტი:

-გოცირიძის მტკიცებით, მაისის თვეში ბიუჯეტიდან ფული ჯერ მინიმალურადაა ათვისებული. წინა ოთხ თვეში, საშუალოდ თვეში იხარჯებოდა 1,8 მილიარდი ლარი, დღეისათვის დახარჯულია მხოლოდ 760 მილიონი ლარი, ანუ ხარჯვები დარჩენილ დღეებში გველოდება.

-ბიუჯეტის ნაშთებიდან (შარშან აღებული სესხი) ჯერ-ჯერობით მხოლოდ მცირეოდენი თანხაა დახარჯული, ანუ დეფიციტურ ხარჯვას (რომელიც საკმაოა) ჯერჯერობით ეს ფაქტორი არ აწვება. წლის მეორე ნახევარში დაიწყება.

-ევროობლიგაციების დაფარვის მიზნით ხაზინამ ერთ მილიარდ ლარამდე კომერციულ ბანკებში დეპოზიტებზე დადებული ფული დროებით დაიბრუნა უკან, რამაც ფულის მასა შეამცირა. ახლა ისევ დაიწყებს დაბრუნებას ბანკებისათვის. ორი დღის წინ ისევ ასესხა მთავრობამ ხაზინის ნაშთებში განთავსებული ფული კომერციულ ბანკებს, 500 მილიონი ლარის ოდენობით.

ეროვნული ბანკი:

გოცირიძის მტკიცებით,  რეფინანსირების განაკვეთი გაიზარდა

-რეფინსნსირების სესხები მნიშვნელოვნად შემცირდა ბოლო ერთი თვის განმავლობაში-3 მილიარდი ლარიდან 940 მილიონ ლარამდე.

მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი:

გოცირიძე ამბობს, რომ ექსპორტი გაზრდილია, იმპორტი არც თუ ისე, ინვესტიციების შესახებ მონაცემები არა გვაქვს.

მკვეთრად არის გაზრდილი უცხოეთიდან ჩვენი თანამემალულეების გადმორიცხვები.

სხვა ფაქტორები:

რომან გოცირიძის მტკიცებით, სეზონური ფაქტორი ყოველთვის მუშაობს. წინასაარჩევნოდ მთავრობა და ეროვნული ბანკი არასდროს აუფასურებს ლარს ( არჩევნების შემდეგ მიუშვებს ხოლმე).

ყოფილი დეპუტატი და ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი საფრთხეებზეც საუბრობს:

„არ გაიმეოროს ეროვნულმა ბანკმა ის შეცდომები, რომელიც ყოველთვის მოსდიოდა სეზონური გამყარებისას-იწყებდა ვალუტის შესყიდვას რეზერვების შესავსებად. პირველივე ასეთ მცდელობას მოჰყვებოდა ლარის გაუფასურება, რომლის შეჩერებას დიდძალი რეზერვების ხარჯვა მოსდევდა.

-ეროვნულმა ბანკმა, ნაცვლად ვალუტის დაგროვებისა, უნდა განახორციელოს მცირეოდენი ინტერვენციები რყევების თავიდან ასაცილებლად. არ უნდა დაუშვას უკუსვლა, რასაც ტრადიციულად მოჰყვება უარყოფითი მოლოდინების შექმნა. წინმსწრები მცირეოდენი ინტერვენციები სამომავლოდ დაზოგავს რეზერვებს, ვინაიდან წლის ბოლოს ბიუჯეტის დეფიციტი და საარჩევნო ხარჯები ლარზე დიდ ზეწოლას მოახდენს და საკმაო მოცულობის ინტერვენციების განხორციელება აუცილებელი გახდება.

და ბოლოს, მთავრობა თარსია. რამდენჯერაც იწყებენ ლარის მცირეოდენი გამყარებისთანავე ბაქი-ბუქს, იმდენჯერვე ამას მოჰყვება გაუფასურება. უკვე დაიწყეს. უკეთესია მოკეტონ, “ - განმარტავს გოცირიძე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system