თავში

რატომ იცლება სოფლები

რატომ იცლება სოფლები
რატომ იცლება სოფლები

მოსახლეობის ზრდის მიხედვით, თბილისი პირველ ადგილზეა, ხოლო სოფლები მოსახლეობისგან იცლება. საქართველოს სტატისტიკის სამსახურის მონაცემით, 2018 წელს თბილისში მოსახლეობა, წინა წელთან შედარებით, 12400 ადამიანით გაიზარდა. სოფლებში მაცხოვრებელ მოქალაქეთა რაოდენობა 1 წელიწადში 15 700-ით არის შემცირებული. რეგიონებიდან ზრდა მხოლოდ აჭარასა და ქვემო ქართლში ფიქსირდება. აჭარაში ეს მაჩვენებელი 2,7 ათასს შეადგენს, ქვემო ქართლის შემთხვევაში კი, 900-ს. 

იმის გამო, რომ ეკონომიკური აქტივობა ძირითადად დედაქალაქშია კონცენტრირებული, ქვეყნის სამუსაო ძალის დიდი ნაწილიც აქ იყრის თავს. როგორც სოციოლოგი პაატა აროშიძე ფიქრობს, თბილისში სინამდვილეში ბევრად მეტი ადამიანია ჩამოსახლებული, ვიდრე ეს ოფიციალურ მონაცემში ჩანს, რადგან აქ მცხოვრებთა გარკვეული ნაწილი რეგიონშია რეგისტრირებული.

პაატა აროშიძე მიიჩნევს, რომ არა მხოლოდ ეკონომიკური, არამედ მენტალური პრობლემაცაა ქალაქებისაკენ მუდმივი მიზიდულობა, რადგან ქალაქში ვიღაცისთვის შეიძლება ბევრად უარესი საცხოვრებელი და საარსებო გარემოა, მაგრამ ადამიანები მაინც აქეთკენ მოილტვიან.

"პირველ რიგში, მიგრაციას განაპირობებს ის სოციალური გარემო, რომელიც სოფელშია შექმნილი. ყველაზე დიდი წილი მოდის ახალგაზრდებზე, რომლებიც მომავალი განვითარების ვერავითარ გზას ვერ ხედავენ სოფელში და ურჩევნიათ, წავიდნენ ქალაქში, ხშირ შემთხვევაში, დაბალანაზღაურებად სამუშაოზე. შეიძლება სულაც უმუშევრად დარჩნენ, მაგრამ იმ განწყობით, რომ ისინი ქალაქის მკვიდრნი არიან და სოფელს არიან მოშორებული, მაინც ასე ცხოვრებას ამჯობინებენ. მიუხედავად სხვადასხვა პროგრამისა და ხელისუფლების მცდელობისა, ძნელი იქნება მიგრაციის ასეთ ტალღასთან გამკლავება, რომელიც, ეკონომიკურთან ერთად, დიდწილად მენტალურიცაა. ადამიანი უნდა მივიდეს იმ შეგნებამდე, რომ სოფელში ცხოვრება და, მინიმუმ, იქ საკუთარი ხელით მოპოვებული საკვები, უფრო მნიშვნელოვანი და სასურველია, ვიდრე ქალაქში ნაქირავებ ოთახში გამოკეტვა", - აცხადებს აროშიძე და დასძენს, რომ სოფლად მოსახლეობის კლებამ შეიძლება სოფლის მეურნეობის კუთხით წარმოების ჩამორჩენა გამოიწვიოს. 

"ოფიციალური სტატისტიკით, სოფლად მოსახლეობის 51% ცხოვრობს და ამ დროს სასოფლო-სამეურნეო პროდუქციაზე მთლიანი შიგა პროდუქტის ნახევარიც კი არ მოდის. მხოლოდ და მხოლოდ სახელმწიფოს ჩარევა და პროგრამები ვერაფერს იზამს. რესურსი ისეა გადასანაწილებელი, რომ სოფლად ცხოვრება მიმზიდველი გახდეს ყველასათვის, განსაკუთრებით კი ახალგაზრდებისთვის", - განაცხადა პაატა აროშიძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system