თავში

რატომ შემცირდა სატელევიზიო შემოსავლები

რატომ შემცირდა სატელევიზიო შემოსავლები
რატომ შემცირდა სატელევიზიო შემოსავლები

2019 წელს მაუწყებლობიდან მიღებულმა ჯამურმა სარეკლამო შემოსავალმა 76,7 მლნ ლარი შეადგინა, საიდანაც სატელევიზიო მაუწყებლების ჯამური სარეკლამო შემოსავალი 68,0 მლნ ლარი იყო. 2019 წელს სატელევიზიო სარეკლამო შემოსავალი 7,7 მლნ ლარით ნაკლები იყო, წინა წელთან შედარებით.

ამის შესახებ აღნიშნულია კომუნიკაციების კომისიის 2019 წლის ანგარიშში.

"სატელევიზიო სარეკლამო შემოსავლები მზარდი დინამიკით ხასიათდებოდა 2019 წლის პირველ ნახევარში. კერძოდ, ტელემაუწყებლების სარეკლამო შემოსავლები I და II კვარტალში, წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით, 7-8% იზრდებოდა. სატელევიზიო სარეკლამო შემოსავლების კლება 2019 წლის III კვარტალში დაიწყო. სარეკლამო შემოსავლების კლება სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“- ის მაუწყებლობის სამი თვით შეჩერებამ გამოიწვია. შეგახსენებთ, რომ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლომ საქართველოს უზენაეს სასამართლოს გადაწყვეტილება, ტელეკომპანიის ქიბარ ხალვაშისა და კომპანია “პანორამასთვის” მიკუთვნების შესახებ, ძალაში დატოვა. სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, ტელეკომპანია „რუსთავი 2“ ჟურნალისტების ნაწილმა დატოვა და არხზე კრიზისული ვითარება შეიქმნა, რის გამოც, „რუსთავი 2“-მა მაუწყებლობა სამი თვით შეწყვიტა. გამომდინარე იქედან, რომ სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2” ტელეკომპანია „იმედთან“ ერთად, სარეკლამო შემოსავლების 80%-ს ფლობდა, ბაზრის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი მოთამაშის მაუწყებლობის სამი თვით გაჩერებამ, სარეკლამო ბაზარზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია," - ვკითხულობთ ანგარიშში.

დოკუმენტის მიხედვით, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის მაუწყებლობის სამი თვით შეჩერებამ რეკლამის დამკვეთი კომპანიების დღის წესრიგი და ქცევა შეცვალა. გამომდინარე იქიდან, რომ „რუსთავი 2“ ტელეკომპანია „იმედთან“ ერთად ბაზარზე არა მხოლოდ ბაზრის 80% იკავებდა, არამედ ის სატელევიზიო რეიტინგებშიც წამყვან პოზიციაზე იყო, რეკლამის დამკვეთმა მსხვილმა კომპანიებმა წლის ბოლომდე არხზე დაგეგმილი სარეკლამო ბიუჯეტის ხარჯვა შეაჩერეს.

კომუნიკაციების კომისიის ცნობით, სატელევიზიო რეიტინგებიდან გამომდინარე, რეკლამის დამკვეთებმა სარეკლამო ბიუჯეტი სხვა არხებში არ გადაანაწილეს.

"სწორედ აღნიშნულმა გარემოებამ მოახდინა გავლენა 2019 წლის სატელევიზიო სარეკლამო შემოსავლებზე. შესაბამისად, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ს 2019 წლის III კვარტალში სარეკლამო შემოსავლების 37%-იანი კლება ჰქონდა, IV კვარტალში კი - 59%. 2019 წელს სატელევიზიო სარეკლამო შემოსავალმა 7,7 მლნ ლარით ნაკლები, ხოლო „რუსთავი 2“-ის სარეკლამო შემოსავალმა - 8,2 მლნ ლარით ნაკლები შეადგინა. შესაბამისად, 2019 წელს სარეკლამო სამაუწყებლო შემოსავლების კლება მთლიანად „რუსთავი 2“-ზე მოდის, მეტიც, რომ არა „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით განვითარებული მოვლენები, სატელევიზიო სარეკლამო შემოსავლები 2019 წელს ზრდის ტენდენციას შეინარჩუნებდა," - აღნიშნულია ანგარიშში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system