თავში

რატომ შემცირდა სიცოცხლის ხანგძლივობა საქართველოში

რატომ შემცირდა სიცოცხლის ხანგძლივობა საქართველოში
რატომ შემცირდა სიცოცხლის ხანგძლივობა საქართველოში

საკვები, ეკოლოგიური მდგომარეობა და სტრესული გარემო - სამი ძირითადი მიზეზია, რის გამოც საქართველოში სიცოცხლის ხანგძლივობა შემცირდა. ამის შესახებ report.ge-თან სამედიცინო სფეროს ექსპერტი, ორგანიზაცია ,,გახსოვდეს ჰიპოკრატეს" დამფუძნებელი მარინა ბერაძე საუბრობს. მისი შეფასებით, სიცოცხლის ხანგძლივობის შემცირება ნიშნავს, რომ ჯანმრთელობის პრობლემა გაზრდილია და გაახალგაზრდავებულია მთელი რიგი დაავადებები, რაც ჩვენი ქვეყნისთვის ერთ-ერთი დიდი პრობლემაა.

,,სიცოცხლის ხანგძლივობა შემცირდა, რადგან ადამიანები არასრულფასოვნად იკვებებიან,დაბინძურებულია გარემო და ამასთან, გაურესებულია ცხოვრების ხარისხი. ფაქტობრივად, ვიმყოფებით ურთულეს სიტუაციაში, მაგრამ როგორც საერთაშორისო კვლევები ადასტურებენ, მეცნიერები ცდილობენ, დააკავშირონ, რა იწვევს დაავადების ზრდას, სიცოცხლის ხანგძლივობის შემცირებას და ერთ-ერთი ასეთი მიზეზია ეკოლოგიური მდგომარეობა. სამწუხაროდ, კვების თემა არასერიოზულად განიხილება საქართველოში და ჯერჯერობით ვერ მივაღწიეთ, რომ ამას ჰქონდეს გარკვეული რეზონანსი, რათა სათანადო ყურადღება მიექცეს. დამოკიდებულება, რომ რაღაც საკვები კარგია და რაღაც - ცუდი, ასე არ შეიძლება. სტატისტიკურად, მაგალითად, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია, იკვლევს იმ მედიკამენტების სიას, რომელიც მოსახლეობას უნდა მიეწოდოს უფასოდ ან ძალიან დაბალი ფასით, ძირითადად, ქრონიკული დაავადებების სამკურნალოდ, ბოლო პერიოდში  ასეთი წამლები საქართველოშიც გამოჩნდა. 5 წელიწადში ერთხელ ორგანიზაცია ამატებს ახალ მედიკამენტებს, რადგან მატულობა დაავადებების  რიცხვიც, პოსტპანდემიური სინდრომიც უკვე გამოკვეთილია, რის შესწავლაც მიმდინარეობს", - ამბობს მარინა ბერაძე და დასძენს, რომ შეიძლება, ქრონიკულში გადავიდეს ისეთი ავადმყოფობა, რაც აქამდე არ იგრძნობოდა.

,,ჰიპოკრატე, რომელიც ყველა დროის საუკეთესო ექიმად ითვლება, ამბობდა, რომ ,,შენი წამალი არის შენი საკვები" ანუ კვებას აქვს გაცილებით მეტი დატვირთვა, ვიდრე წარმოგვიდგენია. ამასთან, სტრესული ფაქტორი სხვადასხვა დაავადების აღმოჩენისას მნიშვნელოვან ადგილს იკავებს", - აღნიშნავს ექსპერტი report.ge-თან. 

სიცოცხლის ხანგძლივობის შემცირების ძირითად მიზეზად კვებას და ეკოლოგიას მიიჩნევს ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, ექსპერტი სასურსათო უსაფრთხოების საკითხებში შოთა ჩხეიძე.

,,მეცნიერულ-ტექნიკურმა რევოლუციამ კაცობრიობას ბევრი სერიოზული, ძნელად გადასაჭრელი პრობლემა შეუქმნა. გარემოზე უხეშმა ზემოქმედებამ ისეთი უარყოფითი შედეგები გამოიღო, რომ დედამიწაზე სიცოცხლე კატასტროფის წინაშე დადგა. ეკოლოგიური პრობლემები, რომელთაც ადრე ლოკალური ხასიათი ჰქონდა, დღეს მსოფლიოს მომცველ გლობალურ პრობლემად იქცა. ჩვენი გარემო - ჰაერი, წყალი, საკვები - დაბინძურებულია სიცოცხლისათვის საშიში მავნე ნივთიერებებით. დედამიწაზე არსებულ დაავადებათა 80%-ზე მეტი ჯანმრთელობასთან შეუთავსებელი ცუდი ეკოლოგიური პირობების შედეგია.  შესაბამისად, შემცირდა სიცოცხლის ხანგძლივობა და გაუარესდა ადამიანების ცხოვრების ხარისხი. ცალკე დიდი პრობლემაა ე.წ. "გენური ინჟინერიით" მიღებული ორგანიზმების გამოყენება, რომელმაც პოპულარობა მოიპოვა 1990-იან წლებსა და ამ საუკუნის პირველ ათწლეულში, განსაკუთრებით მისი სიიაფის, მომხმარებლისათვის მისაღები ხარისხის გამო, მაგრამ შემდგომმა მეცნიერულმა კვლევებმა აჩვენა მისი უარყოფითი გავლენა ადამიანის, ცხოველის ჯანმრთელობაზე, რაც ცოცხალ ორგანიზმში უცხო გენის ჩანაცვლების შედეგად გამოწვეული ცვლილებებით უნდა აიხსნას", - განმარტავს მეცნიერი.

შეგახსენებთ, რომ წინა წელთან შედარებით, 2020 წელს სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობა 0.7 ერთეულით შემცირდა და 73.4 წელი შეადგინა, მათ შორის კაცებისათვის – 69.1 წელი, ხოლო ქალებისათვის – 77.7 წელი. ამის შესახებ ირკვევა საქსტატის დღეს განახლებული დემოგრაფიული მაჩვენებლებიდან.

ოფიციალური სტატისტიკით, 2021 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის მედიანური ასაკი შეადგენს 38 წელს.

ცნობისთვის, 2021 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა მცირედით, 0.3 პროცენტით, გაიზარდა. 2020 წელს დაფიქსირდა უარყოფითი ბუნებრივი მატება (-4 017) და დადებითი მიგრაციული სალდო (15 732).

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system