თავში

რატომ შორდებიან წყვილები

რატომ შორდებიან წყვილები
რატომ შორდებიან წყვილები

დემოგრაფების შეფასებით, საქართველოში ყოველ 2 ქორწინებაზე 1 განქორწინება მოდის, რაც საგანგაშო მაჩვენებელია. საკუთარ კვლევებზე დაყრდნობით ისინი საუბრობენ სხვადასხვა მიზეზზე, რაც ყველაზე მეტად განქორწინებებს უკავშირდება. როგორც აღმოჩნდა, ყველაზე მეტად წყვილები ხასიათის შეუთავსებლობის გამო შორდებიან, თუმცა ხშირ შემთხვევაში მიზეზად მატერიალური მდგომარეობაც მიიჩნევა. ამის შესახებ report.ge-თან დემოგრაფი ავთანდილ სულაბერიძე საუბრობს. 

,,ქორწინებათა რაოდენობა მცირდება, ამის მიზეზი მიგრაციაა, მეორეც ეკონომიკური და საბინაო პირობები, განათლება (კარიერის სურვილი), ოჯახის კეთილმოწყობის საკითხები, განსაკუთრებით ქალებში. ეს არ არის მხოლოდ საქართველოსთვის დამახასიათებელი პროცესი, ევროპის ქვეყნებშიც ასეა. ჩვენს მიერ ჩატარებული კვლევებით გავარკვიეთ, რომ განქორწინების ძირითადი მიზეზი ხასიათის შეუთავსებლობაა. ერთ-ერთი მზიეზია მატერიალური მდგომარეობაც, ასევე ღალატი და სხვა. განქორწინებაა, როდესაც იურიდიულად ფორმდება წყვილის გაშორება. თუმცა ბევრია შემთხვევა, როდესაც წყვილი გაშორებულია, მაგრამ ეს იურიდიულად გაფორმებული არ არის. შესაბამისად, სტატისტიკაში ეს მაჩვენებელი არ ჩანს," - ამბობს სულაბერიძე report.ge-თან.

დემოგრაფი გიორგი წულაძე ფიქრობს, რომ ტენდენცია გაგრძელდება, რაც დემოგრაფიულად ქვეყანაში მძიმე ვითარებას შექმნის.

,,განქორწინების მიზეზი ძნელი გასარკვევია. არავის არ სურს თავისი ოჯახის პრობლემების გამომზეურება და ამ თემაზე მასიურად არ საუბრობენ, რომ განქორწინების მიზეზები გავაანალიზოთ. სხვადასხვა მიზეზია: ღალატი, ქალის თუ კაცის მხრიდან; ასევე ძალადობა, ეჭვიანობა, რაც ბოლო დროს ყველაზე მეტად კეთდება აქცენტი. ფაქტია, რომ ქვეყანას დღეს ძალიან სერიოზული პრობლემა აქვს ოჯახების შექმნის კუთხით. საქართველოში რეპროდუქციული მოსახლეობის დიდი ნაწილი დაუოჯახებელია. აღნიშნულის ერთ-ერთი ძირეული მიზეზი ის არის, რომ სოციალურ ეკონომიკური მდგომარეობა ძალზე მძიმეა და აუცილებელია, სახელმწიფომ იზრუნოს ამ პრობლემის მოგვარებაზე. აღსანიშნავია ერთი გარემოებაც,  60-იან წლებში, ყოველ 9 ქორწინებაზე მოდიოდა 1 განქორწინება. დღეს კი ყოველი მეორე ქორწინება განქორწინებით მთავრდება. გრძელვადიან პერსპექტივაში სწორედ ეს აღმოჩნდება დამღუპველი, რადგან ისედაც შემცირებულ შობადობას ძალიან შეამცირებს ეს ფაქტორი", - ამბობს წულაძე.

დემოგრაფი ამბობს იმასაც, რომ ქალი ადრე უფრო ითმენდა ფიზიკურ, ეკონომიურ თუ ფსიქოლოგიურ ძალადობას, ახლა ბევრად უფრო თავისუფალი და თამამი გახდა და აღარ ითმენს. ასევე ქალი არ ითმენს ქმრის ღალატსაც და ღალატის გამოც ბევრად უფრო მეტი ოჯახი ინგრევა ბოლო წლებში, ვიდრე ეს ხდებოდა 15-20 წლის წინ.

ცნობსითვის, საქსტატის დღეს განახლებული დემოგრაფიული მაჩვენებელების მიხედვით, 2020 წელს, რეგისტრირებულია 16 359 ქორწინება, რაც 29.7 პროცენტით ნაკლებია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით. პირველი ქორწინების საშუალო ასაკი ქალებისთვის შეადგენს 28.1 წელს, ხოლო მამაკაცებისთვის 30.7 წელს.

2020 წელს, რეგისტრირებულ განქორწინებათა რაოდენობამ 7 643 ერთეული შეადგინა, რაც 31.8 პროცენტით ნაკლებია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system