თავში

რატომ უფასურდება ლარი

რატომ უფასურდება ლარი
რატომ უფასურდება ლარი

სპეციალისტების განმარტებით, ლარის კურსზე ანუ მის ღირებულებაზე, სხვა ქვეყნის ვალუტებთან მიმართებაში,   გავლენას ახდენს შემდეგი ფაქტორები: ეროვნული ბანკის ფულად საკრედიტო პოლიტიკა, ბიზნეს სუბიექტებს შორის საქმიანი აქტივობები, ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი, საგარეო ვაჭრობა, პოლიტიკური ფაქტორი, დასაქმებულთა რაოდენობა, მშპ-ს მაჩვენებელი.

თითოეულ მათგანს report.ge-სთან ეკონომიკის ექსპერტი ნიკა შენგელია განმარტავს. ეროვნული ბანკის ფულად საკრედიტო პოლიტიკასთან დაკავშირებით, შენგელია განმარტავს, რომ, ეროვნული ბანკი ბაზრიდან ერთი ხელით გაყიდის 100 მილიონ დოლარს ანუ 330 მილიონ ლარს და მეორე ხელით რეფინანსირების სესხების სახით კომერციულ ბანკებს აწვდის ლიკვიდობისათვის გაცილებით 3-ჯერ და 5-ჯერ მეტ რაოდენობას ლარისას ,რომლის ნახევარზე მეტი, ექსპერტის თქმით, მიემართება ისევ სავალუტო ბაზარზე დოლარის შესაძენად, რის გამოც, ექსპერტის შეფასებით, ინტერვენცია უშედეგოა.

"თუნდაც ავიღოთ 2020 წლის 28 მარტის ინფორმაცია,როდესაც ეროვნულმა ბანკმა სულ გამოიტანა ჯამურად 100 მილიონი დოლარი გასაყიდად და მეორეს მხრივ რეფინანსირების სესხების სახით 12 მარტს გაუშვა 1,7 მილიარდი ლარი და მერე 19 მარტს 1.850 მილიონი და 26 მარტს 2,420 000 ლარი. ასეთი მიდგომა კიდევ რამდენიმეჯერ განმეორდა, ანუ დოლარის მიწოდებით სავალუტო ბაზარზე რამდენი ლარიც ამოიღო, მეორე ხელით ლარი რეფინანსირების სესხების სახით უფრო მეტი შეუშვა, რაც არასწორია. გარდა ამისა, რეგულატორის მხრიდან ინტერვენცია ყოველთვის დროში დაგვიანებულია და მოცულობების თვალსაზრისითაც არასწორადაა შერჩეული," - განმარტავს ექსპერტი.

ნიკა შენგელია „ბიმარჩ" ტერმინალის დანერგვასაც არ იწონებს. მისი აზრით, ტერმინალით რეგულატორმა "გაიპრავა" ლარის დიდი ნახტომებით გაუფასურება -გამყარების მოძრაობები. 

"როდესაც ეროვნულმა ბაკმა დიდი ზარზეიმით გვამცნო „ბიმარჩ" ტერმინალის დანერგვის შესახებ, ჩვენ გამოვეხმაურეთ ამ განცხადებას და არის ამის შესახებ ჩვენი აზრი დაფიქსირებული ბეჭდვით მედიაში,სადაც განვაცხადეთ, რომ „ბიმარჩ“ ტერმინალით რეგულატორი უბრალოდ გაიპრავებს ლარის დიდი ნახტომებით გაუფასურება -გამყარების მოძრაობებს და ამის მაგალითს შემოდგომიდან იხილავთქო. სამწუხაროდ ასეც მოხდა ამ დღეებში და „ბიმარჩ“-ის ტერმინალმა ვერ უზრუნველყო თავიდან აგვეშორებინა ლარის დიდი ამპლიტუდით მერყეობები, ეს კი აზარალებს ბიზნესს,მოსახლეობას და აჩენს ნეგატიურ მოლოდინებს ლარის კურსის მიმართ. ასეთი ფულადსაკრედიტო პოლიტიკის პირობებში, ინტერვენციებს, ანუ ეროვნული ბანკის რეზერვების გაყიდვის გაგრძელებას აზრი არ აქვს და შედეგი არ ექნება," - განმარტავს ექსპერტი.

აქვე შენგელია ეროვნული ბანკის გადაჭარბებულ ფუქცია-მოვალეობებზეც საუბრობს და გვიხსნის, რომ რეგულატორი საქართველოში არის ერთი „თავკომბალა“ ინსტიტუტი, რომელსაც აბარია საბანკო ზედამხედველობა, სადაზღვევო სექტორის ზედამხედველობა,საბროკერო კომპანიების ზედამხედველობა, ფასიანი ქაღალდების რეგულირების კომისიაც, რაც საერთოდ ნონსენსია. შენგელია ამბობს, რომ სებ-ის განკარგულებაშია „დე ფაქტოდ“ საპენსიო ფონდიც, ვინაიდან სწორედ საბანკო სექტორის დეოზიტებზეა სამართავად საპენსიო თანხები განთავსებული და სამევახშეო კაპიტალადაა ქცეული. ექსპერტი ამტკიცებს, რომ არ შეიძლება ერთ ინსტიტუტს ქონდეს ამდენი მაკონტროლებელი ფუნქცია და სასწრაფოდ გადასახედია ეს საკითხი.

რაც შეეხება, ბიზნეს სუბიექტებს შორის საქმიან აქტივობებს, შენგელია განმარტავს, რომ ჯერ კიდევ შეზღუდულია საერთაშორისო მიმოსვლები და აქტივობები, მთავრობის მიერ დაანონსებული წერტილოვან დაკეტვები და შეზღუდვები ცალსახად ქმნის ცუდ მოლოდინებს. შენგელია ამბობს, რომ კოვიდინფიცირების მაღალი მაჩვენებლის შემდეგ, ვერც სამედიცინო სფეროშია უკვე საქმე კარგად. მისივე აზრით, ვერ გაამართლა გაზაფხულზე ეკონომიკის გაჩერებამ და კიდევ უფრო დაზარალდა ისედაც მძიმე მდგომარეობაში მყოფი ეკონომიკა.

"ჯერ რა ეკონომიკა გვქონდა და ისიც რეცესიაშია," - გვეუბნება ექსპერტი.

ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილთან დაკავშირებით, ნიკა შენგელია ყურადღებას ამახვილებს შემოსავლებზე, დანახარჯებზე და სესხებზე. მისი განმარტებით, ბიუჯეტის ხარჯვა ფაქტიურად უკონტროლოა. საგარეო ვაჭრობასთან დაკავშირებით, კი ექსპერტი ამბობს, რომ მაღალია უარყოფითი სავაჭრო სალდო, რაც ლარისთვის პრობლემაა.

"დღემდე ვერ გავარკვიეთ, სად წავიდა ის თანხები, რაც თუნდაც ბოლოს ვალად აიღო ქვეყანამ, რამდენად ყაირათიანად და მომჭირნედ დაიხარჯა, ამის შესახებ გვაქ მხოლოდ მედიიდან ინფორმაციები, რომ ორი დღის გახსნილ კომპანიებს ერიცხებოდათ სხვადასხვა მედიკამენტებისა და ტესტების შესაძენად და ისიც მაღალ ფასში. შემოსავლების მხრივ ბიუტში არის დეფიციტი და ეს ივსება ნასესხები ფულით. ასეთი ინფორმაციები ნეგატიურად მოქმედებს ლარის კურსზე. საგარეო ვაჭრობი კუთხით, კარგად ვიცით, რომ გვაქვს უარყოფითი სალდო, ანუ იმპორტი გაცილებით მეტი 3-ჯერ და 4-ჯერ გვაქვს ვიდრე ექსპორტი, ეს ასევე ერთ-ერთი სერიოზული ფაქტორია ეროვნულ ვალუტაზე ზეწოლის," - განმარტავს ექსპერტი და იქვე ლარის გაუფასურების პოლიტიკურ ფაქტორსაც განმარტავს. მისი თქმით, როდესაც არის საშიშროება პოლიტიკური არასტაბილურობისა, ეს ფაქტორიც მძლავრად მოქმედებს ეროვნული ვალუტის კურსზე, რადგან პოლიტიკური არასტაბილურობს დროს ინვესტორი ცდილობს არა თუ შემოვიდეს ქვეყანაში და ჩადოს ინვესტიციები, არამედ ვინც უკვე შემოსულია, ისიც ცდილობს გაიტანოს თავისი კაპიტალი ქვეყნიდან, რაც გამოიხატება იმაში, რომ იზრდება მოთხოვნა უცხოურ ვალუტაზე, რაც ასუსტებს ეროვნულ ვალუტას.

"ამ მხრივ რა ხდება ჩვენთან? -ჯერ ის, რომ რეგიონში არის ყარაბაღის ომი, ღმერთმა ნუ ქნას, ისე წავიდეს საქმე, რომ რუსეთი ჩაერიოს ამ ომში, მაშინ საქართველოს 2007 წლის ხელშეკრულებით მოუწევს, საქართველოს ტერიტორიაზე გაატაროს რუსეთის საჯარისო ტექნიკა და გამოაცხადოს საგანგებო მდგომარეობა, რის გამოც ცალსახაა, რომ ინვესტიციების კუთხით შემოსავლებში გვექნება ნული. ესეც რომ არ იყოს, ვხედავთ, რა მდგომარეობაა საქართველოში არჩევნების შემდეგ. თუ არ დასტაბილურდება ვითარება, ესეც პოლიტიკური არასტაბილურობის ფაქტორში გადაიზრდება," - გვეუბნება ექსპერტი.

დასაქმებულთა რაოდენობის ლარზე გავლენასთან დაკავშირებით, ნიკა შენგელია ამბობს, რომ რაც უფრო მაღალია ეს მაჩვენებელი, მით დადებითად მოქმედებს ეროვნულო ვალუტის გამყარებაზე. მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა კი დადებითად მოქმედებს ლარის კურსზე.

"ჩვენთან გვაქვს უმუშევრობა, რომელიც იზრდება. რეალურად უმუშევრობის მაჩვენებელი იმაზე მეტია ვიდრე საქსტატს აქვს გამოქვეყმენული,-ესეც ეროვნული ვალუტაზე ნეგატიურად მოქმედებს. რაც შეეხება, მთლიან შიდა პროდუქტს, მშპ- ს ზრდა მოქმედებს ვალუტის გამყარებაზე პოზიტიურად, ხოლო შემცირება ნეგატიურად. საქართვეოში აპრილის შემდეგ მშპ-ს მატება არის, რა თქმა უნდა, მაგრამ ინვესტორმაც და საზოგადოებამაც იცის, რომ ეს ყველაფერი ვალების ზრდის პარალელურად ხდება," - განმარტავს ნიკა შენგელია.

ექსპერტი მიმართავს თხოვნით მთავრობას, გაიგონოს და გააკეთის ყველაფერი იმისათვის ,რომ ეროვნული ბანკი ჩააყენოს ქვეყნის ეკონომიკის განვითარების სამსახურში. ექსპერტი ამბობს, რომ ეკონომიკის განვითარებისათვის საჭიროა იაფი და ხელმისაწვდომი კრედიტები.

"გარდა ამისა იმისათვის ,რომ ქვეყანამ დროულად სწრაფი ნაბიჯებით მიაღწიოს რეალური შემოსავლებისა და დასაქმების დონის ზრდას, ფინანსური და ტექნოლოგიური კაპიტალის შემოდინებისათვის საჭიროა რეგულატორმა დააჩქაროს: ფინანსური ინსტრუმენტების სასწავლებლების შექმნა, ჩვენი საბანკო სექტორის მსოფლიო კაპიტალურ ბაზრებში ინტეგრაცია, ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის სტრატეგიული მიმართულებების ჩამოყალიბება ,რადგანაც ამ პოლიტიკით დღეისათვის არსებული მოდელი არის ქართველი ხალხის ფინანსური მდგომარეობის დამამძიმებელი და ცუდად უზრუნველყოფს ბაზრის მონაწილეების სტრატეგიულ დაგეგმარებას. ყოველივე ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე, მე ვერ გავიზიარებ იმ აზრს რომ ვალუტის გაუფასურება ეს მხოლოდ ერთი პოლიტიკური ფაქტორის ბრალია რაშიდაც გვარწმუნებენ,ვინაიდან ზემოთ ჩამოთვლილი ფაქტორების უმრავლესობა წლებია ნეგატიურად მოქმედებს ეროვნული ვალუტის კურსის ფორმირებაზე. აქვე გეტყვით, რომ ქვეყნის ეკონომიკის ჩამოკიდება ტურისტულ სექტორზე და ლარის კურსის ემიგრანტების შრომაზე ჩამოკიდებაც შეცდომა იყო," - გვიხსნის ნიკა შენგელია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system