თავში

რეგიონებში ხალხს კარტოფილის მოსავალი ულპება

რეგიონებში ხალხს კარტოფილის მოსავალი ულპება
რეგიონებში ხალხს კარტოფილის მოსავალი ულპება

ოფიციალურ სტატისტიკა, რომ კარტოფილის წარმოება თითქმის 11%-ით გაიზარდა, დიდად სახარბიელო არ არის იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც ამ მოსავლის ნახევარი ულპება. მეკარტოფილე ფერმერები მთავრობისგან დახმარებას ითხოვენ. ამის შესახებ report.ge-ს ახალქალაქის ბიზნეს-ცენტრის დირექტორმა მახარე მაცუკატოვმა აცნობა. მისი თქმით, მოსავლიანობა 2020 წელს საუკეთესო იყო, მაგრამ ამით ხალხმა ვერანაირი სარგებელი ვერ მიიღო, რადგან კარტოფილის რეალიზაცია ვერ მოხერხდა, ქართულმა პროდუქტმა თურქეთიდან იაფად შემოტანილ კარტოფილს კონკურენცია ვერ გაუწია.

,,კარტოფილის მოსავლიანობა არნახულად გაიზარდა. არ გვახსოვს ბოლო წლების განმავლობაში ამაზე უკეთესი მოსავალი, მაგრამ ამ სიკეთით ვერავინ იხეირა. რეალიზაციის დიდი პრობლემაა, ხალხი მოსავალს ვერ ყიდის. შარშანმდელი კარტოფილის ნახევარზე მეტი გაუყიდავი დარჩა. თურქეთიდან შემოყარეს იაფი კარტოფილი, ხოლო ქართულ პროდუქტს არავინ ყიდულობს. შარშან უნიკალური, საუკეთესო მოსავალი მოვიწიეთ, მაგრამ ვერ გავყიდეთ.  სულ ცოტა ხნის წინ 1 კგ. კარტოფილი ადგილზე 70 თეთრი ღირდა და ხალხი იხვეწება, 50-55 თეთრად გაყიდონ და ამასაც ვერ ახერხებენ. შარშან პანდემიის დროს კიტრთან დაკავშირებით რა პრობლემაც იყო, ალბათ, ბევრს ახსოვს. ახლაც იგივე სიტუაციაში აღმოვჩნდებით, თუ შესაბბამის ზომებს არ მიიღებენ. ლოჯისტიკა გაუმართავია. მილიონობით ფული დაიხარჯა აგრობარათებში და რა შედეგი მოიტანა, არანაირი! სჯობდა, 14 მილიონი ლარი გამოეყოთ თითო რეგიონისთვის, მაგალითად, ახალქალაში ამ თანხით 7-8 შემნახველ საწარმოს, ლოჯისტიკურ ცენტრებს გავმართავდით, მაგრამ არ გაკეთდა. სომხეთში კარტოფილის  დეფიციტია, მაგრამ იქაც კი ვერ გააქვთ ფერმერებს, რადგან ფიტოსანიტარული საბუთები არ აქვთ წესრიგში. მარაგების და ხარისხის მართვის მხრივ პრობლემაა. ლოჯისტიკური ცენტრები რომ იყოს, კარტოფილის გადაარჩევის საშუალება გვექნებოდა, მაგრამ ამ შესაძლებლობას მოკლებული ვართ,  21 საუკუნეა და არ შეიძლება ორმოებში ინახებოდეს კარტოფილი", - აცხადებს მახარე მაცუკატოვი.

მისი ინფორმაციით, ხალხში უკმაყოფილებაა და თუ მთავრობა ვერ შეძლებს ფერმერების პრობლემის მოგვარებას, შეიძლება ფერმერებმა აქციები მოაწყონ, რადგან დღეს სხვა გამსოავალი არ აქვთ.

,,ფერმერები ყველაფერს აკეთებენ, რომ მშვიდობიანად მოაგვარონ კარტოფილის გაყიდვის პრობლემა. გუშინ საკრებულოშიც იყვნენ, ახალქალაქის მერს შეხვდნენ, მაგრამ  თვითმმართველობას არავითარი მექანიზმი არ აქვს, გარდა იმისა, რომ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსგან ითხოვოს დახმარება. ცხადია, მათაც იციან ამ პრობლემის შესახებ, მაგრამ არავინ ჩანს დამხმარე. გვეუბნებიან, რომ რაღაცას მოიფიქრებენ და ამ დროს ნახევარი მოსავალი დალპა. 2 კვირაში თესვის სეზონი იწყება და არ ვიცით, ძველი მოსავალი სად წავიღოთ. რაღაც მექანიზმი უნდა გამოინახოს, საჭირო თუ გახდა, იმპორტი მცირედით მაინც შეზღუდონ, რომ ქართულ პროდუქტს გაყიდვის შესაძლებლობა მიეცეს", - ამბობს report.ge-თან მახარე მაცუკატოვი.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა მემცენარეობის 2020 წლის წინასწარი მონაცემები გამოაქვეყნა. აღმოჩნდა, რომ 2020 წელს კარტოფილის წარმოება 10.8 პროცენტით გაიზარდა და 215.7 ათასი ტონა შეადგინა. ამასთან, 2020 წლის განმავლობაში წარმოებულია 180.1 ათასი ტონა ბოსტნეული, რაც 11.8 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system