თავში

რეგიონებში სამაცივრე მეურნეობების სიმცირეს უჩივიან

რეგიონებში სამაცივრე მეურნეობების სიმცირეს უჩივიან
რეგიონებში სამაცივრე მეურნეობების სიმცირეს უჩივიან

სპეციალისტების განცხადებით, სასურსათო უზრუნველყოფის მიღწევა სამაცივრე მეურნეობების სიმცირის გამო შეუძლებელია. მართალია, მთავრობა ამ მიმართულებით ბოლო პერიოდში აქტიურ ნაბიჯს დგამს, მაგრამ პრობლემის მოგვარება ჯერჯერობით ვერ ხერხდება.  როგორც სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ასოციაციის ხელმძღვანელმა კობა კობალაძემ report.ge-თან აღნიშნა, შემნახველი-სასაწყობო მეურნეობების სიმცირის მხრივ არსებული ვითარება წარმოებას სერიოზულ დაბრკოლებას უქმნის.

,,საქართველოს ყველა რეგიონში სამაცივრე მეურნეობების დეფიციტია. ამის გარეშე კი რეალურად სოფლის მეურნეობის განვითარება და სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია. საქართველო მთიანი ქვეყანაა და შეიძლება, რომ მაცივრები ამ ზონაში პირდაპირ მთებში გაკეთდეს. მაგალითისთვის, ყვარლის გვირაბები ღვინის შესანახად მოეწყო და ძალიან კარგია, მაგრამ მსგავსი უნდა გაკეთდეს ხილისა და კარტოფილის შესანახადაც. შესაძლებელია შიგნით მთებში, ცხადია, გარემოს უსაფრთხოების გათვალისწინებით. მალფუჭებადი პროდუქტი თუ 1 დოლარი ღირს, სეზონზე მისი ფასი ერთი სამად მატულობს, მაგრამ შენახვის პრობლემაა. ამიტომ სამაცივრე მეურნეობა ბევრად მიზანშეწონილი არის ეკონომიკურადაც და ამ მხრივ სერიოზული სამუშაოებია გასაწევი", - აცხადებს კობალაძე.

პრობლემა განსაკუთრებით სამცხე-ჯავახეთში შეიმჩნევა. ახალქალაქელი ფერმერი მახარე მაცუკატოვი ამბობს, რომ კარტოფილს მამა-პაპური მეთოდით, ე.წ. მიწურებში ინახავენ, რის გამოც გლეხებს მუდმივად რეალიზაციის პრობლემა აქვთ.

,,წელს ბევრი დაითესა, ხალხი კარტოფილის წარმოების ზრდით მაქსიმალურად არის დაინტერესებული და მეტი მოსავლის მიღება გახდება შესაძლებელი. თუმცა, ხალხის შრომას არ ექნება შედეგი, თუ სახელმწიფოს მხრიდან ხელშემწყობი ღონისძიებები არ გატარდება. ვფიქრობ, რომ მარაგის მართვის მხრივ სერიოზული პრობლემა გველის. შესანახი სასაწყობო მეურნეობების დეფიციტია რეგიონში. შეიძლება მოულოდნელად ჭარბი მარაგი გაჩნდეს ბაზრებზე და ფასი დაეცეს, მერე უცებ დეფიციტი შეიქმნას, რაც ხშირად ხდება. სასაწყობო მეურნეობების აშენება და კოოპერატივებისთვის გადაცემა საშური საქმეა, რაც მთავრობამ უნდა გააკეთოს. ძნელად წარმოსადგენია, მაგრამ კარტოფილს ახლაც მიწურებში ვინახავთ, ამიტომ დიდხანს ვერ ძლებს, რის გამოც მუდმივად რეალიზაციის პრობლემაა", - ამბობს ფერმერი.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემით, შარშან საქართველოში 109 ერთეული სამაცივრე მეურნეობა ფუნქციონირებდა, რომელთა უმრავლესობაც შიდა ქართლის რეგიონშია (50.5 პროცენტი) განთავსებული. თუმცა ადგილობრივებისთვის არსებული ინფრასტრუქტურა არასაკმარისია. ქარელში, სოფელ აგარაში მცხოვრები ფერმერი ვეფხვია გრძელიშვილი ერთ-ერთი კოოპერატივის წევრია და შემნახველი მინი საწარმოს მშენებლობა  სამთავრობო პროგრამის საშუალებით მოახერხა. მისი თქმით, სოფელში რამდენიმე სამაცივრე მეურნეობა უნდა მუშაობდეს, რომ ხალხს მოსავლის შენახვა ყველა სეზონზე შეეძლოს.

,,ჩვენი საწარმო მცირე მოცულობისაა, 1000 ტონაზეა გათვლილი და ამის გამო მოსახლეობისგან ხილის ჩაბარებას ვერ ვახერხებთ. არათუ სხვისი, საკუთარი მოსავლის შესანახადაც არ გვყოფნის. 1000 ტონაზეა გათვლილი, ათი, თითო ასტონიანი კამერაა, ასეთი სამაცივრე დანადგარი აგარაში კიდევ ერთია, მაგრამ ცხადია, ეს საკმარისი არ არის", - ამბობს ვეფხვია გრძელიშვილი.

2013 წლიდან დღემდე, სახელმწიფოს დახმარებით, „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში, ქვემო ქართლის რეგიონში 27 ახალი საწარმო დაფინანსდა. როგორც დღეს გახდა ცნობილი, მუნიციპალიტეტს კიდევ 1 საწარმო შეემატა. ბოლნისის მუნიციპალიტეტში, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის „გიო“ ახალი სამაცივრო მეურნეობა სახელმწიფო ფინანსური მხარდაჭერით, „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში ამოქმედდა. თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილ საწარმოში, ჯამურად, 1 მლნ ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდა, აქედან, 510,000 ლარი გრანტია, ხოლო 500,000 ლარი - შეღავათიანი აგროკრედიტი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system