თავში

რის ხარჯზე შემცირდა ვადაგადაცილებული სესხების მოცულობა

რის ხარჯზე შემცირდა ვადაგადაცილებული სესხების მოცულობა
რის ხარჯზე შემცირდა ვადაგადაცილებული სესხების მოცულობა

ვადაგადაცილებული სესხების შემცირებას სპეციალისტები ბანკების მიერ სესხების სავარაუდო ჩამოწერას უკავშირებენ. როგორც ფინანსისტი ვახტანგ ხომიზურაშვილი აცხადებს, რეალურად სხვა მიზეზი არ არსებობს, რასაც შეეძლო მოსახლეობის გადახდისუნარიანობაზე დადებითად ემოქმედა. მიუხედავად ამისა, ფინანსისტი არ გამორიცხავს, რომ ტენდენცია შეიცვალოს და ვადაგადაცილებული სესხების რაოდენობა სამომავლოდ კვლავ გაიზარდოს, რადგან მოსახლეობის შემოსავლები შემცირდა.

,,ადრე გაცემული სესხების დიდმა ნაწილმა უიმედო სესხების კატეგორიაში გადაინაცვლა, რადგან რეალურად ადამიანებს და შესაბამისად კომპანიებსაც, შემოსავლები შეუმცირდათ. აქედან გამომდინარე, ზოგმა ბანკმა სესხების ჩამოწერა მოახდინა. პრაქტიკულად გაანთავისუფლა საკრედიტო პორტფელი ვადაგადაცილებული სესხებისგან. სავარაუდოდ, ამანაც იმოქმედა ვადაგადაცილებული სესხების კლების მაჩვენებელზე. რეალურად გადახდისუნარიანობა რომ არ გაზრდილა, ვიცით, ეს ცალსახაა. ვფიქრობ, რომ ვადაგადაცილებული სესხები გარკვეული პერიოდის შემდეგ გაიზრდება. მით უმეტეს, რომ ეკონომიკის განვითარების ნიშნები არ ჩანს, პირიქით, სტაგნაციაა. ვითარება უარესდება და ეს პირდაპირ აისახება საკრედიტო პორტფელების ხარისხზე. ბანკებმა პირველ რიგში, უნდა შეცვალონ დაკრედიტების მეთოდიკა. ბევრი პერსპექტიული პროექტია, რაზეც სწორება უნდა გაკეთდეს და მოახდინონ ბიზნესპროექტების კომპლექსური შეფასება. ამით ბანკებს შემოსავლები გაეზრდებათ და გადახდისუნარიანობაზეც დადებითად იმოქმედებს. დღესდღეობით  ბანკების საკრედიტო მენეჯმენტი ძალიან დაბალ დონეზეა და პრიორიტეტები უნდა გადაიხედოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, საბანკო სექტორი ცუდ მდგომარეობაში აღმოჩნდება და მერე კრიზისიდან გამოსვლა ძალიან გაუჭირდებათ", - აცხადებს ხომიზურაშვილი.

ცნობისთვის, ივნისში ვადაგადაცილებული სესხები 6.9 მლნ ლარით შემცირდა და 499.3 მლნ ლარს გაუტოლდა. სებ-ის ცნობით, მათი წილი კომერციული ბანკების საკრედიტო პორტფელში 1.4 პროცენტი იყო. ვადაგადაცილებული სესხების 35.8 პროცენტი ეროვნული ვალუტით არის დენომინირებული. საანგარიშო პერიოდში, მთლიანი საკრედიტო პორტფელის დოლარიზაციის მაჩვენებელი 1.1 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 56.5 პროცენტს გაუტოლდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system