თავში

რითაა საყურადღებო ოქტომბრის ინფლაცია

რითაა საყურადღებო ოქტომბრის ინფლაცია
რითაა საყურადღებო ოქტომბრის ინფლაცია

ინფლაციამ საქართველოში 2020 წლის ოქტომბერში, წინა თვესთან შედარებით, მხოლოდ 0.8 პროცენტი, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით - 3.8 პროცენტი შეადგინა. 

ოქტომბრის ინფლაცია ბოლო ექვსი თვის მანძილზე, წინა თვესთან შედარებით, ყველაზე მაღალ ნიშნულზეა (+0.8%), ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით (+3.8%) - ყველაზე დაბალ ნიშნულზე;

სტატისტიკოს სოსო არჩვაძისთვის ეს მონაცემები რამდენიმე ასპექტითაა საინტერესო და საყურადღებო.

უპირველესად ექსპერტი ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ წლის განვლილი ათი თვის მანძილზე (ოქტომბერში დეკემბერთან შედარებით) ფასებმა მხოლოდ 2.4 პროცენტით მოიმატა, რაც 2-ჯერ და მეტად ჩამორჩება გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს (შარშან - +5.9%).

არჩვაძისთვის საყურადღებოა ისიც, რომ სურსათისა და სასმელების ფასების საერთო ზრდა თანდათან კლებულობს და ოქტომბერში მისი ზრდა წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით (+5.5%) თითქმის 3-ჯერ უფრო დაბალი იყო აპრილის ანალოგიურ მაჩვენებელთან (+16.1%) შედარებით;

"პირველად მრავალი თვის მანძილზე, წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით, ფასების მატება ხორცსა და ხორცის პროდუქტებზე ჩამორჩა ინფლაციის მაჩვენებელს (შესაბამისად, +3.5% და 3.8%). აპრილში მაგალითად, ხორცსა და ხორცის პროდუქტებზე ფასების მატების მაჩვენებელი 2.2-ჯერ უსწრებდა ინფლაციის მაჩვენებელს (შესაბამისად, +15.0% და +6.9%). გასათვალისწინებელია, რომ ინფლაციის დონე ერთობლივი მოთხოვნის დინამიკის საკმაოდ მგრძნობიარე ინდიკატორია და მისი მცირედი (1%-ზე დაბალი) ზრდა წინა თვესთან შედარებით, განსაკუთრებით ზაფხულის თვეების დეფლაციის (შემცირების) ფონზე, აღნიშნული მოთხოვნის ზრდის არაორაზროვან შეტყობინებად უნდა მივიჩნოთ. და ბოლოს, ინფლაციის აღნიშნული მაჩვენებლები, ეკონომიკის სხვა ინდიკატორების (მშპ, ექსპორტი, ბიზნეს-სექტორი, ბრუნვა და სხვ.) დინამიკის გათვალისწინებით, ცალსახად ადასტურებენ ეკონომიკის გამოცოცხლებისა და მისი პოზიტიური განვითარების მზარდ პოტენციალს,"წერს სტატისტიკოსი სოციალურ ქსელში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system