თავში

როდის უნდა ველოდოთ ფასების შემცირებას

როდის უნდა ველოდოთ ფასების შემცირებას
როდის უნდა ველოდოთ ფასების შემცირებას

საქართველოს ეროვნული ბანკის(სებ-ი) პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის, პროგნოზით, როგორც კი მიწოდების ჯაჭვები აღდგება, ინფლაციაზე წნეხი მოიხსნება და გარკევულ პერიოდში ფასების ზრდას ფასების შემცირება მოჰყვება.

შეგახსენებთ, აპრილის თვეში ინფლაცია კვლავ გაიზარდა და თითქმის შვიდ პროცენტს გაუტოლდა, რაც მიზნობრივი მაჩვენებლის ფაქტობრივად ორმაგი ოდენობაა.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოსაზრებით, ინფლაცია, ეპიდემიის გარდა, გასული წლის ზაფხულში მიღებულმა შოკმაც გაზარდა.

„ზაფხულში კურსი გაუფასურდა, ფასების საერთო დონე გაიზარდა. მივიღეთ ზომები და წელი საკმაოდ კარგი [ეკონომიკური] ზრდით დასრულდა, კურსმა გამყარება დაიწყო, ინფლაციამაც ზუსტად ისე პროგნოზირებულად დაიწყო შემცირება, როგორც ვვარაუდობდით. მაგრამ ახლა უკვე მეორე, გლობალური შოკი წამოგვეწია. ეს ძალიან ცუდია და გარკვეულწილად გაგრძელდა ეს პერიოდი. მაგრამ არის სიტუაცია, როდესაც ვერც ერთი ეროვნული ბანკი ვერაფერს გააკეთებს ამასთან დაკავშირებით. დღესდღეობით მიწოდების ჯაჭვების გავლენაა“, – განაცხადა გვენეტაძემ და დასძინა, რომ ფასების ზრდას მიწოდების არხების შემცირება იწვევს, შესაბამისად, როდესაც ეს ჯაჭვი აღდგება, გვენეტაძე დარწმუნებულია, რომ ინფლაციაზე წნეხიც მოიხსნება.

დასაიმედებლად შემიძლია, გითხრათ, რომ, თუ გავიხსენებთ იმ პერიოდებს, ფასების ზრდას ყოველთვის ჰქონდა თავისი მიზეზი და ყოველთვის იყო რეაგირება, რომელსაც მოჰყვებოდა შემცირება, რადგან ის ზომები, რასაც ვიღებდით, იყო ადეკვატური. ახლაც ასეთი სიტუაციაა. უბრალოდ ამ სიტუაციაში შეუძლებელია ამის დაჩქარება. მაგრამ როგორც კი ამ სიტუაციიდან, რასაც ეკონომიკის ჩაკეტვა ჰქვია, ეტაპობრივად გამოსვლა მოხდება, როგორც კი მიწოდების ჯაჭვები აღდგება და დაბრუნდება ძველი პრაქტიკა, ეს წნეხი მოიხსნება," - ამბობს გვენეტაძე და დასძენს, რომ წელს ეკონომიკის ოთხი პროცენტით შემცირებაა მოსალოდნელი, ამიტომ, ქვეყნის პირველი ბანკირი დარწმუნებულია, რომ მოთხოვნის ფაქტორი აუცილებლად გადაწონის და ფასების ზრდის ტენდენციას აუცილებლად შეცვლის ფასების შემცირება.

შეგახსენებთ, აპრილში ყველაზე მეტად ხილი, რძის ნაწარმი, ხორცპროდუქტები და პურპროდუქტები გაძვირდა. 

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2020 წლის აპრილში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.9 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 6.9 პროცენტი შეადგინა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system