თავში

როგორ აისახება მინიმალური სარეზერვო მოთხოვნის ცვლილება მოქალაქეებზე

როგორ აისახება მინიმალური სარეზერვო მოთხოვნის ცვლილება მოქალაქეებზე
როგორ აისახება მინიმალური სარეზერვო მოთხოვნის ცვლილება მოქალაქეებზე

მინიმალური სარეზერვო მოთხოვნის შემცირება ბანკებს საპროცენტო განაკვეთების შემცირების  საშუალებას მისცემს. ეს ძირითადი სარგებელია, რაც შეიძლება მომხმარებელმა ამ პროცესისგან მიიღოს. ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება საბოლოოდ ინფლაციის წნეხის შემცირებასა და ლარის გამყარებისკენ გადადგმული ნაბიჯია და კიდევ ერთი სიკეთე, რამაც მოსახლეობის ყოფა ოდნავ მაინც უნდა შეამსუბუქოს. 

წმინდა საბანკო-საფინანსო თვალსაზრისით კი,  მინიმალური სარეზერვო მოთხოვნის გაზრდა/შემცირებას სესხების განაკვეთზე გავლენის მოხდენა შეუძლია; როდესაც სარეზერვო მოთხოვნა იზრდება, ბანკს კაპიტალის მოზიდვა უძვირდება, რაც თავის მხრივ სესხის განაკვეთის ზრდაში აისახება. სარეზერვო მოთხოვნის შემცირებით კი, კომერციულ ბანკებს დამატებითი რესურსები უთავისუფლდებათ სესხების გასაცემად, შედეგად უცხოურ ვალუტაში განაკვეთები მცირდება ქვეყანაში დაკრედიტების დონე კი, იზრდება.

როგორც საქართველოს ეროვნული ბანკი განმარტავს, მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების განსაზღვრა ხდება მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის მიერ ცალ-ცალკე ეროვნული და უცხოური ვალუტით მოზიდულ სახსრებზე (მაგ. ბანკში განთავსებულ დეპოზიტებზე, ნასესხებ სახსრებზე). მათი გაანგარიშება წარმოებს 14-დღიანი პერიოდის ინტერვალების საშუალო მოზიდულ სახსრებზე. ეს არის ის ფული, რომელიც კომერციულმა ბანკებმა საბანკო ლიცენზიის შესანარჩუნებლად ეროვნული ბანკის ანგარიშებზე უნდა იქონიონ.

როგორც წესი, მოქალაქეების მიერ ბანკში შეტანილი ფულის გარკვეული ნაწილი ეროვნულ ბანკში ინახება. კომერციულ ბანკს სებ-ის ანგარიშზე არსებული ფულის გასესხება არ შეუძლია, ამის საკომპენსაციოდ ეროვნული ბანკი კომერციულ ბანკებს მინიმალური სარეზერვო მოთხოვნის სახით შენახულ რესურსზე მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის ტოლფას თანხას არიცხავს, რაც დღეს 7%-ია, ხოლო უცხოური ვალუტით არსებულ თანხას კი 0.5%-ს. იმ შემთხვევაში თუ ბანკს მინიმალური სარეზერვო მოთხოვნის სახით შენახული ფულის გასესხება შეეძლებოდა ის ამაზე მაღალ შემოსავალს მიიღებდა, ეკონომიკას კი უფრო დიდი მოცულობით დააკრედიტებდა.

2 ოქტომბერს სებ-მა სარეზერვო მოთხოვნა ბანკებისთვის 5%-ით შეამცირა. ამჟამად მოქმედი სარეზერვო მოთხოვნები შეადგენს 5%-ს ეროვნული ვალუტით მოზიდულ სახსრებზე და 30%-ს - უცხოური ვალუტით ნასესხებ სახსრებზე. ამასთან, ნარჩენი ვადიანობების მიხედვით, ეროვნული ვალუტით 1 წელზე მეტი ვადიანობის და უცხოური ვალუტით 2 წელზე მეტი ვადიანობის ნასესხები სახსრები გათავისუფლებულია სარეზერვო მოთხოვნებისაგან, ხოლო უცხოური ვალუტით 1-დან 2 წლამდე ვადიანობის ნასესხები სახსრებისათვის სარეზერვო ნორმა შეადგენს 15 პროცენტს. აღსანიშნავია, რომ კაპიტალი და მასთან გათანაბრებული სახსრები გათავისუფლებულია აღნიშნული მოთხოვნისგან.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system