თავში

როგორ აზარალა ეკონომიკა პანდემიის ორმა ტალღამ

როგორ აზარალა ეკონომიკა პანდემიის ორმა ტალღამ
როგორ აზარალა ეკონომიკა პანდემიის ორმა ტალღამ

COVID-19-ის პანდემიამ მსოფლიო ეკონომიკა მანამდე არნახული გამოწვევების წინაშე დააყენა. შემთხვევითი არ არის, რომ პანდემიით პროვოცირებულ კრიზისს ბოლო ასი წლის ყველაზე მასშტაბურ ეკონომიკურ კრიზისებს ადარებენ - 1929- 1933 წლების „დიდი დეპრესიას“ და 2008-2009 წლების „დიდი რეცესიას“. 

ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდისა (რონდელის ფონდი) და ფრიდრიხ ებერტის ფონდის ეგიდით ჩატარებულ კვლევაში „ანტიპანდემიური შეზღუდვების და მთავრობის ანტიკრიზისული ღონისძიებების გავლენა დასაქმებაზე შემოსავლებსა და სიღარიბის დონეზე საქართველოში“.

დოკუმენტის მიხედვით, „დიდმა ლოკდაუნმა“ (Gopinath, 2020), საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასებით, სინქრონულად შეასუსტა ეკონომიკური აქტივობა მთელ მსოფლიოში, მკვეთრად შეამცირა შინამეურნეობათა მოხმარება, განსაკუთრებით დააზიანა მომსახურების სექტორი, დიდი დარტყმა მიაყენა შრომის ბაზარს და საერთაშორისო ვაჭრობას (IMF, 2020).  ანალიტიკოსების შეფასებით, მასობრივად დაიკარგა სამუშაო ადგილები და დაიშრიტა შინამეურნეობების რეგულარული შემოსავლის წყაროები, რამაც სიღარიბის დონის მკვეთრი ზრდის რეალური საფრთხე წარმოქმნა. 

"ცხადია, საქართველო ვერ დარჩებოდა აღნიშნული მოვლენების მიღმა, მით უმეტეს, რომ პანდემიური კრიზისით განსაკუთრებით დაზიანებული მომსახურების სექტორი, მათ შორის, ტურისტული ინდუსტრია, ქვეყნის ეკონომიკის 74 პროცენტს შეადგენს. მიუხედავად იმისა, რომ მთავრობის მიერ დაწესებული ანტიპანდემიური შეზღუდვების ფონზე დაავადების გავრცელების მასშტაბი თავდაპირველად საკმაოდ მცირე იყო, ქვეყნის ეკონომიკას მაინც დიდი ზიანი მიადგა. COVID-19-ის შემდგომი გავრცელების პრევენციის მიზნით შემოღებული შეზღუდვების, მათ შორის, იძულებითი შინაიზოლაციის მძიმე სოციალურ-ეკონომიკური შედეგების თუნდაც ნაწილობრივ განეიტრალების მიზნით, მთავრობებმა, მათ შორის, საქართველოს მთავრობამ, დაიწყეს გადაუდებელ ანტიკრიზისულ ღონისძიებათა განხორციელება, რომელთა ეფექტიანობის შეფასება, პანდემიის მასშტაბების თითქმის განუწყვეტელი ზრდის პირობებში, ერთობ რთული აღმოჩნდა,"  - ვკითხულობთ დოკუმენტში. 

კვლევაში აღნიშნულია, რომ პანდემიური ეკონომიკური კრიზისი არ წარმოადგენს არც ციკლურ და არც სტრუქტურულ მოვლენას. ეს არის სრულიად ახალი ფენომენი, რომელიც ასახავს სიცოცხლისათვის უაღრესად საშიში დაავადების - COVID-19-ის „ტყვეობაში“ მოქცეული ეკონომიკის რეაქციას (Papava, 2020). 

"ამ დაავადების სწრაფი გავრცელების პრევენციის მიზნით სახელმწიფოები იძულებული არიან დააწესონ მკაცრი ანტიპანდემიური შეზღუდვები, მათ შორის, ლოკდაუნის (მოქალაქეთა შინაიზოლაციის) რეჟიმი, რაც ეკონომიკის დარგების დიდი ნაწილის პარალიზებას იწვევს. ასეთ ვითარებაში ერთმანეთს ეხლართება მოთხოვნისა და მიწოდების უძლიერესი შოკები, რაც, ერთი მხრივ, უმუშევრობის ზრდასა და შინამეურნეობათა შემოსავლების კლებაში ვლინდება, ხოლო, მეორე მხრივ, მიწოდების ლოკალური და გლობალური ჯაჭვების წყვეტაში.

"შედეგად, პანდემიით პროვოცირებული ეკონომიკური კრიზისის უარყოფითი კუმულატური ეფექტი ძალიან მაღალია. მართალია პანდემია ჯერ კიდევ გრძელდება, მაგრამ უკვე შეიძლება საუბარი იმაზე, თუ რამდენად მოწყვლადია საქართველოს ეკონომიკა COVID 19-ით პროვოცირებული ეკონომიკური კრიზისის მიმართ. ამის ნათელი დადასტურებაა მშპ-ის მკვეთრი კლება უშუალოდ ანტიპანდემიური შეზღუდვების, მათ შორის, ლოკდაუნის შემოღების შედეგად: საქართველოს ეკონომიკა 2020 წლის მეორე კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 12.3 პროცენტით შემცირდა. მესამე კვარტალში, საქსტატის წინასწარი მონაცემებით, მშპ-ის კლებისტემპი -5 პროცენტამდე დაეცა (საქსტატი, 2020), რაშიც, როგორც ქვემოთ დავინახავთ, მნიშვნელოვანი როლი შეასრულა მთავრობის მიერ გატარებულმა გადაუდებელმა ანტიკრიზისულმა ღონისძიებებმა. მიუხედავად ამისა, მეოთხე კვარტალის დასაწყისიდან აღინიშნა COVID-19-ით დაავადებულთა რაოდენობის მკვეთრი მატება, რაც პანდემიის ახალი - მეორე ტალღის დაწყებას მოასწავებს, რომლის სოციალურ-ეკონომიკური შედეგების შეფასება დღევანდელი გადასახედიდან ერთობ რთულია," - აღნიშნულია კვლევაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system