თავში

როგორ დააზარალა ტურიზმის კლებამ მომიჯნავე დარგები

როგორ დააზარალა ტურიზმის კლებამ მომიჯნავე დარგები
როგორ დააზარალა ტურიზმის კლებამ მომიჯნავე დარგები

2020 წლის მეორე კვარტალში რეალური მთლიანი შიდა პროდუქტი 12.3%-ით შემცირდა. კოვიდ-19-ის პანდემიის შედეგად პირველ რიგში ტურიზმთან დაკავშირებული დარგები დაზარალდა. შესაბამისად, ყველაზე დიდი ვარდნა მომსახურების ექსპორტში დაფიქსირდა. აქედან გამომდინარე, წმინდა ექსპორტის წვლილი, -7.8 პროცენტული პუნქტი, ვარდნაში უდიდესი იყო. მოხმარებისა და მთლიანი კაპიტალის ფორმირება/ინვესტიციების წვლილი ეკონომიკურ ვარდნაში შედარებით ნაკლები, შესაბამისად -2.9 პპ და -1.6 პპ, იყო.

ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ) მონეტარული პოლიტიკის ანგარიშშია განმარტებული.

მთლიანი შიდა პროდუქტის 12.3%-იან ვარდნაში, დარგების მიხედვით, უდიდესი წვლილი, -9.8 პპ, მომსახურებაზე მოდიოდა, ინდუსტრიულ დარგებზე -2.8 პპ, ხოლო სოფლის მეურნეობის წვლილი დადებითი, 0.3 პპ იყო.

კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული უარყოფითი შედეგების ასახვა საქართველოს ეკონომიკაზე თებერვლიდან დაიწყო. ყველაზე მეტად საქართველოში, ისევე როგორც მსოფლიოში, ტურისტული ინდუსტრია დაზარალდა. 

უცხოელი ვიზიტორების რაოდენობის მცირე კლება ჯერ კიდევ თებერვალში დაფიქსირდა. მარტში, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებისა და საზღვრების ჩაკეტვის შემდეგ ქვეყანაში უცხოელ ვიზიტორთა შემოსვლა თითქმის შეწყდა. 

სებ-ის განმარტებით, უკანასკნელი წლების მანძილზე საქართველოში ეკონომიკური ზრდის მთავარი მამოძრავებელი ტურისტული ინდუსტრიაა, რომელიც ურთიერთდაკავშირებულ დარგებს აერთიანებს და მთლიანობაში ეკონომიკის დიდ ნაწილს მოიცავს. 

მეორე კვარტალში, უცხოელი ვიზიტორების თითქმის არ არსებობის ფონზე, ყველაზე საგრძნობი ვარდნა განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობებში დაფიქსირდა, სადაც უდიდესი წილი სასტუმროებისა და რესტორნების გამოშვებაზე მოდის. ამ დარგის გამოშვება, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 40%ით შემცირდა, ხოლო უარყოფითმა წვლილმა ეკონომიკურ ვარდნაში 1.7 პპ შეადგინა. 

ტრანსპორტის დარგი, სადაც ტურისტული სააგენტოების წვლილი მნიშვნელოვანია, 22.6%ით შემცირდა (უარყოფითი წვლილი მშპ-ს ვარდნაში -1.3 პპ). 

ეკონომიკის უმსხვილესმა დარგმა, ვაჭრობამ 13.2%-იანი კლება განიცადა (უარყოფითი წვლილი მშპ-ს ვარდნაში -1.7 პპ).

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system