თავში

როგორ დაიზოგება ინვესტიციები ინფრასტრუქტურაში

როგორ დაიზოგება ინვესტიციები ინფრასტრუქტურაში
როგორ დაიზოგება ინვესტიციები ინფრასტრუქტურაში

საქართველო ინფრასტრუქტურაში ესტონეთზე მეტ ინვესტიციას დებს, თუმცა ესტონეთში ინფრასტრუქტურა ბევრად უკეთესია. სპეციალისტების განმარტებით, მიზეზი ინფრასტრუქტურის ეფექტურ მართვასა და მოვლა-შენახვაში მდგომარეობს.

ISET-ის კვლევითი ინსტიტუტი განმარტავს, ორივე ქვეყანამ ახლახან გაიარა სახელმწიფო ინვესტიციების მართვის შეფასება (PIMA). ეს არის საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) მიერ შექმნილი ჩარჩო, რომელიც აფასებს, როგორ იმართება ინვესტიციები, ასევე, ძირითადი ინსტიტუციები, სახელმწიფო ინვესტიციების პრაქტიკა, საინფორმაციო ტექნოლოგიების სისტემა, საკანონმდებლო ჩარჩო და პერსონალის კომპეტენცია. 

"აშკარაა, რომ საქართველო შედარებით მოიკოჭლებს დაგეგმარების, დაბიუჯეტებისა და მოვლა-შენახვის მიმართულებით. საქართველოს ეროვნული და დარგობრივი ინფრასტრუქტურის გეგმებმა დაბალი ქულა მიიღო როგორც ინსტიტუციური მოწყობის, ისე ეფექტიანობის ინდიკატორებით. მიზეზი ისაა, რომ საქართველოს დარგობრივი სტრატეგიები მხოლოდ ახალ წამოწყებებს მოიცავს და სახელმწიფო ინვესტიციების მიზნები ‘არაა თანხვედრაში ეფექტური ინვესტიციების პრინციპთან’. გარდა ამისა, რეფორმების თვალსაზრისით, პრიორიტეტული მიმართულებებია პროექტების შერჩევა, შეფასება და განხორციელება," - განმარტავს ISET-ის კვლევითი ინსტიტუტი. 

ორგანიზაციის დასკვნით, სუსტი საზოგადოებრივი ინფრასტრუქტურის მართვა ძვირი ჯდება. მათივე მტკიცებით, ქვეყნები ინფრასტუქტურაზე დახარჯული თანხების ერთ მესამედს არაეფექტიანობის გამო კარგავენ. ცუდი მართვით კი ინფრასტრუქტურაში ინვესტიციის სახით ჩადებული საბიუჯეტო თანხები ტყუილად იხარჯება.

"საქართველოში ინფრასტრუქტურულ პროექტებში დონორების ჩართულობა აუმჯობესებს მართვის ხარისხს, რაც კარგია. პროექტები, რომლებსაც დონორები არ აფინანსებენ (ასეთი კი პროექტების 60%-ია), არ გადის შეფასების სტანდარტულ პროცედურებს, ამიტომ შეუძლებელია იმის დანამდვილებით თქმა, რომ დაგეგმილი საინვესტიციო პროექტები ნამდვილად საჭირო და ხარჯ-ეფექტურია ან ეფექტიანად ხორციელდება. სურათი კიდევ უფრო ბუნდოვანია, რადგან პროექტების აუდიტი არარეგულარულად ტარდება (PIMA-მ გამოავლინა, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურს 2015 – 2017 წწ-ში არცერთი ინდივიდუალური პროექტის აუდიტი არ ჩაუტარებია). მოვლა-შენახვის ხარჯები კიდევ ერთი სფეროა, სადაც ესტონეთისა და საქართველოს შორის განსხვავებები თვალშისაცემია. ესტონეთში ინფრასტრუქტურული პროექტების მოვლა-შენახვის ხარჯების „დაბიუჯეტების, დაგეგმვის, შემოწმებისა და ანგარიშგების’ სისტემა გამართულია. PIMA-ს მონაცემებით, საქართველოს ჯერ კიდევ არ აქვს ‘ინფრასტრუქტურის მოვლა-შენახვის მოთხოვნებისა და მასზე დახარჯული თანხების მონიტორინგის’ სტანდარტიზებული მეთოდოლოგია," - აცხადებს ISET-ის კვლევითი ინსტიტუტი.

ორგანიზაციის შეფასებით, მოვლა-შენახვა, რეაბილიტაცია და ახალი ინვესტიციები ერთმანეთთან მჭიდრო კავშირშია: როდესაც გეგმით გათვალისწინებული მოვლა-შენახვის აქტივობები (შეკეთება, რემონტი) არ არის საკმარისი, ინფრასტრუქტურა მალე იწყებს გაფუჭებას, დაუგეგმავი მოვლა-შენახვის (გაფუჭებული ნაწილების გამოცვლისა და შეკეთების) ხარჯები კი სწრაფად იზრდება. შედეგად, მოვლა-შენახვის მთლიანი ხარჯი იზრდება. თუ დაგეგმილი მოვლა-შენახვის აქტივობებზე საჭიროზე მეტი თანხა გამოიყოფა, მაშინ დაუგეგმავი მოვლა-შენახვის ხარჯები დაბალია, თუმცა მთლიანი ხარჯი ოპტიმალურზე მეტია. 

"ოპტიმალური ბალანსის დასაცავად საჭიროა მოვლა-შენახვის აქტივობები სწორად დაიგეგმოს, რათა ინფრასტრუქტურის სიცოცხლისუნარიანობა მაქსიმალური იყოს და მთლიანი ხარჯი მინიმალურ დონეზე შენარჩუნდეს. ძალიან არასწორია, რომ საქართველოში მოვლა-შენახვის ხარჯები სტანდარტიზებული მეთოდოლოგიით არ ითვლება. სამწუხაროდ, მოვლა-შენახვისადმი მცდარი მიდგომა სახელმწიფო აღრიცხვის წესებშიც აისახება. კაპიტალური ინვესტიციები ოფიციალურად კარგად გამოიყურება, რეაბილიტაციაც ინვესტიციად განიხილება, თუმცა, მეორე მხრივ, შეთანხმებული ბიუჯეტის დოკუმენტის (GFS, 2013) მიხედვით, მოვლა-შენახვა მიმდინარე ხარჯების კატეგორიაში გადის. ასე რომ, მოვლა-შენახვაზე მეტი თანხების გამოყოფა თავიდან არ იქნება მარტივი,  რადგან ეს ავტომატურად შეამცირებს მთავრობის დანაზოგებს. რა უნდა ვქნათ? - 1. ყველა ინვესტიციის შემთხვევაში უნდა დაანგარიშდეს საშუალოვადიანი ხარჯები და ეს ხარჯები უნდა გახდეს ბიუჯეტის მომზადების ერთ-ერთი ქვაკუთხედი საშუალოვადიანი ეკონომიკური ჩარჩოს ფარგლებში; 2. დონორმა ორგანიზაციებმა, რომელთაც საქართველოს (და სხვა ქვეყნების) დახმარება სურთ, გულდასმით უნდა შეისწავლონ ახალი ინფრასტუქტურის მშენებლობის საჭიროება და რეგულარულად შეაფასონ, რამდენად კარგად იმართება მიმდინარე პროექტები; 3. საჯარო უწყებებმა მეტი ყურადღება უნდა დაუთმონ ინფრასტრუქტურის მართვის საკითხებს და იქნებ მეტი აქცენტი ინვესტიციების ნაცვლად მოვლა-შენახვაზე გააკეთონ, მოკლედ რომ გითხრათ, ჯერ მოვუაროთ, რომ ახლის აშენება არ დაგვჭირდეს; შემდეგ შევაკეთოთ, როცა ამის საჭიროება იქნება და ავაშენოთ მხოლოდ მაშინ, როცა ეს აუცილებელია. ამან შედეგად უნდა მოგვიტანოს უკეთესი და უფრო იაფი ინვესტიციები," - ასეთი რეკომენდაციები და დასკვნები აქვს ISET-ის კვლევით ინსტიტუტს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system