თავში

როგორ ხედავენ სამხრეთ კავკასიის ეკონომიკურ მომავალს

როგორ ხედავენ სამხრეთ კავკასიის ეკონომიკურ მომავალს
როგორ ხედავენ სამხრეთ კავკასიის ეკონომიკურ მომავალს

სამხრეთ კავკასიის ქვეყნების ეკონომიკური კავშირების გაღრმავების აუცილებლობაზე სპეციალისტების ნაწილი ბოლო დროს სულ უფრო აქტიურად საუბრობს. ისინი ხედავენ რეალურ შესაძლებლობას, რომ კავშირები რეგიონის ქვეყნებს შორის გაღრმავდეს და ეკონომიკურ საკითხებზე დიალოგის პლატფორმად თბილისი იქცეს. საუბარია სამხრეთ კავკასიის ერთიან ეკონომიკურ ზონაზეც, სადაც აზერბაიჯანი, სომხეთი და საქართველო საბაჟო გადასახადების გარეშე ვაჭრობას და დიდი ეკონომიკური სარგებლის მიღებას შეძლებენ. როგორც ეკონომისტი დემურ გიორხელიძე report.ge-თან აცხადებს, აღნიშნული ქვეყნების მთავრობებს მოუწევთ გონივრული გადაწყვეტილებების მიღება, ურთიერთთანამშრომლობა და სწორი ეკონომიკური გადაწყვეტილებების მიღება, რაც რეგიონის გეოპოლიტიკურ როლსაც გააძლიერებს.

,,სამხრეთ კავკასიაში სამი სახელმწიფოს - აზერბაიჯანის, სომხეთისა და საქართველოს პოლიტიკური და ეკონომიკური შესაძლებლობები დიდი პოტენციალით გამოირჩევა, რაც დღესდღეობით დიდწილად გამოუყენებელია. ეს არის ერთიანი გეოპოლიტიკური სივრცე, სადაც შესაძლოა მსოფლიო პოლიტიკის ყველა ძირითადი მოვლენა განვითარდეს, 30-40 წელი ამისთვის საკმარისია. ჩვენ მოქცეული ვართ ამ გლობალური პოლიტიკის ეპიცენტრში, თუ სახელმწიფოებრიობის შენარჩუნება და განვითარება გვინდა და არ ვიქნებით კონფროტაციულ რეჟიმში, ყველაფერი გამოგვივა. აზერბაიჯანთან და სომხეთთან ისტორიულად ჩამოყალიბებული ურთიერთობა გვაკავშირებს. ერთმანეთს არ ვუქმნით იდენტურობის პრობლემას. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ვერანაირი ევროპული ტოლერანტიზმი ვერ შეედრება თბილისურ ტოლერანტიზმს, რადგან გვაქვს მაგალითი, როცა უსაშველოდ პატარა ტერიტორიაზე მთავარი რელიგიური აღმსარებლობის წარმომადგენლები მშვიდობიანად თანაცხოვრობენ, ურთიერთობები დალაგებულია და არაფერი გვემუქრება, თუ არ გავამწვავებთ ამ კავშირებს ხელოვნურად, რაზეც ბევრს აქვს მცდელობა“, - ამბობს გიორხელიძე და დასძენს, რომ ამ ურთიერთობის გაღრმავებაში დიდ როლს ასრულებს ეკონომიკა, ხოლო სწორი პოლიტიკის საშუალებით შესაძლებელი ხდება სამმხრივი სარგებლის მიღება, რაც რეგიონის ქვეყნების მდგრადობას განსაზღვრავს.

,,ეკონომიკა უნდა გამოვიყენოთ, როგორც სარგებლისა და ურთიერთობის გამაძლიერებელი. სხვანაირად ვერ შევძლებთ, რომ გვქონდეს ურთიერთსარგებლობა და მომგებიაობა. ამ ფაქტორის გამორიცხვით ვერც პოლიტიკა აიგება. ამდენად, აუცილებელია სახელმწიფოთა მეთაურების , მთავრობების შეთანხმება, თავისუფალი ეკონომიკური კავშირების გაღრმავებაზე, რათა სავაჭრო ურთიერთობებში საბაჟო ბარიერების მოიხსნას. ამ დაძაბულ ფონზე, რაც მსოფლიოშია, შეიძლება ავაგოთ მშვიდობიანი პლატფორმა, დავადგეთ დიდი განვითარების გზას. აქ შეიძლება იყოს ფინანსური ნავსაყუდელი დიდი ფინანსების მოსაზიდად და მივისწრაფოდეთ შემდგომი განვითარებისკენ“, - აცხადებს report.ge-თან დემურ გიორხელიძე.

ეკონომისტი დარწმუნებულია, რომ ეს იდეა ესმით აზერბაიჯანსა და სომხეთში, თუმცა აცნობიერებენ დაბრკოლებებსაც, რასაც გლობალიზაცია ქმნის.

,,რეგიონის ქვეყნებს გვაქვს ერთი და იგივე არგუმენტი: მოგვცემენ თუ არა დიდი სახელმწიფოები თავისუფლებას. თუმცა, თუკი პირველ რიგში ეს 3 სახელმწიფო არ ჩამოვყალიბდებით, არ გვექნება ერთობა და არ ვაკეთებთ აქცენტს, რომ გვინდა მშვიდობიანი სამხრეთ კავკასია, ეკონომიკურად განვითარებული და პოლიტიკურად სტაბილური, დიალოგის რეჟიმში მყოფი, არაფერი გამოგვივა. სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს მჭიდრო ურთიერთობები. ამ მოსაზრებების ეკონომიკური მდგენელი არის ის ბაზისი, რომელზეც იგება ურთიერთსასარგებლო კავშირები. ეს არ არის მხოლოდ სარგებლის მიღება, ერთმანეთთან ურთიერთობის დალაგებაა. მაშინაც კი, როცა სულ ახლახან სომხეთმა და აზერბაიჯანმა ძალიან სერიოზული ომი გადაიტანეს, ორიოდე დღის წინ საერთაშორისო კონფერენციაზე აზერბაიჯანის და სომხეთის ცნობილი წარმომადგენლები საუბრობდნენ თანამშრომლობასა და მომავალზე, ურთიერთობის დალაგებაზე, რაც გვაიმედებს, რომ ერთობასა და ეკონომიკურ გაძლიერებას მივაღწევთ, მთავარია, მოვინდომოთ“, - აღნიშნა ეკონომისტმა report.ge-თან.

სამხრეთ კავკასიის ქვეყნების კავშირის გამყარებაზე საუბრობენ საქართველოს მთავრობაშიც. საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ამ რამდენიმე დღის წინ განაცხადა კიდეც, რომ თბილისი მზადაა, შეასრულოს მედიატორის როლი და ხელი შეუწყოს რეგიონის ქვეყნების მყარ თანამშრომლობას, რაც მომავალში აბსოლუტურად ახალ გეოპოლიტიკურ სურათს შექმნის. ალბათ, მთავარ სათქმელს ქვეყნების მეთაურები იტყვიან და უკვე სამით დაადასტურებენ, რამდენად არიან მზად, თანამშრომლობის ახალი ეტაპის დასაწყისისთვის.

ანალოგიური წინადადება შესთავაზა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრს თურქეთში პირისპირ შეხვედრისას.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system