თავში

როგორ მართავს ევროპა ნარჩენებს და რას აპირებს საქართველო

როგორ მართავს ევროპა ნარჩენებს და რას აპირებს საქართველო
როგორ მართავს ევროპა ნარჩენებს და რას აპირებს საქართველო

კომპანია „ნატახტარის“ კომერციული დირექტორის, ნიკოლოზ ხუნძაკიშვილის ინფორმაციით, ევროკავშირში ნარჩენების მართვის ძირითადად ორი სისტემა მოქმედებს: ერთი სეპარირებული, ანუ სხვადასხვა ტიპის ნარჩენის, მაგალითად, ბოთლების განცალკევებულ ურნებში მოთავსება და მეორე ესაა ე.წ. დეპოზიტური, რაც ნიშნავს, რომ შეფუთულ პროდუქტს შესაფუთი მასალის ფასი ემატება, მომხმარებელი გაძვირებულ ფასს იხდის – მაგალითად ბოთლის ფასს 20 თეთრს – და ამ ფასნამატს მას შემდეგ იბრუნებს, როცა შესაფუთ მასალას/ბოთლს ამისთვის განკუთვნილ პუნქტში ჩააბარებს. მისი აზრით, საქართველოში ევროპის მსგავსად,  ნარჩენების მართვის რეფორმა ევოლუციური მიდგომით უნდა დაინერგოს. მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულებები გარემოს დაცვის პოლიტიკის ნაწილია იმის შესახებ, თუ როგორ ვმართოთ ჩვენი პროდუქციის მოხმარებიდან წარმოქმნილი ნარჩენები. ეს ეხება ბაზარზე გამოტანილი პროდუქტის შედეგად დარჩენილი როგორც შესაფუთი ნარჩენების, ისე ავტომობილების, გამონაცვალი ზეთების ამოღებას. 

"ამ პროდუქციას შემდგომში გადავამუშავებთ თუ გავყიდით – ამ კონკრეტულ შემთხვევაში მნიშვნელობა არა აქვს. მაგალითად, „ნატახტარის“ ლიმონათს რომ დალევთ და ბოთლი დარჩება, მე, მწარმოებელი ვალდებული ვარ ამოვიღო ეს ბოთლი, ამის შესაბამისი ინფრასტრუქტურა შევქმნა. ამის თაობაზე ინფორმაცია 2014 წლის პირველი სექტემბრიდან არის ცნობილი, როცა ასოცირების ხელშეკრულება ძალაში შევიდა. ამაზე საუბარი ინდუსტრიამ პირველივე დღეს დაიწყო. ეს ევროკავშირში კარგად აპრობირებული მოდელია და ეს არის საუკეთესო გამოსავალი, თუ როგორ მოვახდინოთ გარემოდან ნარჩენების ამოღება“, – განმარტა ხუნძაკიშვილმა.

მისი ინფორმაციით, აღნიშნული რეფორმის ფარგლებში პირველი ვალდებულება კოლექტიური ორგანიზაციის შექმნაა, რომელიც ძალაში 2019 წლის პირველ დეკემბერს უნდა შესულიყო და 2020 წლის პირველ სექტემბრამდე გადავადდა. მისივე თქმით, მთავარია, სახელმწიფომ უშუალოდ ნარჩენების ამოღების სისტემის მოდელი ჩამოაყალიბოს და ბიზნესს შესთავაზოს. ხუნძაკიშვილის მოსაზრებით, დეპოზიტური სისტემა ნარჩენების ამოღების ერთ-ერთი საუკეთესო მოდელია, თუმცა ძალიან ძვირადღირებული სიამოვნებაა და ამაზე ევროკავშირის ქვეყნებმაც კი 20-25 წლიანი პრაქტიკის შემდეგ დაიწყეს გადასვლა. აღსანიშნავია, რომ ამ მოდელის ათვისება დღემდე ყველა ევროპულმა სახელმწიფომაც ვერ მოახერხა. ამიტომ საქართველო უმჯობესია, ევოლუციის გზით წავიდეს და ჯერ კლასიკური სეპარირებული მეთოდი მიიღოს, შემდეგ კი დეპოზიტურ მოდელზე გადავიდეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system