თავში

როგორ პასუხობს ბიუჯეტი აგრარული სფეროს გამოწვევებს

როგორ პასუხობს ბიუჯეტი აგრარული სფეროს გამოწვევებს
როგორ პასუხობს ბიუჯეტი აგრარული სფეროს გამოწვევებს

ადგილობრივი პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესება; ფერმერებისა და სასოფლო-სამეურნეო საწარმოებისთვის ფინანსურ რესურსებზე წვდომის გაუმჯობესება და კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა - სამი ძირითადი პრიორიტეტია, რასაც 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი განსაზღვრავს. როგორც აგრარული სფეროს ექსპერტი, პროფესორი პაატა აროშიძე report.ge-თან ამბობს, ხარისხთან დაკავშირებით, მნიშვნელოვანია, მოხდეს ევროკავშირში მოქმედ სტანდარტთან თანხევდრა, რის მიღწევა ჯერჯერობით სასურველ დონეზე ვერ ხერხდება.

,,არასაკმარისი ტემპით მივდივართ, დიდი ფული იხარჯება, მაგრამ სასურველი შედეგი ჯერაც არ გვაქვს. პირველ რიგში, ის დარგები უნდა განვავითაროთ, რომელიც სასურსათო უსაფრთხოების მომტანია. მრეწველობა სწორედ აგრარული მიმართულებით განიხილება ჩვენთან, გადამამუშავებელი და სასურსათო დარგით. თუმცა თუ ამ სექტორს განვავითარებთ, შესაძლებელი გახდება ადგილზე გადამუშავება და წარმოება, ნედლეულის გატანის ნაცვლად. ამ მიმართულებით მოცულობითი სამუშაოების გატარება მოგვიწევს. დიდია საერთაშორისო ორგანიზაციების წვლილი, რომ სოფლის მეურნეობა სეგმენტურად განვითარდეს. სხვადასხვა პროგრამის დახმარებით მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა. ბევრი სამუშაოა მომავალში გასაწევი, რათა მარაგებთან დაკავშირებული პრობლემა დავძლიოთ. ამ მხრივ ჩვენ ბევრ ქვეყანას, მაგალითად თურქეთს, 100-ჯერ ჩამოვრჩებით. ჩემი აზრით, ფინანსური რესურსის დიდი ნაწილი სწორედ სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფას უნდა მოხმარდეს. რაც მთავარია, ფერმერებს ჰქონდეთ იაფ ფულზე წვდომა, რის გარეშეც შედეგი რეალურად არ გვექნება", - აღნიშნავს პაატა აროშიძე.

პრიორიტეტებს შორისა კლიმატგონივრული მეთოდების დანერგვა. როგორც სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ასოციაციის ხელმძღვანელი კობა კობალაძე ამბობს. პრობლემა საკმაოდ მასშტაბურია და აქტიურ ღონისძიებებს მოითხოვს.

,,კლიმატის ცვლილების გამო საქართველოში რეალურად მძიმე მდგომარეობა გვაქვს. მყინვარები, რომელიც კვებავს მთელ ჩვენს სისტემას, უკვე დნება და მდინარეები ზემოთ იწევენ. ადამიანებს განსხვავებულ გარემოში ანუ უფრო თბილ კლიმატში უწევთ ცხოვრება. გაცოცხლდნენ მილიონი წლობით გაყინული მიკრობები, გარდა ამისა, გლობალური დათბობა რეალურად იწვევს სეტყვის სიძლიერეს და ინტენსივობას, რადგან აორთქლება მეტია. ბევრი ნეგატიური პროცესი მიმდინარეობს ბუნებაში და ამ დროს კლიმატგონივრული ღონისძიებების შემუშავებას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს. მიმაჩნია, რომ პირველ რიგში, აქცენტი წვეთოვან მორწყვაზე უნდა გაკეთდეს, რათა შემცირდეს უარყოფითი გავლენა გაუდაბნოებასთან დაკავშირებითაც, ეს ღონისძიებები აქტიურად უნდა გაგრძელდეს, რომ კლიმატური ცვლილების მავნე გავლენა, რაც შეიძლება, შემცირდეს", - ამბობს კობა კობალაძე report.ge-თან.

შეგახსენებთ, რომ ISET კვლევითი ინსტიტუტი აგროპოლიტიკასა და სოფლის მეურნეობისთვის გამოყოფილ ბიუჯეტს მიმოიხილავს. მათი განმარტებით, 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი განსაზღვრავს სოფლის მეურნეობის განვითარების პრიორიტეტებსაც. ესენია: ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობა და ადგილობრივად წარმოებული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესება; ფერმერებისა და სასოფლო-სამეურნეო საწარმოებისთვის ფინანსურ რესურსებზე წვდომის გაუმჯობესება; კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა.

შეგახსენებთ, 2020 წლის 29 დეკემბერს საქართველოს პარლამენტმა 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა. ბიუჯეტით დამტკიცებული 18.3 მლრდ. ლარიდან საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო 451.6 მლნ ლარს (მთლიანი ბიუჯეტის 2.5%-ს) მიიღებს. სამინისტრო მისთვის გამოყოფილი თანხიდან 10 მლნ ლარს (სამინისტროს მთლიანი ბიუჯეტის 2.2%-ს) გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამაზე, 389.6 მლნ ლარს (სამინისტროს მთლიანი ბიუჯეტის 86.3%-ს) სოფლის მეურნეობის განვითარებაზე, დაახლოებით 51.9 მლნ ლარს (11%) კი გარემოს დაცვაზე დახარჯავს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system