თავში

როგორ შეცვალა პანდემიამ ინფლაციის ტრაექტორია საქართველოში

როგორ შეცვალა პანდემიამ ინფლაციის ტრაექტორია საქართველოში
როგორ შეცვალა პანდემიამ ინფლაციის ტრაექტორია საქართველოში

2020 წლის დასაწყისიდან ინფლაციამ, როგორც მოსალოდნელი იყო, კლება დაიწყო. თუმცა შემდგომ, კორონავირუსის მსოფლიო პანდემიისგან გამოწვეულმა შოკმა საქართველოში ინფლაციის ტრაექტორია შეცვალა. 

ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ) მონეტარული პოლიტიკის ანგარიშშია განმარტებული.

ცენტრალიური ბანკი ინფლაციის ტრაექტორიის ცვლილებას მეტწილად ლარის ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის გაუფასურებას და პანდემიის გამო გაზრდილი ხარჯების საბოლოო ფასში ასახვას უკავშირებს, თუმცა სებ-ის განმარტებით, მეორე მხრივ, ინფლაციაზე შემცირების მიმართულებით მოქმედებს შენელებული ერთობლივი მოთხოვნა და მსოფლიო ბაზარზე გაიაფებული ნავთობის შედეგად შემცირებული საწვავის ფასები. 

ამ ფაქტორების გამო, ინფლაციის შემცირება უფრო ნელი ტემპით მიმდინარეობს, ვიდრე პანდემიამდე იყო მოსალოდნელი. 

"სექტემბერში ინფლაციამ 3.8%-მდე დაიკლო. ხოლო საბაზო ინფლაცია, რომელიც სამომხმარებლო კალათიდან მაღალი მერყეობით გამორჩეულ სურსათის, ენერგომატარებლების და თამბაქოს ფასებს გამორიცხავს, ივნისიდან მთლიან ინფლაციას აჭარბებს, თუმცა მასაც კლების ტენდენცია აქვს და ის სექტემბერში 4.7%-მდე შემცირდა. საბაზო ინფლაციის მაღალი მაჩვენებელი მთლიან ინფლაციასთან შედარებით ლარის ნომინალური ეფექტური გაცვლის კურსის გაუფასურებით და პანდემიის გამო ფირმების საოპერაციო ხარჯების ზრდით გამოწვეულ პროდუქტების გაძვირებას უკავშირდება. გაზაფხულზე, პანდემიის დაწყებისას, მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასები მნიშვნელოვნად შემცირდა. პანდემიის პირველი ტალღის გადავლის პარალელურად, ნავთობის ფასებმა აღდგენა დაიწყო, თუმცა წლიურად ნავთობი მაინც მნიშვნელოვნად გაიაფებულია. საქართველოში საწვავი აპრილიდან წლიური ინფლაციის შემცირების მიმართულებით მოქმედებს. მართალია, სექტემბერში, აგვისტოსთან შედარებით, საწვავი გაძვირდა, წლიურ გამოხატულებაში ბენზინის, დიზელის და გაზის საწვავის გაიაფების გავლენამ მთლიანი ინფლაციის შემცირებაში ჯამში 0.9 პროცენტული პუნქტის ტოლი წვლილი შეიტანა," - განმარტავს სებ-ი.

მათივე ცნობით, მთლიანი ინფლაციის შემცირების პარალელურად, მაისიდან, ასევე, გამოიკვეთა სურსათის ინფლაციის კლების ტენდენციაც და ეს მაჩვენებელი სექტემბერში 6.1%-მდე შემცირდა. 

სურსათის ფასები სეზონურობის, მოსავლიანობისა და სხვა ფაქტორების ზეგავლენით, მაღალი მერყეობით ხასიათდება, რაც, მთლიან სამომხმარებლო კალათაში სურსათის დიდი წონის (28%) გამო, მნიშვნელოვნად მოქმედებს ინფლაციის მაჩვენებელზე. 

"ამგვარად, სექტემბერში 3.8%-იანი ინფლაციიდან სურსათზე 1.7 პპ მოდიოდა (დიაგრამა 1.6.2). სექტემბერში იმპორტირებული, ადგილობრივი, და შერეული საქონლის ინფლაციამ, შესაბამისად, 2.3%, 4.5% და 3.7% შეადგინა. იმპორტირებული საქონლის შედარებით დაბალი ინფლაცია, საწვავზე ფასების შემცირებით აიხსნება. საწვავის გამორიცხვით იმპორტირებული საქონლის ინფლაცია 7.5%-ს შეადგენდა," - აღნიშნულია მონეტარული პოლიტიკის ოქტომბრის ანგარიშში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system